რვა მარტს, უკვე მარტის თვის ტრადიციად ქცეული, ფემინისტური ფილმების ფესტივალი - “როზადან სიმონამდე” გაიხსნება, სამი დღის განმავლობაში Mutant Radio-ს დახურულ სივრცეში დაიდებს ბინას და შემოგვთავაზებს დატვირთულ პროგრამას, რომელიც აერთიანებს: კინოჩვენებებს, გამოფენებს, მუსიკალურ ლაივ პერფორმანსებსა და დისკუსიებს.
2024 წლის "როზადან სიმონამდე" სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმობა.მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი მხოლოდ სამ დღეს გრძელდება, პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ გთავაზობთ გზამკვლევს, თუ რომელი ფილმები ან აქტივობები არ უნდა გამოტოვოთ ფესტივალზე.
8 მარტი - ფესტივალის გახსნა, “სამძივარი”
ფესტივალი 8 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება, გახსნის ცერემონიალისა და მიმართვის შემდეგ კი WISG-ის ინიციატივით შექმნილი ანიმაციური ფილმის - “სამძივარის” ნახვა იქნება შესაძლებელი, რომელსაც პირველ რიგში, ულაამზესი ანიმაციის გამო გირჩევთ, ამასთანავე, ფილმი გვაცნობს ქრისტიანული კულტურის მიერ შთანთქმული ქართული მითოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ და საინტერესო ქალღმერთს, სამძივარს.
ამავე დღეს, ნაჩვენები იქნება, ბრიტანული, მექსიკური და პორტუგალიური ანიმაციები, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა.
ალები, ქალები, გრძნეულები, ქალღმერთები
ფესტივალის პირველ დღეს მულტიმედია გამოფენა შეაჯამებს, რომელიც კიდევ უფრო ღრმად გაგვაცნობს, ქართული მითოლოგიის ქალღმერთებს, ძირითადად მთებში, ზეპირსიტყვიერებასა თუ ანდრეზებში შემორჩენილ პერსონაჟებს, რომლებიც ქრისტიანობამ ან ქრისტიანულ რელიგიასთან დააკავშირა, ან კი - ანტაგონისტებად აქცია. მე პირადად, სწორედ ამ გამოფენას ველი განსაკუთრებული ინტერესით, რადგან ის ქართული მითებისა და ლეგენდების სამყაროში, ფემინისტური ხედვით გვამოგზაურებს.
9 მარტი - გოგო, რომელიც, ღამე მარტო სეირნობს სახლამდე
“გოგო, რომელიც, ღამე მარტო სეირნობს სახლამდე" ფემინისტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია, რომელიც ჰორორისა და ვესტერნის ელემენტებს ერთიანებს, ქალთა გაძლიერების, ჩაგვრისა და ძალაუფლების დინამიკის ცვლილების შესახებ კი სრულიად უჩვეულო კინოენისა და პროტაგონისტის საშუალებით მოგვითხრობს. ფილმში იცვლება ტრადიციული გენდერული როლები და ჰორორის პერსონაჟი ქალის სრულიად არასტერეოტიპული სახე იქმნება, ამიტომ, თუ ჰორორი და ვამპირების ისტორიები გიყვართ, არაფრით გამოტოვოთ ეს ჩვენება.
არიბადა
იმავე დღეს, 17:30-ზე გერმანულ–კოლუმბიური მოკლემეტრაჟიანი ფილმის, “არიბადას” ნახვის საშუალება გვაქვს, ფილმი კოლუმბიაში, მკვდრეთით აღმდგარი ურჩხულის გარშემო ვითარდება, რომელიც ტრანსგენდერი ქალების ტომს გაიცნობს და მათთან თანაცხოვრებას იწყებს. ფილმს გამოარჩევს მომნუსხველი ესთეტიკა და სრულიად უნიკალური, ზღაპრისმაგვარი თხრობა.
კვერცხისმდებელი
9 მარტს, 18:00 საათზე, კიდევ ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმს ვიხილავთ, რომელიც მეც არ მაქვს ნანახი და ძალიან მაინტერესებს. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, რუთ ჟენრბეკოვასა და მარია ვილკოვისკის, მოკუმენტური ჟანრის ფილმი, ქვიარ წყვილის და ‘კვერცხისმდებელის’ რეპროდუქციულ ისტორიაზე, გამოწვევებსა და უცნაურობებზე მოგვითხორბს.
სოფო კობიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია
ფესტივალის მეორე დღეს, 18:30-ზე სოფო კობიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია შედგება. სოფო კობიძე ძალიან საინტერესო არტისტია, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, სწორედ ამიტომ, აუცილებლად გირჩევთ, ამ პრეზენტაციასაც დაესწროთ.
10 მარტი - “ტიტანი”
როგორც ფესტივალის დეტალურ აღწერაში ვკითხულობთ, შემაჯამებელ დღეს კიბერპანკის და ტექნოლოგიების გასაყარზე შევხვდებით.
მე პირადად, ყველაზე მეტად სწორედ ბოლო დღეს ველი, რადგან 14:00 საათზე, ბოლო წლებში, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმის, “ტიტანის” დიდ ეკრანზე ნახვის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა.
ნეპტუნის ყინვა
16:30-ზე აფროფუტურისტულ მიუზიკლს “ნეპტუნის ყინვას” ვიხილავთ, ეს პროგრამის კიდევ ერთი ისეთი ფილმია, რომელიც არ მაქვს ნანახი და ძალიან მაინტერესებს, გირჩევთ თქვენც შემომიერთდეთ და იხილოთ ფილმი მეამბოხე, ქვიარ ჰაკერების კოლექტივზე, რომელიც კოლონიალიზმს უპირისპირდება.
ნამარხი
20:00 საათზე, ფესტივალის დასკვნით დღეს, ინდონეზიელი რეჟისორისა და ვიდეო არტისტის, რიარ რიჟალდის ესეისტური ჟანრის, საოცრად შთამბეჭდავი ფილმის ნახვას შეძლებთ. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კინო, აზიაში ელექტრონული ნარჩენების პრობლემაზე გვესაუბრება და არასტანდარტული ენითა და სიზმრისეული გამოსახულებით, სერიოზულ სოციალურ კომენტარს გვთავაზობს.
10 მარტს, ფესტივალი დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ “როზადან სიმონამდე” მხოლოდ სამ დღეს გასტანს, ამ სამ დღეში საშუალება გვექნება, რომ ახალ ავტორებს და რაც მთავარია, ახლებურ ხედვებს გავეცნოთ, ამა თუ იმ საკითხს სრულიად სხვა მხრიდან შევხედოთ, ჩავერთოთ დისკუსიებში და სამი დღის განმავლობაში, როგორც შემოქმედებითად, ასევე სოციალურად აქტიური პროცესის ნაწილად ვიქცეთ.
Comments