- ანი კილაძე
სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი" და საკუთარი ოთახის არარსებობის პრობლემა
როდესაც ვირჯინია ვულფი 1929 წელს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფემინისტურ ესეის აქვეყნებს, სახელწოდებით „საკუთარი ოთახი“, საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მწერალი ქალისათვის საკუთარი ოთახის ქონა. სივრცის, რომელშიც შეეძლება გაექცეს არც ისე სასიამოვნო რეალობას და იყოს სრულიად მარტო. საკუთარი ოთახის აუცილებლობა ცხადია მხოლოდ შემოქმედ ქალებს არ ეხებათ, თუმცა ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად კონსერვატიულიცაა, პატრიარქალურიც და ეკონომიკურად ღარიბიც, ეს უკანასკნელი ხშირად ხელმიუწვდომელი და წარმოუდგენელია.
ამბის მთავარ პერსონაჟს, თინას, (თაკი მუმლაძე) არასდროს ჰქონია საკუთარი სივრცე, სადაც განმარტოებას ან თავის ნამდვილ სურვილებში გარკვევას მოახერხებდა. ჯერ მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი ქმართან და რომ არა ოჯახური ძალადობის შემთხვევა, ალბათ ვერც ვერასდროს გათავისუფლდებოდა იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელსაც გარემო პირობები და კეთილის მოსურნეები სთავაზობენ ახალგაზრდა ქალებს. ისტორიების უმრავლესობა ძირითად შემთხვევაში პერსონაჟის ყოველდღიური სივრცის ცვლილებასთან ერთად იწყება, „ჩემი ოთახის“ შემთხვევაში კი ამ ახალ და მაგიურ სივრცეს მეგის (მარიკა ხუნდაძე) ნაქირავები პატარა 2 ოთახიანი ბინა წარმოადგენს, რომელიც საბაბი ხდება მთავარი პერსონაჟის ნელი, თუმცა ეფექტური ტრანსფორმაციის.

ფილმის ერთ-ერთ მთავარ სიძლიერეს ნამდვილად წარმოადგენს ის, თუ როგორ ადევნებს მაყურებელი თვალს მთავარი გმირის შინაგან ცვლილებას. ისტორიის დასაწყისში ის სრულიად გაუცხოებულია ახალი გარემოსგან, რომელშიც ფაქტობრივად იძულებით მოხვდა და მეგის პიროვნებაც ერთგვარ სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენს მისთვის. მას არ აქვს სურვილი დატოვოს კომფორტის ზონა ან თავით გადაეშვას ახალ ცხოვრებაში. ეს უკანასკნელი ძალიან კარგად ჩანს მანქანაში შეყვარებულთან დაშორების სცენაში. ის ბექასთან ერთად ებღაუჭება ყველაფერ ნაცნობს და ახლობელს, თუმცა მისი თავიდან დაბადება მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როდესაც საბოლოოდ თავისუფლდება წარსულისაგან. თინას გმირი ერთგვარ „თანამედროვე კათარზისს“ გადის, იმისათვის, რომ გახდეს თავის თავის პატრონი და მოიპოვოს ცოტაოდენი თავისუფლება მაინც. ფილმის დასასრულს კი ის აღარაა სხვაზე დამოკიდებული, ენდობა ინსტინქტებს, აქვს სამსახური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ოთახი.
ორსონ უელსი კინოს ყველაზე ცენტრალურ და მნიშვნელოვან ობიექტად მსახიობს ასახელებს. ეს აზრი საკამათოა არაერთი რეჟისორისა თუ კინომცოდნისათვის, თუმცა იმის თქმა, რომ „ჩემი ოთახი“ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა თაკი მუმლაძის და მარიკა ხუნდაძის შეუდარებელი შესრულება, თავისუფლად შესაძლებელია. რთულია მაყურებლისათვის შეუმჩნეველი დარჩეს ბუნებრივი, ძალდაუტანებელი ქიმია, რომელიც პერსონაჟებს შორის არსებობს და ის არამხოლოდ დიალოგების დროს, არამედ სხეულებრივადაც გამოიხატება კადრში. გოგოების სხეულები ცნობენ ერთმანეთს და მუდმივ კავშირში არიან, იქნება ეს საყვარელი ადამიანისათვის თმის გასწორების, ენის მოჩლექვის თუ მცირეოდენი შეუმჩნეველი ზრუნვის აქტი. მსახიობები, რომლებიც ნამდვილ ცხოვრებაშიც „რუმმეითები“ იყვნენ ეკრანზეც ბუნებრივები და რეალურები რჩებიან. რეალურია მათი სხეულები, გამონაყარი სახის კანზე და რაც მთავარია ლაპარაკის მანერა. ქართული ფილმები ხშირად დამსახურებულად კრიტიკდება სუსტი დიალოგების გამო, სადაც პერსონაჟები რეალობისგან სრულიად აცდენილ ენაზე საუბრობენ. „ჩემი ოთახი“ ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა, საუბრის თემატიკა, ლექსიკა, ლაპარაკის დროს პაუზები და უხერხული სიცილებიც კი ავთენტური და პერსონაჟებისთვის შესაფერისია. შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ქრება უხილავი ბარიერი მაყურებელსა და გმირებს შორის და ისეც საკმაოდ პერსონალური ამბავი კიდევ უფრო პერსონალური ხდება.

