top of page
ეს არის კინო

5 ფილმი - თორნიკე გოგრიჭიანი

Updated: May 2, 2023

ზოგადად, Როდესაც ფილმის რჩევაზე მიდგება ხოლმე საქმე, ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან მგონია ყველა თავის ყნოსვით აგნებს მისთვის მოსაწონ ფილმს, მუსიკას თუ ა.შ.. “შედევრებით” კიდე მეეჭვება უმეტესობა კინოსთან ურთიერთობას იწყებდეს. მოკლედ მთავარია ამ სივრცეში აღმოჩნდე და მიყვე.

რადგან რჩევას ვერ ვირიდებ თავიდან, მაშინ ისეთ ფილმებზე მოვყვები, რომლებსაც ხშირად ვნახულობ ხოლმე. საყვარელი კინოს აღმნიშვნელიც ეგაა ჩემთვის, თუ კიდევ ვუბრუნდები და ყურება მინდება.

Paterson - Jim Jarmusch


Პატერსონი ისეთ რამეზეა, რაზეც ფილმებს თითქმის არ იღებენ ხოლმე. Შეიძლება ეჩვენებათ, რომ არაა საინტერესო კინემატოგრაფიულად, ან რატომღაც ასეთი ბანალური ამბების მოყოლა არ ღირს, მაგრამ მე პატერსონმა ბევრი სხვა რამ აღმომაჩენინა, გარდა ფილმისა. სხვა სფერო შეიძლება ითქვას. Მიმიყვანა იმ ნიუ იორკელ და ამერიკელ პოეტებთან, რომლებიც საერთოდ არ ვიცოდი მანამდე. მაგრამ მთავარი მაინც შეგრძნებაა, რომ ადამიანს შეგიძლია სინათლე იპოვო ყველაფერში. ვიღაცისთვის ერთფეროვნება და ჯოჯოხეთი, შენთვის პირიქით ენერგიის და ინსპირაციის მომცემი იყოს.

Husbands - John Cassavetes


ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია კასავეტესის “ქმრები”. Მგონია, რომ სხვა ფილმი არ მაქვს ნანახი, სადაც კაცი ასე გულწრფელად ლაპარაკობდეს საკუთარ კრიზისზე. პირდაპირ უყურებდეს თვალებში ამ შიშს. როდესაც ამ ფილმს უყურებ, დაოჯახებული ხარ თუ არა, პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა. Ხშირად “ქმრები” ზედმეტად კაცურ ფილმად ეჩვენებათ, მაგრამ მგონია რომ ამ ფილმის ღირსებაც ეგაა რომ იმ ზონაში შეიხედო სადაც ხშირად, ან საერთოდ არ ვხვდებით ხოლმე.

Where Is the Friend's House? - Abbas Kiarostami


Ხშირ შემთხვევაში როდესაც უყურებ ფილმს ბავშვზე, თუ დააკვირდები გრძნობ, რომ დიდმა გადაიღო ფილმი ბავშვის შესახებ. ამ შემთხვევაში კი ეს ასე არ ხდება. Მთელი შეგრძნებით გგონია, რომ ბავშვს მოაყოლეს ეს ამბავი. ის რაც მოზრდილი ადამინისთვის შეიძლება პრობლემას აღარ წარმოადგენდეს, ბავშვისთვის სამყაროს დასასრულია. თუნდაც ის, რომ მეგობრის რვეული გამოყვა სახლში. ეს ფილმი გაბრუნებს იმ შეგრძნებასთან, რომელიც დაკარგული გაქვს ან დაგავიწყდა საერთოდ. ინგლისურად ამბობენ ხოლმე - Keep your childish self alive, რაც მნიშვნელოვანი მგონია.

იყო შაშვი მგალობელი - ოთარ იოსელიანი


ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული ფილმია “იყო შაშვი მგალობელი”, ხშირად ვნახულობ ხოლმე. ორი მიზეზის გამო. პირველი ისაა, რომ მინდა ჩემი მოგონილი იყოს მთავარი პერსონაჟის გაცნობა, ისე სხარტად და დასამახსოვრებლად როგორც ამ ფილმშია და მეორე არის ის რასაც შედარებით გვიან მივხვდი. ოთარ იოსელიანს ძალიან კარგად ესმის მუსიკა და ფილმსაც შედეგად აბსოლუტურად მუსიკალური, უფრო ზუსტად კი ფუგის მსგავსი სტრუქტურა აქვს. აღმოჩენა იყო ეს ჩემთვის, რომ თურმე როგორც მუსიკაში თამაშდება რაღაც თემა, ასეთივე სტრუქტურით შეიძლება ააწყო კინოც. გარდა ამისა, ამ ფილმში არის ისეთი საქართველო, რომელიც ალბათ აღარ იარსებებს.

Once Upon a Time... in Hollywood - Quentin Tarantino.


გულწრფელად მგონია, რომ იმ სულს, რაც ამ ფილმს (და ზოგადად ამ რეჟისორს) გააჩნია ბევრი საუბარიც არ უხდება.



Comentarios


bottom of page