- ანი კილაძე
ფუტკრის დაცემა
ტექსტი დაიწერა 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ჟურნალისთვის "კინ-O", ჟურნალი აღარ დაიბეჭდა.
რთულია ქალებზე ძალადობის თემაზე გადაიღო ადეკვატური ფილმი ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით ქალი ხდება ფემიციდის მსხვერპლი, თუმცა ვაჟიკო ჩაჩხიანის „ფუტკრის დაცემა“ ნამდვილად არაა ის ნამუშევარი, რომელიც ემსახურება საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვას, მისი ემოციური და კულტურული ფონის ჩაშლას ან კიდევ უფრო უარესი, მორალის სწავლებას. ის კლასიკური ჰოლივუდური ირონიით პირდაპირ გვთავაზობს პასუხს და ქმნის გმირს, რომელიც გამოკვეთილად უარყოფითია, აშკარად მოძალადეა და არც რაიმე ემპათიასა თუ გაგებას იმსახურებს, ისევე, როგორც ნებისმიერი ცოლის მკვლელი მამაკაცი.

„ფუტკრის დაცემა“ წარმოადგენს ერთგვარ მეტაფორას ტრადიციული ოჯახის სისტემის ნგრევაზე, რომელიც სინამდვილეში უკვე დიდი ხნის მონგრეულია პატრიარქატის, ძალადობის კულტურისა თუ ძალაუფლების მქონე ორგანოების გულგრილობის საშუალებით. თუმცა ჩაჩხიანის კინო ის ადგილია, სადაც მსხვერპლი რეალობისგან განსხვავებით, სამართლიანობას პოულობს, მოძალადის დედა პირველი აღმართავს იარაღს შვილის წინააღმდეგ, მისი დაცვის მაგივრად, ხოლო ანტაგონისტი ყველასათვის აშკარაა და არც რაიმეა ბუნდოვანი თუ გასარკვევი.

ეს არის ამბავი ფსიქოპათის შესახებ, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა კლასიკური ამერიკული კინოს ფსიქოპათების არქეტიპებისგან. ადამიანის, რომელზეც მეზობლები არ საუბრობენ თბილად და არ იძახიან, რომ მშრომელი, ოჯახზე გადაყოლილი მამაკაცია, რომლისგანაც არავინ ელოდა დანაშაულის ჩადენას. ის ყველასგან სამართლიანად მოძულებული და გარიყულია და არც პატიებასა თუ შენდობას იმსახურებს. კაცი კატაფალკით, რომელსაც თბილისის ქუჩებში სიკვდილი მოაქვს.

თუკი ფილმში რაიმე მართლა ძალიან კარგია, ეს პირველ რიგში, მისი მთავარი პერსონაჟია, რომელსაც მაყურებელი პირველი წამიდან ვერ აშორებს თვალს და გაფაციცებით ელოდება მის ყოველ მოქმედებას. ვერცხლისფერი ნაჯახი, ბრჭყვიალა ქვებით მოჭედილი ფეხსაცმელი, ტყავის პალტო და ცინიკური გამომეტყველება გამხდარ სახეზე. მასში არაფერია შეფარული თუ ამოუცნობი, მისი ესთეტიკა გროტესკულია და ბოლო ხმაზე ყვირის „მოძალადეს“, რაც რეჟისორის მხრიდან კიდევ ერთ ირონიულ და იუმორისტულ შტრიხს წარმოადგენს. ჩაჩხიანი ახერხებს შექმნას სასპენსი, რომელიც გამხსნელი კადრიდან იწყება და არ სრულდება ფილმის ბოლო სცენამდე, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებულია, ვნებათაღელვა შემწყდარია, ხოლო ბოროტება დამარცხებული. მთავარი გმირის გამოჩენის მომენტიდან, შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი ნახევარი საათი მაყურებელი ნამდვილად არ მოიწყენს. კომპლექსური და საშიში მამაკაცის მზერა, რომელიც ჯაზური მუსიკის ფონზე, გზას დაჟინებით უყურებს და აშკარად დასახული მიზნისაკენ მიისწრაფვის. ეკრანის მიღმა მყოფ ადამიანებს კი მისი დანახვისთანავე უშრეტი ინტერესი იპყრობთ, თუ რისკენ მიემართება გმირი ასე გულმოდგინედ და სად მიგვიყვანს სახურავზე ჯვარდასმული შავი კატაფალკა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრამატურგია და სიუჟეტის ერთიანობის განცდა, რასაც ამ შემთხვევაში რეჟისორი ოსტატურად ახერხებს და ბოლომდე ინარჩუნებს მისკენ მიპყრობილ ყურადღებას. ამბავი იწყება და სრულდება, შუაში არსებულ სულ რამდენიმე წუთში კი მაყურებელი ახერხებს გაერკვიოს მთავარი პერსონაჟის მიზნებში, ადევნოს თვალი მის მოქმედებას და თავადაც დაიჭიროს ერთადერთი სწორი პოზიცია.

ვაჟიკო ჩაჩხიანი ამერიკული თრილერისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ირონიუალად გაათამაშებს, იქნება ეს სიმძაფრის შესაქმნელად მთავარი პერსონაჟის სახეზე მიახლოებული კადრები, ბნელი და მისტიური მიზანსცენები, მუქი და გამოკვეთილი ფერადოვანი აქცენტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაძაბული და საკმაოდ უცნაური მუსიკა, რომელიც კომპოზიტორმა სანდრო ჩინჩალაძემ სპეციალურად ფილმისათვის დაწერა. ეს არ არის რიგითი ქართული კინო, სტატიკური კადრებითა და ერთგანზომილებიანად სევდიანი პერსონაჟებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ, კომპლიმენტი შეიძლება იყოს. პირიქით, ის გაცილებით ხმამაღალია, გაბედული და დაძაბულთან ერთად ძალიან სახალისოც.

მაყურებელი რეჟისორს ნებისმიერ დაშვებულ შეცდომას მარტივად აპატიებს, მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მისი ხედვა გულწრფელად ახლებური და საინტერესოა. შავი იუმორით სავსე ფილმის შექმნა ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ და პრობლემატურ საკითხზე, თამამი და სარისკო გადაწყვეტილებაა, რომელიც „ფუტკრის დაცემის“ შემთხვევაში ნამდვილად ამართლებს. ამბავი, კი რომელსაც მაყურებელი ადევნებს თვალს, წმინდად დახვეწილი კინოენითაა მოთხრობილი და უდიდეს იმედს იძლევა სხვა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის.