top of page
  • ეს არის კინო

10 საახალწლო ფილმი


ახალი წლის პერიოდი სწორედ ის დროა, როდესაც მხარ-თეძოზე წამოკოტრიალება და ფილმების ყურება ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული და მოსალოდნელი ქცევაა. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, თუ დასვენების დღეების ბედნიერად გასატარებლად, საახალწლო ფილმები გამოცდილი და სანდო საშუალებაა, ამიტომ ეს არის კინოს ორკაციანი გუნდი გირჩევთ 10 საუკეთესო საახალწლო ფილმს, რომლითაც შეგიძლიათ შეხვდეთ 2024 წელს. 
ანი
მიუხედავად იმისა, რომ სიაში სულ რაღაც 10 ფილმია და მე და ლიზასაც ხშირად საკმაოდ განსხვავებული გემოვნება გვაქვს, არაერთ ფილმზე წავკინკლავდით, რომლის ხუთეულში დაიკავებდა ადგილს, თუმცა არ იდარდოთ, არცერთი ღირსეული ფილმი არ დარჩენილა ჩამონათვალს გარეთ და აუცილებლად შეხვდებით ამ სტატიაში. 
ჩემი სელექცია ერთ რაიმე კონკრეტულ შეგრძნებასა თუ განცდას არ ემყარება. ახალი წელი და ზოგადად დღესასწაულები საკმაოდ ბევრ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ემოციას აღვიძებს და ხშირად სრულიად განსხვავებულ ამბებთანაც არის დაკავშირებული, თუმცა დღის ბოლოს, ყველას გვსურს მოვისმინოთ ისტორია, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ტიტრების გამოჩენამდე ყველაფერი ბედნიერად სრულდება. 
It’s a wonderful life - Frank Capra 

წარმოუდგენელი და უბრალოდ მორალურად არასწორია ყოველი საუკეთესო საახალწლო ფილმების სია, რომლის თავშიც ფრენკ კაპრას “It’s a wonderful life” არ იქნება. ერთ დღეს რომ დედამიწას უცხოპლანეტელები დაჰპატრონებოდნენ და მთელი მსოფლიოსთვის მოეთხოვათ, რომ საუკეთესო საშობაო ფილმი ეჩვენებინათ, ეს უკანასკნელი სწორედ პატიოსანი, შრომისმოყვარე და ადამიანებისთვის თავდადებული ჯორჯ ბეილის ამბავი იქნებოდა, რომელიც შობის ღამეს ისურვებს, საერთოდ არასდროს დაბადებულიყო. ეს არის ისტორია მზრუნველ და კეთილ ადამიანებზე და რეალობა, რომელიც ყველას გვსურს სინამდვილე იყოს, თუნდაც მხოლოდ შობის ღამეს. 
Elf - John Favreau 
ელფი ამბავია მათთვის, ვისაც სურთ ახალი წლის დღეებში ძალიან სასაცილო და უცნაურ კომედიას უყურონ. ფილმი ბადის შესახებ გვიყვება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვილი შემთხვევით ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდა და სანტას ელფების გარემოცვაში გაიზარდა. უკვე ზრდასრულ ასაკში მყოფი გმირი შემთხვევით იგებს, რომ ელფი კი არა ადამიანია და ჩრდილოეთ პოლუსიდან პირდაპირ ნიუ-იორკში მამის გასაცნობად მიემგზავრება. კომიკური ელემენტებითა და საშობაო სენტიმენტებით სავსე „ელფი” გულს არ დაწყვეტს არცერთი ასაკის მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, გულწრფელი სურვილისა და რწმენის აუცილებლობას. 

ვერის უბნის მელოდიები - გიორგი შენგელაია
ახალი წელი არაფერია მიუზიკლებისა და ტელევიზორში გაშვებული ქართული ფილმების გარეშე, რომლებსაც წელსაც აუცილებლად ვუყურებ მეშვიდასედ. არ იქნება სწორი, მათ რიგებში რომ არ გამოვარჩიოთ, გიორგი შენგელაიას გენიალური ფილმი, რომელიც სავსეა თბილისური ამბებით, სახასიათო პერსონაჟებითა და შესანიშნავი სიმღერებით. 


The Holiday - Nancy Meyers

მჯერა, ახალი წელს საერთოდ რომ არ ეარსება, მას აუცილებლად გამოიგონებდნენ 2000-იანი წლების რომკომებისთვის. რომანტიკული კომედიების მოყვარულებს მართლაც უდიდესი არჩევანი აქვთ, როდესაც საქმე საშობაო ფილმებს ეხება, თუმცა მე მაინც “The Holiday”-ს გამოვარჩევდი ჰოლივუდის საყვარელი ვარსკვლავებითა და ყველა იმ კომფორტის ელემენტით, რომელსაც ის მაყურებლისათვის ქმნის. 


