top of page
  • ლიზა ალფაიძე

სერგო გოთორანი - სევდიანი ხმა გეტოდან


“სანამ ომი დაიწყებოდა, ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობდით, ძალიან კარგად ვცხოვრობდით, ზღვასთან, მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა, მერე ჩვენთან ომი დაიწყო, მერე ჯერ ჩემი ძმა წავიდა ომში და მერე მამაჩემიც გაჰყვა ... მერე მამაჩემმა ჩემი ძმა მკვდარი წამოიყვანა, დახვრიტეს და ღორებს აჭამეს” - იწყებს სერგო, 10 წლამდე ასაკის ბიჭი, მშვიდი ხმით, ისე, თითქოს რაღაც ძალიან ნორმალურსა და ჩვეულებრივს გვიყვება, თითქოს ის, რასაც ამბობს შემზარავი არ არის და ვხვდებით, რომ სწორედ ტრაგედიაა სერგოს ყოველდღიურობა და ბიჭმა მასთან თანაცხოვრება ისწავლა.
დღეს, საქართველოში 300 000-მდე დევნილი ცხოვრობს, რომელთა უდიდესი ნაწილი აფხაზეთიდანაა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში 300 000-მდე ადამიანს სერგოს ოჯახის მსგავსი, ან ზოგჯერ უარესი ისტორია აქვს გამოვლილი, თუმცა ეს ამბები ძირითადად იკარგება, ჩაკეტილ სოციუმში რჩება, ან ლეგენდებად და იგავებად იქცევა და ისე ვრცელდება. ირაკლი ფანიაშვილის "სერგო გოთორანი" კი პრაქტიკულად ერთადერთი ფილმია, რომელიც პირდაპირ, შეულამაზებლად, ჰეროიკულობისა და გადაჭარბებული სენტიმენტების გარეშე გვიამბობს იმას, რაც ჩვენს გვერდით მცხოვრებ ადამიანებს დაემართათ, რასაც ქვეყნის დანარჩენმა მოსახლეობამ თვალი ავარიდეთ, რაც დავივიწყეთ, რადგან ალბათ არ ვიცოდით, როგორ მიგვეღო, ან გადაგვეხარშა მსგავსი სისასტიკე და ტკივილი.
ფილმი იწყება სერგოს მამის,რევაზის ციხიდან გათავისუფლებით, ბიჭის მონაყოლით ვიგებთ, რომ კაცი ციხეში შავი BMW-ს დაყაჩაღებისთვის ჩასვეს, ისეთივე მანქანის, როგორიც მან აფხაზეთიდან წამოიყვანა, მაგრამ გზად წაართვეს. მანქანა კაცისთვის ერთგვარი იდეაფიქსია, მისი მოპოვება რევაზისთვის ყველაფერს გამოასწორებს, წარსულ ცხოვრებასა და ნაღმზე აფეთქებისას დაკარგულ ფეხს დაბურუნებს, მკვდარ შვილს გაუცოცხლებს.. “სერგო გოთორანი” თავისუფლად შეიძლება “მე ვარ ბესოსა” და “ღორის” წინაპრად მივიჩნიოთ, სტილი ფანიაშვილთანაც კვაზი-დოკუმენტურია, გარემო ღარიბი და დეპრესიული, თუმცა თუ ლაშა ცქვიტინიძისა და გიგა ლიკლიკაძის ფილმებში იუმორის ადგილიც რჩება, “სერგო გოთორანში” არაფერია სასაცილო. ფილმის დამდგმელი ოპერატორი ნათელა გრიგალაშვილია, ქალი, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად იცის, როგორ აჩვენოს სიღარიბე ისე, რომ მისი ესთეტიზაცია არ მოახდინოს, გვაჩვენოს, რომ გარემო, რომესაც ვუყურებთ პერსონაჟების ცხოვრების ორგანულ ნაწიალდაა ქცეული და კადრში იმიტომ არ ხვდება, რომ მათდამი სიბრალული გვაგრძნობინოს.
ციხიდან გამოსული მამა, დედა და სერგო სახლში მიდიან, სადაც ბაბუის პერსონაჟს ვიცნობთ, მოხუცს, რომელიც სერგოს მეგობარი და ბავშვის გარდა, ფილმში არსებული ერთადერთი ხმაა. სერგო მთხრობელია, ბაბუა კი ოჯახის წევრებთან დიალოგშია, რომელიც ძირითადად მონოლოგის სახისაა, ხუმრობს, იცინის, მღერის. სერგოს ოჯახის წევრები თავისუფლად შეიძლება გლოვის სხვადასხვა საფეხურებად აღვიქვათ ბაბუა უარყოფაა, მხიარულებით ცდილობს, რომ დაივიწყოს ის, რაც გადაიტანა, მამა - ბრაზი, ციხიდან დაბრუნებული კაცი ვერ ეგუება ახლებურ ცხოვრებას, დედა -დეპრესია, ჩუმი და სევდიანი ქალი რუტინულ ყოველდღიურობაშია ჩაფლული და ცდილობს ოჯახი არჩინოს, სერგო კი ალბათ გლოვის ბოლო საფეხურია - მიღება, მას სხვანაირი ცხოვრება არ უნახავს, ბავშვზე მემკვიდრეობითი ტრავმაა გადმოსული და არა პირადი ტკივილი, სწორედ ამიტომაა, რომ ბიჭი უემოციოდ გვიყვება ოჯახის ისტორიას, მისთვის გადატანილი ტრაგედია ყოველდრიურობის შემადგენელ ნაწილადაა ქცეული.
საინტერესოა, რომ მამის დაბრუნების შემდეგ დედა სამუშაოდ მიდის და დროებით უჩინარდება, რაც ორნაირად შეიძლება წავიკითხოთ, ერთი მხრივ, ის სრულიად გაუცხოებულია ქმარს, ომის შემდეგ, მან ახალი ცხოვრება რევაზის გარეშე ისწალა, მეორე მხრივ კი ქალის გაქრობა სიმბოლურად შეიძლება აღვიქვათ, სერგოს ოჯახი დევნილია, მათთვის ცხოვრება ორადაა გაყოფილი, ომამდე და მის შემდეგ და სწორედ ამიტომ ვეღარც ოჯახი მთლიანდება, სერგომ, ბაბუამ და დედამ ისწავლეს ახალ ადგილას ცხოვრება, მამა კი ისევ აფხაზეთშია, ომში.
ამოჩემებული შავი BMW საბედისწერო გახდება რევაზისთვის, მანქანის კიდევ ერთხელ მოპარვის მცდელობისას მას ფიზიკურად გაუსწორდებიან, რამდენიმე დღის შემდეგ კაცი კვდება. პატარა სერგო მეზობელთან ერთად თხრის საფლავს, შემზარავ რეალობას მიჩვეული ბავშვი ისევ აუღელვებლად გვიყვება, თუ რა სიღრმეზე უნდა გაითხაროს საფლავი, დედა მამის სიკვდილის შემდეგ ბრუნდება, ოჯახი ძველი შემადგენლობით აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა ჰაერში გამოკიდებული რჩება ბაბუას სიმღერა, რომლითაც ფილმი სრულდება “სერგო, ჩემი და შენი გაჭირვება, როდის გახდება დალხინება?"


Comments


bottom of page