top of page
ირინა შავლაძე

ქალი, როგორც მონსტრი, ქიმერა



როგორ სურთ ადამიანებს, ირწმუნონ, რომ მხოლოდ ერთს ეკისრება

მათ უბედურებაში პასუხისმგებლობა, სწორედ ერთია დამნაშავე

და ამ ერთისაგან გათავისუფლება იოლია.

რენე ჟირარდი „სიწმინდე და ძალადობა“

39 წლის ფრანგმა, წარმოშობით სენეგალელმა ფაბიენ კაბუმ მთვარის შუქით ბუნდოვნად განათებულ სანაპიროზე, ნაზად, მაგრამ უყოყმანოდ მოათავსა 15 თვის ქალიშვილი ქვიშაში, მოქცევის მახლობლად და წავიდა. ეს რეალური ამბავია, ქალმა საკუთარი შვილი მოკლა. მისი სასამართლო ჩრდილოეთ საფრანგეთში სენ-ომერში გაიმართა, რომელსაც ფრანგი კინორეჟისორი და დოკუმენტალისტი ალის დიოპიც დაესწრო, მომავალში კი ამ ისტორიაზე დაყრდნობით სადებიუტო, მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი „სენ-ომერი“ გადაიღო.
ფილმი მინიმალისტური იერსახით, გენდერულ, კლასობრივ, ეთნიკურ და კულტურულ საკითხებს აკვირდება და შეისწავლის. რეჟისორი სასამართლოს სივრცეში, ახლო კადრების დახმარებით ინტიმურ განწყობას ქმნის, გვაახლოვებს მთავარ პესონაჟებთან და მიგრაციისა და ინდეტობის საკითხებს ნათელს ჰფენს. საზოგადოების მიღმა მცხოვრები ადამიანების გამოცდილებას დიდი ემპათიის გრძნობით ეკიდება და მაყურებელსაც მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმეებში ჩასვლისაკენ მოუწოდებს. თავშესაფრის ძიება, მიგრანტების დისკრიმინაცია, საზოგადოებაში ინტეგრაციის მცდელობა, ცრურწმენები, პატრიარქალურ სამყაროში ქალად არსებობა და დედა-შვილური კავშირი, იმ მნიშვნელოვანი თემების ჩამონათვალია, რომლებიც ფილმში სასამართლო პროცესის მეშვეობით, მოსამართლის მიერ სწორად დასმული კითხვებითა და მსჯავრდებულის პასუხებით არის გადმოცემული.
„სენ-ომერი“ მარგერიტ დიურასის ციტირებით იწყება, ფილმის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი და პროფესორი ქალი რამა, დიურასის ტექსტის მაგალითზე სტუდენტებს დამცირებულ ქალზე, აწმყოზე ისტორიის გავლენასა, კოლექტიურ მეხსიერებასა და ტრავმაზე ესაუბრება. ალენ რენეს ნამუშევრის ,"ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო", განხილვა გამხსნელ სცენაში, თემატურ მინიშნებას ემსახურება, რომელიც ფილმის საფუძველს, ტონს აყალიბებს და მაყურებელს კომპლექსური თემების შესწავლისათვის ამზადებს. რამა წარმატებული ქალია, ჰყავს საყავრელი მამაკაცი, რომლისგანაც შვილს ელოდება. იგი მუშაობს ახალ წიგნზე, რომელიც არქაული, მითოლოგიური პერსონაჟის, მედეას თანამედროვე ვერსიას იკვლევს, სწორედ ამ მიზეზით მიემგზავრება სენ-ომერში, შვილის მკვლელი ლორანს კოლის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. დიოპი ოსტატურად ასახავს ორ ქალს, როგორც ერთმანეთის სარკისებურ გამოსახულებას. რამა რაღაცას ცნობს ლორანსში, მაშინაც კი, როცა მისი არ ესმის. სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, რამა ბევრ საერთოს აღმოაჩენს მსჯავრდებულთან, რითიც მისი იდენტობა რყევას იწყებს. მკვლელის მიმართ ემპათიის გრძნობით ივსება და ხვდება, რომ ლორანსის ადგილას სავსებით შესაძლებელია თავად იყოს. ორივე მათგანი თავს სამყაროსაგან მოწყვეტილად და იზოლირებულად გრძნობს, მათ რთული, კომპლექსური ურთიერთბა აქვთ დედებთან, კანის ფერისა და წარმომავლობის გარდა, ინტელექტუალური შესაძლებლობებიც აერთიანებთ.
