top of page
ცოტნე ავსაჯანიშვილი

Sound of Silence


სიჩუმე საერთოდ არ ნიშნავს უხმობას. სიჩუმეს უამრავი და ძალიან საინტერესო ხმა აქვს. სიჩუმის ხმები, თავისთავადი ხმებია, რომელიც გასულია ადამიანის მართვის სადავეებიდან. ადამიანს შეუძლია, რომ სახელი იმ რეალობას დაარქვას, რომელსაც თავად აკონტროლებს. თუ მე, ან თქვენ, ანდაც ჩვენი ნაცნობი, ჯოხს დავარტყამთ მეტალის ქვაბებს, ძალიან მაღალ ხმაზე მოვუსმენთ პროგრამა „მოამბეს“, ანდაც ვიმღერებთ „მარსელიოზას“, შეგვეძლება იმის თქმა, რომ ხმაურში ვართ. ჩვენს გარშემო სულაც არ არის სიჩუმე. მაგრამ თუ მამლები ყივიან... სიჩუმე მაშინაა ყველაზე სასიამოვნო, როდესაც მამლები ყივიან.
1952 წელს, ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯონ კეიჯმა დაწერა კომპოზიცია „4’33“. შემდეგ სცენაზეც გავიდა, პიანინოს თავი ახადა და მის წინ დაჯდა. აზრადაც არ მოსვლია, რომ კლავიშებს შეხებოდა. ყველა თვლიდა და მართლებიც იყვნენ, რომ დარბაზში სიჩუმე იყო. იმ დარბაზში ერთადერთ რამეს ჰქონდა ლეგიტიმაცია, რომ ხმაურის კვალიფიკაცია მიეღო. კეიჯის პიანინოს ხმას. თუმცა კეიჯის პიანინო დუმდა. დარბაზში სიჩუმე იყო, თუმცა აქა-იქ ისმოდა ჩურჩული. გადაძახილები. სიცილი. კეიჯისგან დამოუკიდებელი თავისთავადი ხმები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ მისი კომპოზიციის ფაბულას. შემდგომში კეიჯი კიდევ ბევრჯერ გამოვიდა სცენაზე ამ კომპოზიციით. თუმცა, აქტორების ფუნქციას ყოველთვის მოჩურჩულეები არ ასრულებდნენ. ზოგჯერ მათ როლს ძაღლები, მანქანის სიგნალები, ანდაც ფრინველები იკავებდნენ...
ბალთაზარი

რობერ ბრესონის ფილმში - “Au Hazard Balthazar” (1966) სოფლის სიჩუმეს ვაწყდებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმში ემოციების, მძაფრი შეგრძნებების და მელანქოლიური ფონის შემოქმედია არა იმდენად სიუჟეტი, რამდენადაც სწორედ სოფლის სიჩუმის ხმები.
რომანტიკული და სევდიანი ისტორიების სიმძაფრის ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლოკაცია. ლოკაცია კი, პეიზაჟებზე მეტად, ხმებია.
შევეშვათ ისტორიებს. უბრალოდ მძაფრ ემოციებზე ვისაუბროთ. ჩემი აზრით ყავის სმაც კი შეიძლება ემოციური გახდეს თუ მაკდონალდსის ნაცვლად (სადაც უამრავი უშინაარსო და არაესთეტიკური ხმაა) თელავის რაიონის რომელიმე სოფელში დავლევთ, რომელიმე აივანზე, საიდანაც ახლა ძალიან კარგად ჩანს კავკასიონი და ისმის მხოლოდ ყინვაგამძლე ჩიტების ხმა.
ბრესონის ფილმში ხშირად ისმის წყლის, ფრინველების, ძაღლის ყეფის, შორეულ მაგისტრალზე ეულად მიმავალი მანქანის, ანდაც ბალთაზარის ეტლის მონოტონური ხმა. ეს ხმები ქმნის განდეგილობის, გარიყულობის, მოწყვეტილობის შეგრძნებას. როდესაც სოფელს ტოვებ, ის მისტიკურ ადგილად იქცევა. ფიქრობ - იქ, სადღაც, ორი მთის იქით, ცხოვრობდა გოგონა, სახელად მარი. სწორედ ისეთი, როგორებსაც იტაცებდნენ უფლისწულები ოქროს სასახლეებში... შემდეგ ბრუნდები სოფელში. შენთვის ყველაფერი შეცვლილია. მარი გაიზარდა. სინამდვილეში არაფერი იცვლება ჩაკეტილ წრეში, თუმცა ვინც დიდი ხნით მიდის, ის წრის ნაწილი აღარ არის და ჰგონია, რომ რაიმე შეიცვალა. და სწორედ სოფლის სიჩუმის ხმები ხდება ერთადერთი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.
მარადიული მხოლოდ სიჩუმის ხმებია. მუსიკაც კი, დეკადიდან დეკადამდე იცვლება. საღამოობით კი, სოფელში, როდესაც ყველაფერი ნაცრისფერია და ადამიანს ყველა და ყველაფერი ენატრება, ყოველთვის ერთ ხმაზე ჰყეფს ძაღლი. არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს. ლაპარაკია სრულიად სხვადასხვა ადგილებზე, ეპოქებზე და ძაღლებზე, მაგრამ ხმა არასდროს იცვლება. უფრო სწორედ სიჩუმე. სიჩუმე არ იცვლება არასდროს.
თუმცა, რობერ ბრესონმა ალბათ ისიც გათვალა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს პროვინციების სულში დაბუდებულ ხმოვან სენტიმენტებზე და პერიოდულად თავისთავად სიჩუმეს, კლასიკური მუსიკაც ემატება, რაც ფილმში კიდევ უფრო ამძაფრებს მელანქოლიურ აურას.
საერთოდაც, ადამიანების და ცხოველების ურთიერთობა ყველაზე მელანქოლიური რამაა. თუ არ გჯერათ, ჩემს დაკარგულ კატას, ბასასოს ჰკითხეთ. თუ ოდესმე სადმე გადაგეყრებათ...

Comments


bottom of page