Tangerine - Sean Baker

შონ ბეიკერის „მანდარინები” ნამდვილად არ არის სტანდარტული საახალწლო ფილმი, თუმცა Iphone 5s-ით გადაღებული სრულიად გამორჩეული და უნიკალური ნამუშევარი ამბავს იმ ადამიანების შობაზე გვიყვება, რომლებსაც იშვიათად ვხვდებით ასეთ სიუჟეტებში. ტრანსგენდერი მეძავები, ბარიგა და მისი ახალი საყვარელი, სომეხი ტაქსისტი და ეჭვიანი სიდედრი, პერსონაჟების ასეთი შემადგენლობა სრულიად არ წააგავს შაბლონურ და „იდეალურ” საშობაო სცენარს, თუმცა კალიფორნიის დაბინძურებულ ჰაერში დღესასწაულის სული ტრიალებს.  


ლიზა Სანამ საქმეზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ It’s a Wonderful Life ჩემი სიის სათავეშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანი ჭინჭყლია და ასჯერ გამიცვალა უკვე. 
ზოგადად, საშობაო/საახალწლო ფილმები ძალიან მიყვარს, ამიტომ სიის შედგენა საკმაოდ გამიჭირდა, თუმცა საბოლოოდ ისეთ ხუთ ფილმზე შევჯერდი, რომლებიც სიმყუდროვის განცდას მიჩენს, რაც მგონია რომ სადღესასწაულო განწყობის აუცილებელი ნაწილია.
Fanny and Alexander - Ingmar Bergman ბერგმანის “ფანი და ალექსანდრე” იწყება ზუსტად ისე, როგორც საუკეთესო საშობაო ფილმი უნდა იწყებოდეს, ულამაზესი სახლით, მდიდრული დეკორაციებით, ნაძვის ხის მორთვით, ნასვამი უფროსებითა და ცელქი ბავშვებით, მალე ეს რეალობა იცვლება, თუმცა როდესაც ყველა იმედი გადაგვეწურება ნამდვილი ჯადოქრობა ყველაფერს გადაარჩენს, ამიტომ მგონია, რომ “ფანი და ალექსანდრე” იდეალური ფილმია, მაშინ, როდესაც ყველას ძალიან გვჭირდება, რომ საშობაო სასწაულის გვჯეროდეს. 


All That Heaven Allows - Douglas Sirk დაგლას სირკის ფილმი შუა ხნის მდიდარი ქალისა და ახალგაზრდა მებაღის სიყვარულის შესახებ გვიყვება, არასტანდარტული მელოდრამის ბოლო ეპიზოდი შობის საღამოს ვითარდება, “ყველაფერი, რაც ზეცითაა ნებადართული” ობიექტურად არ არის საშობაო ფილმი, თუმცა აუცილებლად შეგიქმნით წინასადღესასწაულო სიმყუდროვის განცდას.


A Christmas Story - Bob Clark
საშობაო ამბავი ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფილმია, რაც მინახავს, გაზრდილი მთავარი პერსონაჟი, რამდენიმე ნოველის საშუალებით იხსენებს იმ შობას, როდესაც საჩუქრად საოცნებო საჩუქარი მიიღო, თითოეული ნოველა სავსეა სულელური ფათერაკებითა და გაურკვევლობებით, რომლებშიც პერსონაჟები ეხვევიან

Die Hard - John McTeirnan
დიახ, კერკეტი კაკალი საშობაო ფილმია! და საერთოდაც, რა სჭირდება ფილმს იმისთვის, რომ საშობაო განწყობა შეგიქმნათ?ჩემი აზრით - შობის საღამო, ოფისის სადღესასწაულო წვეულება, მუსიკა და პოლიციელი ბრიუს უილისი, რომელიც ცდილობს, ტერორისტის მიერ ხელში ჩაგდებული ცათამბჯენიდან ცოლი დაიხსნას.


The Holdovers - Alexander Payne ამ წლის მიწურულს გამოსული სევდანარევი ფილმი, რომელიც საშობაოდ სკოლა-პანსიონში დარჩენილი ბიჭის, მისი მკაცრი მასწავლებლისა და მზარეული ქალის უჩვეულო მეგობრობაზე მოგვითხრობს, გულს გაუთბობს და აუჩუყებს ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია თავი ძალიან მარტოსულად, ერთხელ მაინც უპოვია ახალი მეგობრები იქ, სადაც არასდროს ელოდა, ან უბრალოდ უგრძნია სევდა სადღესასწაულო დღეებში.


Comentarios


bottom of page