მარეშალი: "ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდეს ეს საშინელი ომი... იმედია, ეს ბოლო ომია".
როზენტალი: "ო, შენ თურმე ილუზიებში ცხოვრობ!"
ჟან რენუარი – „დიდი ილუზია“, 1937 წელი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, მეოთხედ ვუყურე ჟან რენუარის ფილმს „ეს მიწა ჩემია“.
1940 წელს, საფრანგეთში გერმანელების შესვლის შემდეგ, ჟან რენუარი ნაცისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაექცა. 1943 წელს თავის პირველჰოლივუდელ მეგობართან – დადლი ნიკოლსთან თანამშრომლობით გადაიღო ფილმი "ეს მიწა ჩემია", რომლითაც უნდოდა ამერიკელებისთვის ეჩვენებინა, რომ მტრის მიერ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქისთვის ცხოვრება ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ამას 1943 წელს ჰოლივუდში ფიქრობდნენ. არ არის რთული იყო გმირი და კაფე „მოთამაშეებში“ გაბედულად აკრიტიკო ვიშის მთავრობა, როცა მტერი 10 000 კილომეტრის დაშორებითაა.
ამერიკელებმა ეს ფილმი ვერ დააფასეს, ვერ მიიღეს. არა იმიტომ, რომ ყოველთვის 10 000 კილომეტრის მოშორებით იყვნენ, ან იმიტომ, რომ ფილმი შეზღუდული ბიუჯეტითა და შესაბამისად ბევრი ხარვეზით იყო გადაღებული. არამედ იმიტომ, რომ ჟან რენუარი ვერ/არ მოერგო ჰოლივუდსა და მისი წარმოების სისტემას, არასდროს გამხდარა „კომერციული“.
ფრანსუა ტრიუფო ჰოლივუდზე საუბრისას წერს - „აქ ყოველთვის გულითადად ხვდებიან უცხოელებს, მაგრამ ერთი პირობით: შემოსვლისას კარგად უნდა გაიწმინდონ ფეხსაცმელი, რათა ფეხსაცმლის ძირზე მიკრული თავიანთი სამშობლოც თან არ შემოიყოლონ“. ჟან რენუარს ფეხსაცმელი კარგად არ გაუწმენდია (ამიტომაც დაბრუნდა რამდენიმე წლის მერე სამშობლოში). „ეს მიწა ჩემია“ ამერიკულზე მეტად ფრანგული ფილმია. ამ სურათმა ფრანგები ისე გააბრაზა, რომ რეჟისორს ამერიკაში უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნეს, პარიზულმა პრესამ კი ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
ფილმის დასაწყისში გვამცნობენ, რომ მოქმედება "სადღაც ევროპაში" ვითარდება. მერე რა, რომ უამრავი დეტალი ვიშის საფრანგეთზე აშკარა მინიშნებაა?! რენუარის კინოსთვის დრო და სივრცე არ არსებობს. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ დღეს, 80 წლის შემდეგ, „ეს მიწა ჩემია“ ყველაზე თანადროული ფილმია. განსაკუთრებით ჩვენთვის, ანუ მათთვის, ვინც ყოველთვის ცენტრშია და არასდროს – 10 000 კილომეტრით დაშორებული.
ოკუპაციისთვის საბრძოლო ტექნიკასა და ჯარისკაცებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ე.წ. რბილ ძალას, "პატიოსან ლამბერებსა და უსინდისო მანვილებს", რომლებიც ხალხში "მშვიდობის იდეას" გაავრცელებენ – "თუ ყველა მოწინააღმდეგე ჩაბარდება, მშვიდობა დაისადგურებს... ერს რა მოუვა თუ ყველანი დავიღუპებით? ასეთი მსხვერპლის ფასად ბრძოლა არ ღირს." არადა, ფილმის საწყის კადრებში არაერთი რაკურსით ვხედავთ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალს წარწერით – "მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს დაღუპულთა პატივსაცემად".
