top of page
  • Facebook
  • Instagram

შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა

ნუცა შიოშვილი

ბერლინალეს წლევანდელ პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული ფილმი მონაწილეობს, ნიშანდობლივია, რომ მასში ძალიან დიდ ადგილს იკავებს მიმდინარე საპროტესტო აქციები. ფილმის პრემიერა 20 თებერვალს გაიმართა. მას ფორუმის სექციაში უჩვენებენ. ესაა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (43‘) მეგობრობასა და პროტესტზე, მაგრამ მაინც უფრო მეგობრობაზე. ‘‘ შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა‘‘  თიკუ კობიაშვილის სადიპლომო ნამუშევარია. აქ იგი თავადაა რეჟისორიც და ოპერატორიც. ფილმი თავდაპირველად  მხოლოდ მის მეგობრებსა და მათ ყოველდღიურობაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაღებებს დაემთხვა 2024 წლის გაზაფხულზე ქართული ოცნების მიერ ე.წ. ‘‘რუსული კანონის‘‘ ხელახალი განხილვები, რასაც რეჟისორმა, როგორც ჩანს, გვერდი ვერ აუარა. ბოლოდროინდელი ქართული რეალობა ხშირად ცვლის გეგმებს, გმირებსა და მათ ისტორიებს. ასე შემოიჭრა ფილმში პროტესტიც, რომელიც საბოლოოდ თიკუს და მისი მეგობრების ყოველდღიურობად  იქცა. საქართველოში მიმდინარე პროცესებს არაერთი მედია საშუალება აშუქებს, ამ კუთხით ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. შესაბამისად, ამ ფილმში ჩემთვის ფაქტების დოკუმენტური სიზუსტით ასახვა იმთავითვე არ იყო მნიშვნელოვანი. მაინტერესებდა, როგორ გადმოსცემდა რეჟისორი იმას, რაც აქციებს მიღმა ხდება, როგორი იქნებოდა მის დამოკიდებულება პერსონაჟებისა და გარემოს მიმართ, როგორ კადრებს აარჩევდა მაყურებელთან სასაუბროდ.

Crowd of protesters marching through a tunnel at night, holding signs and lights. Warm streetlights illuminate the scene, creating a tense mood. Tbilisi Georgia

რეჟისორი ინარჩუნებს დისტანციას პროცესების მიმართ და რაც მთავარია, სპეციალურად არჩეული მძიმე კადრებით არ ცდილობს უცხოელ მაყურებელთან ვაჭრობასა და მათ ემოციებზე თამაშს. ის, რასაც ეკრანზე ვხედავთ, ძალიან გულწრფელი და ნამდვილია, რაც რეჟისორისა და მისი მეგორების დამსახურებაა. ის რომ ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა პროტესტის ბრუტალური კადრებით და მთელი სიმძაფრით გადაღების ცდუნებას გაუძლო, ჩემთვის ძალიან დასაფასებელი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში სპეცრაზმის სცენები პირდაპირ არ ჩანს, ისინი შუამავლის მეშვეობით მაინც შემოდიან, მაგალითად, სხვისი მონათხრობიდან ვიგებთ რა მოხდა, ან ტელეფონში ვიდეოს უყურებენ სტუდენტები, როგორ დაიწყო რამდენიმე მეტრის იქით დარბევა და გაზის გაშვება.

Three people sit inside a brick structure with mountain views in the background. Warm light creates a peaceful, contemplative mood.

მე რაც გინდა, ის მიქნან, ოღონდ ჩემს კამერას ხელი არ დაედოს.” ერთ მომენტში, მეგობართან საუბრის დროს, როდესაც მსჯელობენ, როგორ მოიქცევიან დაჭერის შემთხვევაში, კამერის უკან თიკუ ამ სიტყვებს ამბობს.

მისთვის კამერა არაა უბრალოდ მოწყობილობა, რომელიც რეალობას აღბეჭდავს. ფილმში კარგად ჩანს რეჟისორის კავშირი კამერასთან. როცა თიკუს კამერა ხელში უჭირავს, ის ბევრად უფრო ძლიერი და დაცულია. ეს ფილმი, თითქოს, თაობის სათქმელს ამბობს. ქართული კინოში ეს ხმა ახალია. თიკუ 2002 წელს დაიბადა. ჩვენ კარგად ვიცნობთ  80-90-იან წლებში დაბადებული ადამიანების გადაღებულ ფილმებს, მაგრამ „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ ახალი თაობის კინოა – ცოცხალი, ენერგიული, პირადი და პოლიტიკური ერთდროულად, რომელსაც მუდმივად გასდევს ხმაური, ენერგია, იუმორი , რაც კარგად ასახავს  დღევანდელი საქართველოს ხასიათსა და დინამიკას.   

Two people smiling against a wooden door, "Inner Blooming Springs" text above, rustic background, warm and joyful mood. Berlin Film Festival logo.

ფილმი აქციის კადრებით არც იწყება და არც სრულდება. იწყება მეგობრებით და მთავრდება ისევ მათით. ეს 43 წუთი არის იმაზე, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური არ არის, ის შედგება ადამიანებისა და მათი ურთიერთობებისგან, მეგობრებისგან. თიკუ ცდილობს გვესაუბროს ყოველდღიურ რუტინად ქცეული მანიფესტაციების პარალელურად მომავლის იმედზე.


ამ ფილმმა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სიტყვები გამახსენა:‘‘იმედი და ოპტიმიზმი სინონიმები არ არის. ოპტიმიზმი ნიშნავს, იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაშინ როცა იმედი არის რწმენა იმისა, რომ რაღაცას აქვს აზრი – მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ის.‘‘


 

Comments


2023 - ეს არის კინო

bottom of page