top of page
  • ეს არის კინო

“სამძივარი”, ანიმაციური ფილმი მითოლოგიურ ქალღმერთზე -  ინტერვიუ იდეის ავტორებთან

ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი გუნდი (WISG) წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ფემინისტური ფილმების ფესტივალს -”როზადან სიმონამდე”, რომელიც 8-9-10 მარტს, Mutant Radio-ს დახურულ სივრცეში გაიმართება. 
ფესტივალს გახსნის ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი ანიმაციური ფილმი “სამძივარი”. 

ანიმაციის სთორიბორდსა და რეჟისურაზე სანდრო ქათამაშვილმა იმუშავა,  დამდგმელი მხატვრები ანუკ ბელუგა და სანდრო ქათამაშვილი არიან, მუსიკასა და ხმის დიზაინზე ანი ზაქარეივილი მუშაობდა, ანიმატორები თათა მანაგაძე და ავთო გვარამია არიან, მთავარ პერსონაჟებს კი - ანა ქურთუბაძე, ანა გასოევი, მარიამ ხანჩალიანი და გიორგი გუგავა ახმოვანებენ.

ეს არის კინოს გუნდი ესაუბრა იდეის ავტორებს - WISG-ის დირექტორს - ეკა წერეთელს და კვლევებისა და განათლების მიმართულების კოორდინატორს - ნინო ხარჩილავას 


პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ანიმაცია, როგორც მედიუმი, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაში? 

ნინო: მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაკეთებდით ვიდეოებს, სტატიებს, ანიმაციის მედიუმის შემოტანა ძალიან საინტერესოდ გვეჩვენებოდა. თუმცა ვიცოდით რომ არ იყო მარტივი, რადგან ანიმაციის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ხანგრძლივი, რთული იყო დონორი ორგანიზაციებისთვის დასაბუთებაც.
ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ სფეროს, განსაკუთრებით კი ქართულ ანიმაციაზე მომუშავე ქალებს, გარდა ამისა, ნახატი საშუალებას გაძლევს, რომ ზღაპრული, წარმოსახვითი ელემენტები შემოიტანო, იმოგზაურო სხვადასხვა ესთეტიკასა და სტილში.
სხვადასხვა მიმართულების არტისტებთან ერთად მუშაობა. სხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან ერთად შემოქმედებით პროცესში ყოფნა, თავისთავად არის ძალიან საინტერესო და ღირებული ჩვენთვის. როგორც ორგანიზაციას, გვაქვს ჩვენი ხედვა, ეთიკა და ესთეტიკა, არტისტებთან თანამშრომლობაც ხშირად გულისხმობს ურთიერთკომპრომისებზე წასვლას. 
ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რასაც ვქმნით არ ჰგავდეს სარეკლამო ნამუშევრებსა და ვიზუალებს და არ იყოს გაბატონებულ პატრიარქალურ ვიზუალურ სტანდარტებთან თანხვედრაში. არტისტებთან ერთად სწორედ ამ ასპექტებზე, გამომსახველობით თუ შინაარსობრივ დეტალებზე მსჯელობა, გვგონია, რომ განსაკუთრებით ღირებულია.
ძალიან მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანისა თუ სტუდიის, რომელთანაც გვითანამშრომლია, რადგან მთელი ეს პროცესი, ცოდნისა და კრიტიკის გაზიარებაზე დგას.

ეკა: როგორც ნინომ აღნიშნა, ვცდილობთ მეინსტრიმული იმიჯების გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი და კომუნიკაციის პროცესში განსხვავებული ესთეტიკა გამოვიყენოთ. ზოგადად, არასამთავრობო სექტორი, კომუნიკაციის პროდუქტების შექმნისას, სტანდარტული საპროექტო მატრიცით მოქმედებს, რაც ჩარჩოებში აქცევს სხვადასხვა მედიუმს, არ აქვს მნიშვნელობა ვიდეო იქნება, გამოფენა, თუ ნებისმიერი სხვა გამომხატველობითი ფორმა.ჩვენ ვცდილობთ, რომ არ გვქონდეს პროექტული მიდგომა, ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და არტისტებთან თანაქმნადობის შედეგი მივიღოთ.
ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა კომუნიკაცია, ბევრს ვმსჯელობდით, თუ როგორ შემოგვეტანა ალტერნატიული ხერხები და მედიუმები, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო მასალა, სწორედ ამ დროის დაიბადა ანიმაციების შექმნის იდეა.


“სამძივარის” შექმნის პროცესზეც რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიბადა ანიმაცია?

