top of page
  • ნუცა შიოშვილი

No Other Land




‘‘there is no other land, that’s why we suffer for it‘‘

არც ერთ ფილმს არ გამოუწვევია წლევანდელ ბერლინალეზე  ისეთი ხმაური, როგორც ისრაელ-პალესტინური კოლექტივის ამ დოკუმენტურ ნამუშევარს. ფილმი ნაჩვენები იყო პროგრამაში ‘‘პანორამა‘‘.
ბაზელ ადრა (Basel Adra) პალესტინელი აქტივისტია, რომელიც დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე სოფელ მასაფერ იატაში (Masafer Yatta) ცხოვრობს. ის მრავალი წელია ებრძვის ისრაელის საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან აძევებს, სოფელი კი ნელ-ნელა ნადგურდება.
იუვალ აბრაჰამი (Yuval Abraham) გამომძიებელი ჟურნალისტია ისრაელიდან, რომლის ბებიაც საკონცენტრაციო ბანაკში დაიბადა, ხოლო მამის ოჯახის უმეტესი ნაწილი ჰოლოკოსტს ემსხვერპლა. აბრაჰამი მასაფერ იატაში ისრაელის ექსპანსიური პოლიტიკის აღსაბეჭდად და სამხილებლად ჩადის.
სწორედ მასაფერ იატაში გაიცნობენ ერთმანეთს ის და ბაზელი. ბაზელი პალესტინაში სამხედრო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, იუვალი კი ისრაელში, სადაც მას, ბაზელისგან განსხვავებით, ხმის მიცემის უფლება აქვს და არც თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.


ისინი მალევე ხდებიან თანამოაზრეები და ერთად იწყებენ ფილმზე მუშაობას.
ფილმს ოთხი რეჟისორი ჰყავს. ბაზელის და იუვალის გარდა, მასზე მუშაობდნენ: ჰამდან ბალალი - პალესტინელი ფოტოგრაფი და ფერმერი და რეიჩელ სზორი - ისრაელელი ოპერატორი.
ფილმი მთლიანად სოფელ მასაფერ იატას ოკუპაციას ეხება. 2019 წელს ისრაელის სასამართლომ სოფლის დანგრევის ბრძანება გამოსცა და მას სპეციალური, სამხედრო-საწვრთნელი ზონის სტატუსი მიანიჭა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ფილმის გადაღებაც და გრძელდება 2023 წლის ოქტომბრამდე. მაყურებელი ფილმში ამ ხუთი წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებსა და სიტუაციის თანდათანობით დამძიმებას აკვირდება.


ამბავს თავად ბაზელ ადრა გვიყვება, რომელიც ამ სოფელში დაიბადა. ბაზელი აქტივისტია, ისევე, როგორც მისი მშობლები ახალგაზრდობაში. განათლებით იურისტია, თუმცა პალესტინაში ამ პროფესიით დასაქმება შეუძლებელია. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც ახალგაზრდებს აქვთ, ისრაელში გადასვლა და იქ მშენებლობაზე მუშაობაა. ბაზელმა სოფელში დარჩენა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების აღბეჭდვა არჩია. ხან ტელეფონით იღებს, ხან კი კამერით. შემდეგ ცდილობს, გადაღებული მასალა სოციალური ქსელებით გაავრცელოს.
“გადაღება მას შემდეგ დავიწყე, რაც სოფელმა ნელ-ნელა დაიწყო გაუჩინარება’’, ამბობს ფილმში ბაზელი.
No other land არ არის უბრალოდ დოკუმენტური სიზუსტით აღბეჭდილი ფაქტების ერთობლიობა. შინაარსის და პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეს ფილმი გამორჩეულია თავისი ფორმითაც. აქ კამერა ადამიანივითაა. თითქოს, ცოცხალი სხეულია, რომელიც ოპერატორთან ერთად გარბის, იმალება, ძირს ეცემა. შედეგად, მაყურებელი არაერთხელ ხედავს ფილმის მსვლელობისას ცის და მიწის კადრებს.
ფილმში ისე ცოცხლად ხდება ყველაფერი, თითქოს პირდაპირი ეთერით ადევნებ თვალს ადამიანთა დარბევას, მკვლელობას და მათ სასტიკ ცემას. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შედეგად ბაზელ ადრას მეზობელი მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო ლოგინად ჩავარდა და სიარულისა თუ მეტყველების უნარი მთლიანად წაერთვა. ფაქტობრივად, მაყურებლის თვალწინ კვდება ადრას ბიძაშვილი. მას ისრაელის სამხედროები ფიზიკურად უსწორდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლის ოკუპაციასა და ადგილობრივთა სახლების ძალადობრივ ნგრევას აპროტესტებდა.


