top of page
  • Facebook
  • Instagram

ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე" 2025

ეს არის კინო

14-16 მარტს, ფოთში, კაფე "ლიმენაში" ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე" გაიმართება. ფესტივალს გამართავს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად ერთი თემის გარშემო შერჩეულ ფილმებს გააერთიანებს. წლევანდელი "როზადან სიმონამდე" ავტორიტარულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკურ რეჟიმებთან წინააღმდეგობის გამწევ, სიცოცხლეზე და მაცოცხლებელ გარემოზე მზრუნველ ინდივიდებსა და კოლექტივებს მიეძღვნება,


ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ: "მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

მილიტარიზებული პატრიარქატი და განმეორებადი კრიზისების მშობი კაპიტალიზმი - ნეკროპოლიტიკის მუდმივი წარმოებით და ცრუ პროგრესის სახელით - ერჩის ფემინურობას, ერჩის ბუნებას, ერჩის ქვიარ სხეულებს, ერჩის სიცოცხლეს, ერჩის ყველაფერს, რასაც არ მოაქვს მოგება ან სიკვდილი. მნიშვნელობისგან გამოშიგნული სიტყვები - განვითარება, შენება, პროგრესი - ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმისთვის დაქვემდებარების, კონტროლის და დაშინების მექანიზმების ამუშავების სინონიმია; მოგების პრიმატს დაქვემდებარებული ეკონომიკის ლოგიკით კი, ამ სიტყვებს უკან იგულისხმება მეტი მოხმარება და ათვისება, დედამიწის საბოლოო გამოფიტვამდე.


მუდმივი კატასტროფის მდგომარეობა საგრძნობი ხდება მთელი სამყაროსთვის.

დღეს, გლობალურად მოძლიერებული ფაშისტური რეჟიმი, გვართმევს სივრცეს, სხეულს, გვართმევს საცხოვრისს, გადაგვასახლებს, ხელიდან გვგლეჯს მიწას, გამოგვფიტავს. ანალოგიურად, დაშინების მექანიზმით და მარგინალიზებით, იგი ფლეთს სოციალურ ურთიერთობებს, უმნიშვნელოდ აცხადებს ზოგიერთი ადამიანის, და სხვა ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს. ამგვარი რეჟიმის მთავარი მიზანია, გაწყდეს კავშირი ადამიანებს შორის, ადამიანებსა და ცხოველებს შორის, კავშირი გარემოსთან და თვით საკუთარ სხეულთან.

დღევანდელი საქართველოც, ოლიგარქიული, მზარდად ავტორიტარული მმართველობით, მიკრომოდელია მსოფლიოში დომინანტური, ღირებულებათა და ურთიერთობათა ამ მომაკვდინებელი სისტემისა. ამიტომაა, რომ ამ რეჟიმის შესახებ ნათლად მოიყოლება ქვეყანაში გარემოსდაცვითი თუ ადამიანის უფლებების დაცვითი ბრძოლების საშუალებით.

ჩვენ, ფემინისტები და ანტიფაშისტები, ამის საპირწონედ, ხსნას სისტემურ წინააღმდეგობაში ვხედავთ, ზრუნვის და სოლიდარობის პოლიტიკაში და გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში, ჩაგვრების გადაჯაჭვულობისა და მთლიანობის დანახვაში.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი ფესტივალი ავტორიტარულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკურ რეჟიმებთან წინააღმდეგობის გამწევ, სიცოცხლეზე და მაცოცხლებელ გარემოზე მზრუნველ ინდივიდებსა და კოლექტივებს ეძღვნება, საქართველოში თუ დედამიწის სხვა კუთხეებში.


14 მარტი - ნგრევა შენების სახელით

ფესტივალის გახსნის დღის პირველ სესიას ვუთმობთ ფილმებს საქართველოს 4 რეგიონიდან, სადაც შენების სახელით დაწყებული ან დაგეგმილი პროექტები - იქნება ეს “მრავალფუნქციური კომპლექსი” კურორტზე (“ბახმარო 2050”), “ტურისტული ზიპლაინი” ბუნების უნიკალურ ძეგლზე (“გველეშაპი”), ფინანსური თაღლითობის სქემა, ე.წ. კრიპტოვალუტის პირამიდა (“ციებ-ცხელების შემდგომ”), თუ წიაღისეულის მოპოვება სოფლის სახლებქვეშ (“მარგანეცს შეწირული სოფელი”) - გვაჩვენებს ერთ - კერძო მოგების - იდეას დაქვემდებარებული პროექტების სხვადასხვა სახეს და ფორმას, რომელთა რეალური “წარმატება” ადამიანის და ბუნების ექსპლოატაციაზე დგას.

დომინანტური პოლიტეკონომიური ნარატივი, მშენებლობად და პროგრესად მონათლული ამგვარი პროექტებით, ქმნის მრუდე წარმოდგენებს, და საფრთხეების იგნორირებით და სიცოცხლის სრული გაუფასურებით, ინვესტიციას ამ ადგილების, ხალხის და ქვეყნის ხსნად წარმოგვიჩენს.

ფილმებში წარმოდგენილი ამ პროექტების მიმართ გაჩენილ წინააღმდეგობებზე საუბრით, გვინდა, დავფიქრდეთ, კრიტიკულად შევხედოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ეძახიან და რა შეიძლება იყოს დღეს შენება.