ეკა: “სამძივარი” ჩვენთვის მეოთხე ანიმაციაა, პროცესი ფონდების მოძიებით დავიწყეთ, შედეგად, სამი სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, შევძელით მისი განხორციელება, ესენია: ქალთა გლობალური ფონდი და შვედური ორგანიზაციები RFSU და RFSL.
ანიმაციის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, დაახლოებით 2 წელი ვმუშაობდით. 
იდეა დაიბადა ერთ-ერთი პორექტის განხორციელების შემდეგ, 2021 წელს გავაკეთეთ ფემინისტური, 13 თვიანი, ქალღმერთების კალედარი, ამ ქალღმერთთა შორის, ერთ-ერთი თვე, სწორედ სამძივარის იყო. გადავწყვიტეთ, რომ ანიმაციაც მასზე გაგვეკეთებინა.2022 წელს უშუალოდ სცენარზე დავიწყეთ მუშაობა, 2023 წელს კი წარმოების ფაზა იყო.


ქართულ მითოლოგიაში არაერთ ძლიერ ქალს ვხვდებით, რატომ აირჩიეთ კონკრეტულად სამძივარი?

ეკა: სამძივარი გამორჩეული, საინტერესო და ძალიან ძლიერი, მთის ქალღმერთია, მის შესახებ ინფორმაცია ძირითადად ხევსურეთში, ანდრეზებადაა (მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები) შემორჩენილი, როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთ ძლევამოსილ ქალღმერთად ითვლება, რომელიც ხახმატის წმინდა გიორგის მოდე (დობილი) იყო. 

ნინო: ანდრეზების ენა ძალიან მდიდარი და ჩვენთვის უკვე გაუცხოებულია, ამიტომ ცალკე მოგზაურობა იყო, ამ ენასა და სიტყვებში გარკვევა. “სამძივარზე” მუშაობისას, გადავწყვიტეთ, რომ ეს სიტყვები შეგვენარჩუნებინა.
ანდრეზების გაგებასა და ინფორმაციის მოპოვებაში ეკა აღდგომელაშვილი და ნინო ბარძიმიშვილი გვეხმარებოდნენ, ჯერ კიდევ კალენდარზე მუშაობისას, შემდეგ კი უკვე უშუალოდ ანიმაციის შექმნის პროცესში. 
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამძივარი ავირჩით, არის სხეულთან დამოკიდებულების თემა, რისი გაშლის საშუალებაც მოგვეცა მუშაობისას. სამძივარი ქაჯთა მეფის ასულია და მიღმიერი სამყაროდანაა გადმოსული, ის სხეულს საკუთარი სურვილისამებრ მოირგებს, შეუძლია გაქრეს ან განსხეულდეს, ყოფაში შემოვიდეს და ადამიანებს შორის იცხოვროს. იგი ფლობს თავის სხეულს, სექსუალობას და იყენებს ისე, როგორც უნდა, შეიძლება ითქვას, რომ სრული ავტონომია აქვს მათზე.

ეკა: გარდა ამისა, სამძივარი ბარის საქართველოსთვის ნაკლებად ცნობილია, განსხვავებით მაგალითად დალისა ან ეთერისგან, რომლებსაც უფრო მეტად იცნობენ. 


სცენარზე მუშაობის პროცესზეც რომ გვიამბოთ…

ნინო: სცენარის რამდენიმე ვერსია დაიწერა, თავდაპირველად ანდრეზებიდან ინფორმაცია მოაგროვა და დაწერა ნინო ბარძიმიშვილმა, თუმცა საბოლოო ვერსიაზე ჩამოყალიბება, გუნდური მუშაობით მოხერხდა, ნამუშევრის სცენარისტი ნიკოლოზ მდივანია, რომელმაც ამბავი ანიმაციისთვის შესაბამის ფორმატსა და ხუთ წუთში მოაქცია. 
ნამდვილად არ იყო სცენარზე მუშაობის პროცესი მარტივი, როგორც ანდრეზებში გარკვევა, ასევე იმ თემის წამოწევა, რაზეც ძირითადი აქცენტის გაკეთება გვსურდა. 

ეკა: სცენარის პირველი ვერსია, ანიმაციას დაახლოებით 20 წუთამდე ზრდიდა, რაც, რა თქმა უნდა, ხარჯთან იყო დაკავშირებული. დიდი გამოწვევა იყო მცირე ქრონომეტრაჟში მთელი ამ ამბის ჩატევა. იმედი გვაქვს, რომ ის ჯადოსნობა, რამაც სამძივარში აღგვაფრთოვანა მაყურებლამდეც მიაღწევს. 


Comments


bottom of page