კინოსა და ფესტივალების მოყვარულებმა, თამამად შეგიძლიათ მოინიშნოთ კალენდარზე 8-9-10 მარტი, რადგან თბილისში ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე 2024” იწყება. ფესტივალი მუტანტ რადიოს დახურულ სივრცეში უმასპინძლებს ყველას, ვისაც სურს აღმოაჩინოს განსხვავებული პერსპექტივები, გაეცნოს საინტერესო ნამუშევრებს და შეხვდეს ახალ არტისტებს. მაყურებელს სამი დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ ექნება შესაძლებლობა დაესწროს კინოჩვენებებს, დისკუსიებს, ფოტო გამოფენებს, მუსიკალურ პერფომანსებს და ფესტივალის ფარგელბში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობას. ასევე გაიმართება ახალი ქართული ანიმაციების ჩვენებაც, რომელიც მიზნად ადგილობრივი მითოლოგიური ქალღმერთების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ფემინისტური ფილმების ფესტივალი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 2011 წელს დაარსა, როდესაც ქვიარ კინოჩვენებები საჯარო სივრცეში გადმოიტანა, 2013 წლის შემდეგ კი ფესტივალს მაყურებელი „როზადან სიმონამდე” სახელით იცნობს. საჯარო სივრცეების გაქრობისა და კინოთეატრების მზარდი კომერციალიზების ფონზე, ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია მომთაბარე ცხოვრებას განაგრძობს და სხვადასხვა სივრცეებს ითვისებს ჩვენებების ჩასატარებლად.
ფესტივალი ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას და წარმოგვიდგენს ქალი და ქვიარ რეჟისორების გადაღებულ ფილმებს. შერჩეული ნამუშევრები ძირითადად სწორედ ქალად და ქვიარად ყოფნის გამოცდილებებზე მოგვითხრობს, რომელსაც ჩვენების შემდეგ განხილვა და დისკუსია მოყვება.
ჰორორის ჟანრი კინოს ისტორიაში ყოველთვის ირეკლავდა იმ ფარულ შიშებსა თუ სურვილებს, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებაში იყო გაბატონებული. შიშს განსხვავებული სხეულების, ფორმებისა თუ ამბების მიმართ. ფესტივალის პროგრამაში არსებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის სწორხაზოვნებასა და სისასტიკეს და პირისპირ ტოვებს მაყურებელს ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვებთან: თუ რატომ და რისი ეშინია? ვინ სძულს და ეზიზღება? ვისზე და რატომ ძალადობს?
საზოგადოება, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ, ნორმებისა და ღირებულებების სახელით, მუდმივად ძალადობს უცხო სხეულებზე და ცდილობს დაამყაროს საკუთარი წესრიგი. რის შედეგადაც, მასიურად იჩაგრებიან და ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, მასში მცხოვრები ნებისმიერი სახის უმცირესობები. სწორედ ამიტომ, 2024 წლის „როზადან სიმონამდე” სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმობა.
„მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ ვიხსენებთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ამ მოცემულობაში, ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაცია თავზარდამცემი და განმათავისუფლებელია”.
Comments