top of page
  • ლეო მიქაია

“ყველაფერი ყველგან ერთდროულად” - მარტივი ჭეშმარიტებების სადარაჯოზე


“ორი ახალგაზრდა თევზი საპირისპირო მიმართულებით მცურავ ხანდაზმულ თევზს შეხვდება. მოხუცი თავს დაუკრავს და ეკითხება, „დილა მშვიდობისა, ბიჭებო, როგორ მოგწონთ წყალი?“ ახალგაზრდები ცოტას კიდევ გაცურავენ, ბოლოს ერთი მიუტრიალდება მეორეს და ეკითხება: „რა ჯანდაბაა წყალი?“” - პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი, დევიდ ფოსტერ უოლესი, კენიონის კოლეჯის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ დღეზე წარმოთქმულ სიტყვას ამგვარად იწყებს. ამბის მორალი საკმაოდ ტრივიალურია - ხშირად ყველაზე ცხადი და მნიშვნელოვანი ყველაზე რთულად შესამჩნევია. რატომ ხდება ასე? ფილმს “ყველაფერი ყველგან ერთდროულად” ამ კითხვაზე თავისი პასუხი აქვს, რომელიც არც ისე შორს არის უოლესის ნააზრევისგან.
უოლესი თავის სიტყვაში საუბრობს, თუ რამდენად რთულია საკუთარ გონებაზე კონტროლის მოპოვება. ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, ქმნის ფიქრების ნაკადს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არჩეული სულაც არ არის. ამ ფიქრების ფორმირება უკვე ავტომატურ რეჟიმში ხდება და ჩვენგან ჩართულობას თითქმის არ მოითხოვს. რაზე იფიქრო და რაზე არა, რას მიანიჭო მნიშვნელობა და რას არა, ამ გადაწყვეტილებებს გარემო გვკარნახობს და ჩვენც, მეტწილად, წინააღმდეგობის გარეშე ვთანხმდებით. ამას ამბობდა უოლესი 2005 წელს და როგორ გადაღეჭილადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ეს იმაზე უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
დღეს ერთდროულად იმდენი რამ ითხოვს ჩვენს ყურადღებას, რომ იოლია დაიკარგო და დაკარგო კავშირი ყველაზე მნიშვნელოვან რეალობასთან. როცა გადასახადებზე ფიქრი, მამის იმედების გამართლება, შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქმრისთვის სათანადო ყურადღების დათმობა, საკუთარი ჰობისთვის დროის გამოყოფა და კიდევ ბევრ პატარ-პატარა დეტალთან გამკლავება ერთდროულად გიხდება, ბუნებრივი რეაქციაა, რომ ამ არეულობიდან გასაქცევად შენი ცხოვრების ალტერნატიული ვერსიებისკენ დაიწყო ყურება. “რა იქნებოდა რომ…?” - ზე პასუხები უსაზღვრო ფანტაზიის საშუალებას იძლევა და იდეალური თავშესაფარია იმ გარემოში, სადაც ყველაფერი ყველგან ერთდროულად ცდილობს შენი ყურადღების მოპარვას. დენიელ შაინერტის და დენიელ კვონის ფილმის მთავარი გმირი ეველინ ვონგი ამ რეალობის მორიგი ტყვე ხდება.
ყოველდღიურობის გამაყრუებელი ხმაური ეველინს უხშობს შესაძლებლობას, მოუსმინოს საკუთარ ოჯახს და შეინარჩუნოს კავშირი აწმყოსთან. იოლია გაუგო ეველინს და მის გახლეჩილობას, რადგან ყველანი მსგავს ხმაურში ვცხოვრობთ. ეს ხმაურია სმარტფონის ნოტიფიკაციები, ფინანსური პრობლემები, საინფორმაციო გადაცემები, სამსახურებრივი მოვალეობები და კიდევ ათასი რამ, რაც ამ რეალობიდან გაქცევის სურვლის კვებავს. ფილმში ამ სურვილის მთავარი მაცოცხლებელი ის მოცემულობაა, რომ ეველინ ვონგი აწმყოში ის ადამიანია, ვინც მოუწია გამხდარიყო და არა ის, ვინც სურდა. ამისგან გამოწვეული იმედგაცრუება კი ყველაფერ სხვას აუფერულებს. მაგრამ მართლა ამდენად მნიშვნელოვანია რას გამოვძერწავთ ჩვენი თავისგან? ამას უნდა მივუძღვნათ ცხოვრება? რეჟისორების აზრით, წყალი სულ სხვა რამეა.
“ყველაფერი ყველგან ერთდროულად” არის ფილმი ყველასთვის. ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უნანია საკუთარი გადაწყვეტილება; ყველასთვის, ვისაც მშობლები ვერ უგებენ; ყველასთვის, ვისაც შვილები გაურბიან; ყველასთვის, ვისაც აწუხებს აწმყო და აშინებს მომავალი; ყველასთვის, ვისაც გული წყდება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე; ყველასთვის, ვინც იწყებს და ვერაფერი მიჰყავს ბოლომდე; ყველასთვის, ვინც თითქოს იცის, მაგრამ ყოველდღე ავიწყდება რა და ვინ არის მნიშვნელოვანი. ეს არის ფილმი ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებებზე, რომლებზეც ვერ ვფიქრობთ იმ ქაოსის გამო, რომელიც ჩვენს ცხოვრებაშია და გვჭირდება, რომ გაგვახსენონ. “ყველაფერი ყველგან ერთდროულად” ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და ფორმისა და შინაარსის ჰარმონიულობით გვიყვება ქალზე, რომელიც იყო ყველგან, ნახა ყველაფერი, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა თუ არ ხარ მათთან ერთად, ვინც გიყვარს.

bottom of page