„გაჩანაგებას ისინი მშვიდობას უწოდებენ“, თავისუფლება კი სინამდვილეში ოკუპანტების კანონებითაა შეზღუდული. „დაიცავით ყველა წესი, რათა შეინარჩუნოთ თავისუფლება“ – ანუ ითანამშრომლეთ ნაცისტებთან, დაასმინეთ საბოტაჟის მომწყობი, დამნაშავის ვერ პოვნის შემთხვევაში სანაცვლოდ 10 მძევალი დახვრიტეთ, დაწვით „სახიფათო“ წიგნები და შეინარჩუნეთ თავისუფლება. ზოგი თანხმდება ასეთ მშვიდობასა და თავისუფლებას, ზოგი კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უპირისპირდება. ფილმის მთავარი გმირი, საშუალო ასაკის სკოლის მასწავლებელი ალბერტ ლორი (ჩარლზ ლოტონი), ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუმჩნეველი დარჩეს და თავის ნაჭუჭში ცხოვრება გააგრძელოს. ის მშიშარა და მორცხვია. თავის კოლეგას, ქარიზმატულ და მამაც ლუიზა მარტინს (მორინ ო’ჰარა), სიყვარულში გამოტყდომასაც ვერ უბედავს. მაშინ, როდესაც ლუიზას ძმა საბოტაჟს აწყობს და პროფესორი სორელი ანტისაოკუპაციო პროკლამაციებს წერს, ალბერტ ლორი მეტისმეტად მზრუნველი დედის კალთასაა გამოკერებული, ყოველ დილას თბილ რძეს სვამს, აკრძალულ წიგნებს მორჩილად ხევს და ვერტმფრენების ხმაზე შიშისგან ცახცახებს.
...მაგრამ როდესაც ადამიანი თავის თავში თავისუფლებას აღმოაჩენს, ხელისუფალნი მის წინაშე უძლურნი ხდებიან…
გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ალბერტ ლორისთვის ნათელი გახდება ოკუპაციის ნამდვილი მიზანი – მშრომელი ადამიანის მონად ქცევა, ის მიხვდება, რომ ერთადერთი გზა, რაც დაპყრობილ ხალხს დარჩენია, საბოტაჟია. როდესაც ალბერტი აღმოაჩენს, რომ თავისუფალი და შესაბამისად, პასუხისმგებელია, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ყველას წინაშე, ის სასამართლოში თავისუფლებისა და ოკუპაციის შესახებ შთამბეჭდავ სიტყვას წარმოთქვამს. ე.ი. აწყობს საბოტაჟს და თავისუფლებისთვის სიცოცხლეს წირავს.
ბევრმა მაყურებელმა ვერ დაიჯერა ჩარლზ ლოტონის პერსონაჟის გმირად ქცევის შესაძლებლობა, ზოგს ძალიან გულუბრყვილოდ, ზოგს კი პათეტიკურად და თეატრალურად მოეჩვენა სასამართლოს წინაშე ალბერტ ლორის სიტყვით გამოსვლა. მაგრამ ეს ხომ ჟან რენუარია?! მასთან ყველას, ვინც დიდებას არ ეძებს, შეუძლია გახდეს გმირი, ყველას აქვს შანსი, ერთდროულად იყოს სუსტიც და ძლიერიც, მხდალიც და მამაციც.
ის, რაც ჟან რენუარს ყველაზე მეტად აინტერესებს, არის ადამიანი. მას ყველა უყვარს, უფრო სწორად, არავინ სძულს და ამით ის ძალიან ჰგავს ალბერტ ლორის. "რენუარის გენია სწორედ ისაა, რომ მაშინაც კი, როდესაც იგი მორალური თუ სოციალური სიმართლის სადარაჯოზე დგება, ამას არ აკეთებს იმ პერსონაჟების ხარჯზე, ვინც განასახიერებს მცდარ პოზიციას, და არც მათი იდეალურობის ხარჯზე. ის ადამიანებსა და იდეებს აძლევს არსებობის ყველა შანსს"– ამბობდა რობერტ ბრესონი.
გულის სიღრმეში ალბერტ ლორი მშიშარა არასდროს ყოფილა. მას ხომ პროკლამაცია ბოლომდე არ დაუწვავს?! სხვა აკრძალულ წიგნებთან ერთად არც 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის უდიდესი მონაპოვარი – ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია – გაუნადგურებია. ბოლო გაკვეთილზე, მანამ, სანამ გერმანელი ჯარისკაცები მასწავლებლის წასაყვანად მოვლენ, სწორედ ამ დეკლარაციას უკითხავს ალბერტი მოსწავლეებს და მიმართავს: „მათ შეუძლიათ მისი ეგზემპლარები დაწვან, მაგრამ ჩვენს მეხსიერებას ვერ წაშლიან, თქვენ მას ისევ დაწერთ!“
სანამ ეს მიწა ჯერ კიდევ ჩვენია – „მოქალაქენო, ნუ ენდობით დამპყრობთა კეთილშობილებას, მათ თუ აქედან არ გავაძევებთ, ჩვენს ხალხს საუკუნო მონობა ელოდება. წინააღმდეგობა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაე, ყველამ თქვას თავისთვის – ეს მიწა ჩემია!“
Comments