მეგის პატარა სამყარო, რომელსაც რეჟისორი გვიჩვენებს, თანამედროვე თბილისის სახეა, სავსე არაფხიზელი მდგომარეობით, ინგლისურენოვანი სამსახურებით და არასტაბილური, ფასადური ურთიერთობებით. ერთი მხრივ ხსნა ძველი და არაჯანსაღი სივრცეებისგან, მეორე მხრივ კი გარემო, რომელიც მოკლებულია გულწრფელობას და სითბოს. შესაბამისად რამდენადაც თინას სჭირდება მეგი იმისათვის, რომ გახდეს უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, იმდენად საჭიროა თინას პერსონაჟი მეგისათვის, რომ დაამყაროს სიყვარულზე და ზრუნვაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
„ჩემი ოთახის“ კატეგორიზაცია ნაკლებად ხდება, როგორც ქვიარ ფილმის, რადგან ის არ წარმოადგენს ამ მიმართულების კლასიკურ შემთხვევას, სადაც უდიდესი აქცენტი გმირების ორიენტაციაზე კეთდება. ორივე სექსუალური აქტის სცენაში მიზანიც ნაკლებად ხდება გოგოებს შორის არსებული ვნება ან მიზიდულობა. მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ შემთხვევაში თანაგრძნობა, ტკივილის გაზიარების სურვილი და სიყვარულია. თუმცა მეორე მხრივ, „კლასიკური“ ქვიარ ფილმების მთავარ პრობლემას ხშირად წარმოადგენს ის, რომ ზედმეტად ზედაპირულად უდგება საკითხს და ქვიარ ურთიერთობებს მხოლოდ ერთი მიმართულებით განიხილავს, რაც რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო კომპლექსურია, ისევე როგორც სოსო ბლიაძის ფილმში.
ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომელიც ფილმს გააჩნია, მასში ტრავმის ჩვენების ფორმაა. ქართულ კინოში, ისევე როგორც ქართულ რეალობაში, ხშირად გვხვდებიან ქალები, რომლებზეც სექსუალურად ან ფიზიკურად იძალადეს. კინოში მათი ხატის შექმნა და სწორი იმიჯების ჩვენება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, თუმცა ავტორები ძირითადად ამ საქმეს ზედაპირულად და ნაკლები ცოდნით ეკიდებიან. ეკრანზე მსხვერპლი ქალების სახე უმეტესად დაჩაგრული, სასოწარკვეთილი და უბედურია. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ხანდახან ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავადაც კი არ აქვთ გააზრებული თუ რა შეემთხვათ. სხეულზე ჭრილობები და ნაიარევები არ ხდის აშკარას თუ რამდენად აღიქვამენ მათ თავს მომხდარ ამბავს და მით უმეტეს არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი სიცოცხლის დასასრულად წარმოუდგენიათ. თინა მის ცხოვრებაში მომხდარ შემზარავ შემთხვევას უხერხულობით და სიცილით ყვება, იმისგან განსხვავებით, თუ როგორ აღიქვამენ ამ ინციდენტს გარშემომყოფები. შესაძლოა ეს პირველი შემთხვევაც კი იყოს, როდესაც მას ამ ისტორიის მოყოლის საშუალება საკუთარი სიტყვებით და პერსპექტივიდან აქვს. ვფიქრობ, ემოციური საკითხის ადეკვატურად და რეალისტურად ასახვაში დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ ფილმის თანასცენარისტი ახალგაზრდა ქალი, თაკი მუმლაძეა, რომელიც სიღრმისეულად აღიქვამს ამბავს, რომელსაც ყვება.

ფილმის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა და გადაღებებიც სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა. პერიოდმა, რომელიც კრიზისული აღმოჩნდა მთელი კინო სამყაროსათვის, იდეალური პირობები შექმნა გაჩენილიყო თანამედროვე ხარისხიანი ქართული კინო. იმის თქმაც კი შესაძლებელია, რომ პანდემიას ფილმში დამატებითი შრე შემოაქვს და უხდება ამბავს. ჩაკეტილობა, შეზღუდვა და დახუთულობა მხოლოდ პერსონაჟებს შიგნით კი არ მიმდინარეობს, არამედ ის გარემოზეც ვრცელდება. ამიტომ სცენა, როდესაც გოგოები კომენდანტის დროს გარეთ გადიან და ხიდიდან ბოლო ხმაზე ყვირიან ერთგვარი გათავისუფლების და სიმშვიდის გრძნობას იწვევს მაყურებელშიც. ასაღნიშნავია ისიც, რომ მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ამ ფილმის უდიდესი ნაწილი საკუთარი სახსრებით და ახლო ადამიანების დახმარებით შექმნა, რაც ინსპირაციის მომცემია ყველა ადამიანისათვის, რომელსაც სურს თავის იდეები რეალობად აქციოს. მე თუ მკითხავთ, „ჩემი ოთახი“ ნამდვილად იმსახურებს არაერთ კომპლიმენტს მაყურებლისაგან და აჩენს იმედს თანამედროვე ქართული კინოსთვის, რომელიც თავისუფალია განმეორებადი და გაცვეთილი პატერნებისგან.