top of page
ლიზა ალფაიძე

ცრემლნარევ-ღიმილიანი საქართველო

“დავიღალე საქართველოს სიყვარულით” ამბობს სევდიანი კაცი, რომელიც ბაყაყებს ესაუბრება და შვედეთში ცხოვრებაზე ოცნებობს, ლუკა ბერაძის დოკუმენტური ფილმიდან “ღიმილიანი საქართველო” და მთელი დარბაზი ერთხმად ოხრავს, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რას გრძნობს ის, ვიცით, როგორია იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად გიწევს სხვაგან წასვლაზე ფიქრი, უკეთეს მომავალზე ოცნება, თუმცა იმედს თანდათან კარგავ და ყოველდღე, ოდნავ უფრო დაღლილი ხარ, ვიდრე მანამდე.
“ღიმილიანი საქართველო” ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული საარჩევნო პროგრამით დაზარალებულ ადამიანებზე გვიყვება, 2012 წელს, პრეზიდენტის ინიციატივით, ხანდაზმულ ადამიანებს ამოუღეს კბილები და უფასო პროთეზების დამზადებას შეჰპირდნენ, არჩევნების შემდეგ, მმართველობაში მოსულმა პარტიამ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს განუცხადა, რომ დახმარებისთვის მათთვის მიემართათ, ვინც კბილების ჩასმას დაჰპირდა, საბოლოო ჯამში, ადამიანები უკბილებოდ დარჩნენ.
ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რეჟისორი გვაცნობს იმერეთის სოფლის, უსახელოს მცხოვრებლებს, რომლებიც სწორედ იმ პროგრამამ დააზარალა, სოფელს, სადაც უკიდურესი სიღარიბე სრულ კონტრასტს ქმნის ულამაზეს ბუნებასთან, ძალიან სევდიანი ადამიანები კი ხსნას იუმორსა და სიცილში პოულობენ. ძალიან საინტერესოა რეჟისორის მიდგომა, რომელიც თხრობას თავდაპირველად სწორედ იუმორით და პირდაპირი ინტერაქციით იწყებს, თუმცა თანდათან თითქოს კამერა ქრება, დამკვირვებლის როლს იძენს და მაყურებელს საშუალებას აძლევს ფრთხილად გაეცნოს ყოველდღიურ რეალობას, სადღესასწაულო თუ ქელეხის სუფრას, ქალების უბრალო შეკრებას, ნასვამი კაცების უხეირო სიმღერას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ფილმს მუდმივ სარჩულად მიჰყვება არჩევნები, პოლიტიკოსების ცრუ დაპირებები და მედია, რომლისთვისაც სოფლის მოსახლეობა, მხოლოდ რეიტინგისთვისაა საინტერესო. 
ფილმის ყურებისას შეუძლებელია არ გაგაოცოთ, თუ როგორ ახერხებს რეჟისორი, სოფლის ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცეს, სრულიად დაიკარგოს შეგრძნება, რომ ამ ადამიანების ცხოვრებაში უცხოა შეჭრილი და საშუალება მისცეს მათ, რომ სრული გულწრფელობით, მორიდების გარეშე ისაუბრონ ტკივილსა თუ ბედნიერებაზე.
არანაკლებ საინტერესოა Kordz-ის (ალექსანდრე კორძაიას) მუსიკა, რომელიც პერიოდულად სასპენსსა თუ დაძაბულობას ქმნის, მაყურებელს თითქოს ცვლილების მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს, თუმცა საბოლოოდ არაფერი იცვლება როგორც სოფელ უსახელოში, ისე ზოგადად ქვეყანაში.
“ღიმილიანი საქართველო” ერთდროულად მარტივი და ძალიან პოეტური გზით აშიშვლებს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას და გვაჩვენებს, რომ სრულიად აბსურდული საარჩევნო კამპანია არა ერთეული შემთხვევა, არამედ ძალიან ზოგადი სახეა იმის, თუ როგორ ექცევიან პოლიტიკოსები ადამიანებს ყოველდღიურად, გვისახავენ იმედს, რომელსაც მომენტალურად კლავენ, თავს გვახვევენ ცრუ დაპირებებს, ფილმის დასასრულს კი ჩვენც, მაყურებლები, საქართველოს სიყვარულით დაღლილი სევდიანი კაცივით ვფიქრობთ, “ნეტავ ახლა წამიყვანა შვედეთში...”

Comments


bottom of page