ლორანსის პერსონაჟთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარალელი ივლება. ფილმში არაერთხელ გვხვდება არქაულ მედეასთან გადაძალიხი, იქნება ეს კადრები პაზოლინის ამავე სახელწოდების ფილმთან თუ რამას წიგნის პოტენციური სათაურთან „მიტოვებული მედეა“. მედეა ჭკვიანი ქალია, რომლისგანაც საზოგადოებამ მონსტრი შექმნა, მას ღირსება შეულახეს და დევნილად აქციეს, ძლევამოსილი მედეა პატრიარქალური სამყაროს მსხვერპლი გახდა. ლორანსიც მედეას მსგავსად, რომელიც კორინთში ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყული და უარყოფილი აღმოჩნდა, ცდილობს თავშესაფრის პოვნას, თუმცა ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მცდელობისას, მსგავსი გამოწვევის წინაშე დგება. ორივე მათგანი ტოვებს სამშობლოს და ხდება მარგინალი სხვა ქვეყანაში, ისინი საზოგადოებას ტვირთად ედებიან, რომლის გარიყვასა და მოშორებას ცდილობენ. ლორანსი წარმოადგენს ქალის სახეს, რომელსაც პატრიარქალური სამყარო ყლაპავს, ის ვერ ეწევა მათ მიერ დაწესებულ იდეალური დედის, ქალის სტანდარტებს, იგი ჩუმდება ბოლოს კი ქრება. მედეას მსგავსად კლავს საკუთარ შვილს, თუმცა არა შურისძიების გამო, მისი ქმედება უფრო გაუცნობიერებელ, საპასუხო რეაქციას წარმოადგენს სოციუმის მიმართ და სწორედ აქ ისმის კითხვა, მის მიერ ჩადენილი ეს ბრუტალური დანაშაული მხოლოდ მისი ბრალია თუ იმ კომპლექსური გარემოებებისა და არაემპათიური საზოგადოების, რომელშიც მას უწევს არსებობა?. სასამართლოს პროცესის დასრულებისას რამა კამერას უსწორებს თვალს, ჩვენ, მაყურებელს გვიყურებს, თითქოს აინტერესებს რას ვფიქრობთ, მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა ასეთი ტრაგიკული შედეგი?
“სენ-ომერი“ არის პოეტური კინო, რომელიც სვამს კითხვებს და ინტერესდება მიზეზებით. ეს არის ფილმი მოსმენაზე, მაშინ როდესაც სხვები საუბრობენ. მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რომ როდესაც ადამიანი ძალადობრივ ქმედებას სჩადის, ხშირად მოქმედებს სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორების რთული ქსელი. არაფერია განსჯაზე მარტივი, რთული სამართლის პოვნაა.
„ეს არის ისტორია ქალზე, რომელიც მოჩვენებად იქცა, ქალზე, რომელსაც ვერავინ ხედავს და არავინ იცნობს, ეს არის ისტორია ნელ გაუჩინარებაზე.“ - ამ სიტყვებს ლორანსის ადვოკატი სასამართლო პროცესის დასრულებისას წარმოთქვამს, რაც ფილმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს და შეჯამებას წარმოადგენს. ადვოკატის მონოლოგში საუბარია დედა-შვილის ბიოლოგიურ კავშირზეც. ორსულობის დროს დედის ორგანიზმი ბავშვის უჯრედებს იღებს და პირიქით, ეს უჯრედები მშობიარობის შემდეგაც, წლების განმავლობაში აგრძელებს ზრდას დედისეულ ორგანიზმში. ბიოლოგიური თვალსაზრისით დედა და შვილი ამგვარი წესით სამუდამოდ იხლართებიან და უკავშირდებიან ერთმანეთს. მეცნიერები ამ უჯრედებს ქიმერულს უწოდებენ. ეს დასახელება ძველი ბერძნული მითოლოგიის, მდედრობითი სქესის მონსტრის საწელწოდებიდან მოდის. ცეცხლისმფრქვეველი, ურჩხული ქიმერა, ჰიბრიდული არსებაა, რომელსაც ლომის თავი, თხის ტანი და გველის კუდი აქვს. ჩვენ, ქალები დედებისა და შვილების კვალს, მუდმივად ვატარებთ ორგანიზმში. ეს უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც ყოველ ჩვენგანს პოტენციურ მონსტრად აქცევს იმ საზოგადოებაში, სადაც დამნაშავე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.

Comentarios


bottom of page