დღის მეორე ნახევარში, წარმოგიდგენთ იაპონურ ფილმს (“ბოროტება არ არსებობს”), რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, რამდენად იდენტური შეიძლება იყოს დედამიწის ერთმანეთისგან მოშორებულ წერტილებში კაპიტალის სურვილი, ლოგიკა და მოქმედება. ფილმში მოსმენილი, ინვესტორების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან მიგზავნილი მედიატორების ფრაზები, დღესაც ხშირად გვესმის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი პროტესტებია გაშლილი.

15 მარტი - თხრობა ადგილზე და ადგილის თხრობა


ფესტივალის მეორე დღეს გავაგრძელებთ თხრობას იმ დავიწყებული (“წარსულში უკეთ იქნება”), ან „შეგულიანებული“ ადგილების შესახებ, რომლებიც პროგრესის სახელით ასათვისებელ, მსხვილბიუჯეტიანი ამბიციებისთვის განკუთვნილ არეალადაა მონიშნული (“ღრუბლებს ზემოთ დგომა”). ზოგან, გუშინ ჩაღვრილ მილიონებს, დღეს ტურიზმის მოჩვენებები დაეპატრონნენ (“არაფერია ნორმალური”). ზოგი მათგანი კი ბიუჯეტსმიღმა დარჩენილ, ზრუნვითა და სიყვარულით მოფრთხილებულ ადგილად იქცა (“ბავშვებსა და ზღვაზე”). ჩვენი პროგრამა მოგიყვებათ ამ ადგილებთან თანაზიარ, საკრალურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებსა თუ სხვა ცოცხალ არსებებზე.

ადგილების შესახებ ამბების თხრობით, ფილმები ამ ადგილებთან მიმართებაზეც გვიყვებიან და მათ სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებენ. შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ განისაზღვრება და იცვლება ადგილთან მიმართება კლასობრივი, გენდერული, ან ადამიანის და სხვა ცოცხალი არსების (“წინააღმდეგობა ნაყოფიერია”) ხედვის მიხედვით.

ამასთან, ვაკვირდებით ერთ მნიშვენლოვან განსხვავებას: როდისაა ადგილთან მიმართება ცალმხრივი სურვილით - დამორჩილებით და გამოყენებით - განპირობებული, და როდისაა ეს მიმართება თანასწორი დიალოგი ადამიანებს, ბუნებას და სხვა ცოცხალ არსებებს შორის.

ამის საფუძველზე, კრიტიკულად გავიაზრებთ ადგილებთან დომინანტური ანთროპოცენტრული მიმართებით გამოყენებულ ცნებებს, როგორიცაა მიტოვებული ან ათვისებული ადგილები.


16 მარტი - სიცოცხლეზე ზრუნვა, როგორც წინააღმდეგობა


ფესტივალის დახურვის დღის პროგრამას ვუთმობთ ფილმებს, რომელთა პროტაგონისტები ჯიუტად აგრძელებენ სიცოცხლის და გარემოს შენარჩუნების სხვადასხვა პრაქტიკას, როგორც წინააღმდეგობას დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და კლიმატური კრიზისების ეპოქაში.

სომხეთში ქალთა კოლექტივი ომგამოვლილ მიწას ნაღმებისგან ასუფთავებს (“დედასამშობლო”), უკრაინაში, ომიანობის ჟამს, დაქსაქსული ოჯახის წევრი ქალები ცდილობენ, არ გაწყვიტონ კავშირი და არ შეწყვიტონ ერთმანეთზე თუ პომიდვრის მოსავალზე ზრუნვა (“ბოტები მიწაზე, ხელები ნიადაგში”); თურქეთში, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ხის მოჭრა მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობის მობილიზების საფუძველი ხდება (“ყველაფერი ხეებით დაიწყო”), აღმოსავლეთ აფრიკის ფიქციურ, დისტოპიურ მაიტუს საზოგადოებაში, ქალი საკუთარი სხეულს სწირავს გაჩანაგებულ გარემოში პირველი ხის გასახარებლად (“პუმზი”).

ადგილობრივ პალესტინელ მოსახლესთან “სამართლის” სახელით მიდის კოლონიალიზმი (“შემოგროვებლები”), რომლის კანონი, ბუნების დაცვის საბურველქვეშ, ძალადობს მასზე და უკრძალავს მისი სხეულის გაგრძელებასთან, მცენარესთან ურთიერთობას.

ფესტივალის საფინალო ფილმშიც (“ასოგი”) ამბავი კოლონიალიზმის ისტორული ნანგრევების და თანამედროვე ეკოლოგიური კატასტროფის ფონზე ვითარდება. ტაიფუნის მიერ მოტანილი ნგრევის ტკივილი და ტრაგედიაზე ჩასაფრებული ინვესტორის კერძო ინტერესი თანდათან გადაილახება ერთმანეთზე ზრუნვით, სოლიდარობით და თემის ინტერესის გამარჯვებით.

ფილმების პროგრამას და სხვა დაგეგმილ საფესტივალო ღონისძიებებს სრულად გაეცანით ფესტივალის საიტზე:


მადლობა ლიმენას სივრცის დათმობისთვის, UNDP-ს, RFSU-ს ფინანსური მხარდაჭრისთვის. პოსტერზე იმუშავა ელე გარუჩავამ.

სიხარულით გეპატიჟებით ფოთში, კაფე Limena-ში, 14/15/16 მარტს. დასწრება თავისუფალია.




Opmerkingen


2023 - ეს არის კინო

bottom of page