ფილმში ვხედავთ, რომ მასაფერ იატას მახლობლად, პალესტინის ტერიტორიაზე, ისრაელის ახალი დასახლებები შენდება, რომელთა მაცხოვრებლებიც მუდმივად გადმოდიან სოფლის ტერიტორიაზე ავტომატებითა და ქვებით  შეიარაღებული და სამხედროებთან ერთად თავს ესხმიან პალესტინელ ადგილობრივ მოსახლეობას.
სოფლში ხშირად მართავენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რასაც ისრაელის მხრიდან სასტიკი პასუხები მოსდევს. ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, თუ როგორ მისდევენ ჯარისკაცები ბაზელ ადრას მორიგი ასეთი მანიფესტაციის დროს. ბაზელი გარბის, მაგრამ კამერას ხელს არ უშვებს. კამერა ბალახებში ვარდება. მაყურებლამდე მხოლოდ წიხლების რტყმის შემზარავი ხმები აღწევს. ისმის ადრას მამის ხმაც, რომელიც იუვალს ბაზელის შველას სთხოვს. როგორ უნდა უშველოს ჯარისკაცებით გარშემორტყმულ ბაზელს იუვალმა? იუვალი ატრიალებს კამერას ჯარისკაცებისკენ ყვირილით, რომ ყველაფერს იღებს. ისრაელის სამხედროები იბნევიან და ძირს დაგდებულის ცემას წყვეტენ. ბაზელი დროს იხელთებს, ბალახებში დაგდებულ კამერას იღებს და გარბის.
კამერა პალესტინელებისთვის ერთგვარი გადარჩენის საშუალებაა. ის იცავს მათ და ხშირად ფარის ფუნქციასაც ასრულებს. ფილმში ვხედავთ, რომ ისრაელის ჯარისკაცებს არაფრის ეშინიათ ისე, როგორც კამერის.


ამ ფილმმა კიდევ ერთი პალესტინური ფილმი, “5 გატეხილი კამერა’’ (5 broken cameras), გამახსენა. კამერას აქაც აქვს ერთგვარი ფარის ფუნქცია. ფილმის რეჟისორი და მთავარი მოქმედი გმირი, ემად ბურნატიც არაერთხელ გადაარჩინა კამერამ. პრესის აკრედიტაციის გამო, თანასოფლელებისგან განსხვავებით, ჯარისკაცები მასზე პირდაპირ შეტევას არ იწყებენ, რადგან ჟურნალისტი ჰგონიათ. არ იციან, რომ სინამდვილეში ფილმს იღებს. საბოლოოდ, ემად ბურნატი მაინც ხდება ისრაელის არმიის სასტიკი ძალადობის მსხვერპლი (თუკი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ეს ფილმი იუთუბზეც ნახოთ).


No other land ამ თემაზე გადაღებული სხვა დოკუმენტური ფილმებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ აქ, მაყურებელი ერთსა და იმავე კადრს სხვადასხვა რაკურსით ხედავს, რადგან ოთხივე რეჟისორი ხშირად პარალელურ რეჟიმში იღებს. ისინი ამ გზით თითქოს ერთმანეთს აზღვევენ. შეუძლებელია, რეჟისორებს შორის ეს უხილავი კომუნიკაცია და ურთიერთგაგება, მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩეს.  
ფილმის ყურებისას ხშირად გიჩნდება განცდა, რომ არა დოკუმენტურ, არამედ კარგად დადგმულ მხატვრულ ფილმს უყურებ. ამ განცდას არა მხოლოდ რეჟისორების პროფესიონალიზმი, არამედ თავად პალესტინაში არსებული წარმოუდგენელი რეალობა გიტოვებს. როცა მაზაფერ იატაში ისრაელის არმიის მიერ სახლიდან იძულებით გამოსახლებული ოჯახის გამოქვაბულში საცხოვრებლად გადასვლის კადრებს უყურებ, გიჭირს დაიჯერო, რომ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ეპოქაში, ეს არა ფილმისთვის შექმნილი რეალობის უტრირება, არამედ ადამიანების ყოველდღიურობაა.
კონტრასტულია გამოქვაბულის სცენები. მისაღებ ოთახში, რომელიც ასევე საძინებელიცაა, ადამიანები სხედან დივანზე და ფეისბუქს სქროლავენ. მხოლოდ იქვე, კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორი და ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონები მიგვანიშნებენ იმაზე, რომ მოქმედება უახლეს დროში უნდა ხდებოდეს.
აქ მანქანებიც ფერებადაა დაყოფილი. ყვითელი ფერის სანომრე ნიშანი ისრაელელებს ეკუთვნით, მწვანე კი - პალესტინელებს. ‘‘მწვანე მანქანას’’ არ აქვს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის უფლება.
დღესდღეობით ბევრი სტატიისა თუ ფოტო-ვიდეომასალის ნახვა შეიძლება, რომელიც კარგად ასახავს ისრაელის ჩადენილ დანაშაულებს პალესტინელი ხალხის მიმართ, თუმცა მშრალად ინფორმაციის გადმოცემის გარდა, კინოს განსხვავებული პერსპექტივითა და სიღრმით შეუძლია აღბეჭდოს ადამიანების ყოფა-ცხოვრება, მათი ყოველდღიურობა: რა აცვიათ, რას ჭამენ, რაზე იცინიან. ფილმში  გაკვირვებასთან ერთად, აღფრთოვანებას იწვევს მასაფერ იატაში მცხოვრებთა სილაღე და იუმორი - თუ როგორ შეუძლიათ ვახშმის დროს, სიცილის ფონზე ივარაუდონ, რომ მეორე დღეს, ალბათ, მათაც გამოასახლებენ, ან საკუთარ თავებში იპოვონ იმის ძალა, რომ ციხეში რამდენიმედღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ოჯახის წევრს სახლი ბუშტებით მორთული დაახვედრონ, ტორტი გამოუცხონ და სიმღერით შეხვდნენ.


საინტერესოა ფილმის სტრუქტურაც. რეალურ დროში გადაღებულ კადრებს პერიოდულად ბაზელის ბავშვობისა და 90-იანი წლების ვიდეოები ანაცვლებს იმის შესახებ, როგორ ჩადის სოფელში მოსახლეობასთან შესახვედრად ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი. ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, უქმდება ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილება სოფლისა და იქ არსებული ერთადერთი სკოლის დანგრევასთან დაკავშირებით, რომელსაც ფილმის ბოლოს, უკვე 2023 წელს ისრაელი მაინც ანადგურებს ბულდოზერის გამოყენებით.
ადრა ფილმში აბრაჰამს უყვება ტონი ბლერის ვიზიტის ისტორიას და იქვე დასძენს: ‘‘ესაა ამბავი ძალაუფლების შესაძლებლობაზე“.
პრემიერამ ბერლინალეზე რამდენიმეწუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა, თუმცა სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმისა და მაყურებლის რჩეულის ჯილდო მოიგო. ბერლინის ოქროს დათვის მფლობელმა მატი დიოპიმ თავის სამადლობელ სიტყვაში სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელებს, ასევე ფესტივალის არაერთმა მონაწილემ სცენიდან გააჟღერა მოწოდება ცეცხლის  შეწყვეტის თაობაზე.
იმავე საღამოს ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია) სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით ფესტივალი დაადანაშაულა ანტისემიტიზმსა და ორმაგ სტანდარტებში.
დაჯილდოების ცერემონიალზე ფილმის რეჟისორების ბაზელ ადრასა და იუვალ აბრაჰამის მიმართვა, რომლითაც ისინი გმობენ ისრაელის ოკუპაციას დასავლეთ სანაპიროზე, ფესტივალის ინსტაგრამ და იუთუბ გვერდებიდან მალევე წაიშალა.


იუვალ აბრაჰამი ბერლინალეზე ისრაელის კრიტიკის გამო სიკვდილის მუქარებს იღებს, რის გამოც მას ისრაელში უკან გასამგზავრებელი ბილეთის გაუქმება მოუწია.
წარსული ტრავმები, ანტისემიტიზმის შიში და ებრაელი ხალხის მიმართ აღებული ისტორიული პასუხისმგებლობაა ის, რის გამოც გერმანია ისრაელს ბრმად უჭერს მხარს და თვალს ხუჭავს ათიათასობით პალესტინელის სიკვდილზე. გერმანიაში საჯარო სივრცეებში ისრაელის კრიტიკა ავტომატურად ანტისემიტიზმად აღიქმება  და ცენზურაც ნამდვილად არსებობს, რაც ოქტომბრის შემდეგ არაერთ ხელოვანს შეეხო.
ფილმის შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხზე იუვალ აბრაჰამმა აღნიშნა,  რომ გერმანიაში ზოგჯერშეიძლება რთულად გასაგები იყოს, რატომაა სადმე შიდა მიგრაცია ასეთი დიდი პრობლემა. მაგალითად, თუ კი  მიუნხენში დაიბადე, მაგრამ შემდეგ ბერლინში გადახვალ საცხოვრებლად, ეს ჩვეულებრივი ამბავია. პალესტინელების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს არაა მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვთ, რადგან ისრაელის ხელისუფლების ბრძანებით მოსახლეობას ძალის გამოყენებით უვარდებიან სახლებში და აიძულებენ სოფლის დატოვებას. სად უნდა წავიდნენ მასაფერ იატას მაცხოვრებლები? მათ სხვა ადგილი არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი თავიანთი მიწისთვის სიცოცხლის ფასად. როგორც ისინი ამბობენ, თუ არ იბრძოლებენ, ისე განადგურდებიან, რომ მათ შესახებ არც არავის ეცოდინება.

‘‘ვიღაცები ნახავენ ამას, ეს მათზე იმოქმედებს და შემდეგ რა?‘‘, - ეუბნება ბაზელი აბრაჰამს ფილმის ეპილოგში.
მას შემდეგ მეც ხშირად მიტრიალებს თავში ეს ფრაზა - და შემდეგ რა? and then? მერე მახსენდება ბაზელის მონათხრობი ტონი ბლერის ვიზიტსა და ძალაუფლების შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსის ერთმა გადაწყვეტილებამ  მყისიერად შეაჩეროს ის, რასაც პალესტინელები უკვე ათწლეულებია ეწირებიან.
 
  

Comments


bottom of page