top of page
ანი კილაძე

რომკომები და დეითინგ აპები

Updated: Feb 14

Do I listen to pop music because I’m miserable or am I miserable because listen to pop music?
- High Fidelity, 2000
რომანტიკული კომედიები, ისევე, როგორც პოპ მუსიკა, თითქმის უკვე ასწლეულია მაყურებლისთვის მარტივი სეროტონინის გამოყოფის გზაა. ცოტა ხნით მოწყვეტა რეალური და მოსაწყენი ცხოვრებისგან, დამღლელი სამსახურისა თუ სტრელიზებული ურთიერთობებისგან, რომლებსაც ყოველთვის აკლია ზღაპარი და მით უმეტეს სიყვარული. რომანტიკული კომედიების სიუჟეტის ფორმულა მარტივია და ჯერ კიდევ კინოს გამოგონებამდე, შექსპირის ტექსტებიდან იღებს სათავეს. იმისათვის, რომ ამბავმა იმუშაოს აუცილებელია ორი პერსონაჟი, კონფლიქტი, რომელიც ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთთან აკავშირებს და ბედნიერი დასასრული. დეკადების განმავლობაში, კინოს ცვლილებასთან ერთად, ამ ფორმულას დაემატა სხვადასხვა დეტალები, შეიცვალა გარემოებები და შეიცვალნენ პერსონაჟებიც, თუმცა მისი ძირითადი დამახასიათებელი უცვლელი დარჩა. ის, რაც ადამიანებს დღემდე აიძულებს ჩართონ არაერთხელ ნანახი ფილმები თავიდან, დაიჯერონ დაუჯერებელი და უყურონ მრავალჯერ განმეორებული სიყვარულის ისტორიას, ბედნიერი დასასრულის მოლოდინია და ცოდნა, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.
პირველი ფილმები, „Sherlock Jr” და „Girl Shy“, რომლებიც შესაძლოა რომკომად პოზიციონირდეს, კინოს ისტორიაში, ერთი საუკუნის წინ, 1924 წელს გამოჩნდა. მეინსტრიმული კინო, მათ შორის რომკომებიც, ყოველთვის ატარებდა მესიჯებს, რომლებიც ეპოქისათვის რელევანტური იყო, შესაბამისად მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, ყველაზე დიდი პოპულარობით ამ ჟანრში „მანერული კომედიები“ სარგებლობდა. ამ ჟანრის ფილმების უმეტესობაში, როგორც წესი მდიდარ და მაღალი კლასის წარმომადგენელ ადამიანს, მასზე ღარიბი და მუშათა კლასის პერსონაჟი უყვარდებოდა. დიდი დეპრესიის დროს, მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკა გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, ხოლო ხალხის უმრავლესობას სამსახური და ფული არ ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო აქცენტის გაკეთება სიყვარულზე, რომელიც მატერიალურ მოთხოვნილებებზე აღმატებული იყო.
40-იან წლებში პოპულარული ხდება მიმდინარეობა „ქარაფშუტული კომედიები“, სადაც აქცენტი აქტიურ, სასაცილო ქალ პერსონაჟებზე კეთდებოდა და გონებამახვილ, ენამოსწრებულ დიალოგებზე. პერსონაჟებს შორის საუბარის მსგავსი დინამიკა შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ დამკვიდრდა რომკომების ჟანრში და დღემდე დამახასიათებელია.
50-70-იანი წლებიდან რომანტიკულ კომედიებში უკვე სექსუალურ მიზუდულობასა და გმირებს შორის ქიმიაზე კეთდება აქცენტი. ლოგიკურიც არის, რომ მსგავსი ნიშნებით გამოირჩეოდა ეპოქა, რომელიც ქალების სექსუალურ თავისუფლებაზე უფრო აქტიურად იწყებს საუბარს, ხოლო ეკრანებზე მერლინ მონრო ჩნდება. რაც შეეხება 80-იან წლებს, რომელშიც პოპულარული ხდება Annie Hall და შერის განსახიარებული დამოუკიდებელი, ჭკვიანი და სასაცილო ქალები, აქცენტს უკვე საკუთარი თავის სიყვარულზე და ურთიერთგაგებაზე აკეთებს.
რომკომები იმ გაგებით რა გაგებითაც ისინი დღეს არსებობს საზოგადოების ცნობიერში 1990-2000-იანი წლების პროდუქტია. სწორედ ეს ეპოქაა აღიარებული ამ ჟანრის ოქროს ხანად, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ეკრანებზე ჩნდება ისეთი ფილმები, როგორებიცაა: When Harry Met Sally…, Pretty Woman, You’ve Got Mail, Notting Hill, 10 Things I Hate About You, Bridget Jones’s Diary, The Holiday და სხვა მრავალი. ფილმები, სადაც პერსონაჟები ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები არიან, რომლებიც არ არიან იდეალურები, უშვებენ ბევრ შეცდომას, უჭირთ გაუმკლავდნენ თანამედროვე ცხოვრებას, თუმცა სწორი კომუნიკაციის, კომპრომისების, სურვილის და „დიდი რომანტიკული ჟესტების“ ხარჯზე მაინც ახერხებენ ფილმის ბოლოს საყვარელ ადამიანთან დარჩნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რომკომებში ბევრი რამ არის, რაც ცხოვრებაში და ურთიერთობებში წარმოუდგენელი ან არარეალური შეიძლება იყოს, მათი ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას, რაც შეიძლება ნაცნობი თუ ავთენტური გარემო. შესაბამისად, ინტერნეტის გამოჩენამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცვლილებები მოახდინა ამ ჟანრშიც და ცოტა არ იყოს ბუნებრივად გააქრო ჟანრისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ელემენტი „Meet cute”, რაც მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ იცნობდა მთავარი ორი პერსონაჟი ერთმანეთს.
მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები მთავარი კომუნიკაციის საშუალება გახდა და თანამედროვე რომანტიკული ხასიათის შეხვდრების უმრავლესობა ძირითადად გასაცნობი აპლიკაციების დახმარებით ხდება, შედარებით არარეალისტური გახდა სცენები, სადაც წყვილი ერთმანეთს პარკში სეირნობისას, წიგნების მაღაზიაში ან კაფეში ერთი და იგივე ყავის შესაკვეთ რიგში იცნობს. შესაბამისად, თანამედროვე რომკომებმაც დაიწყო სიუჟეტების შექმნა, სადაც „დეითინგ აპები“ არათუ მხოლოდ სასარგებლო, არამედ უკეთესი საშუალებაც კი იქნებოდა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისებად. მაგალითად ფილმში Love, Simon, მთავარი გმირი გეია, რომელიც თავის ორიენტაციაში გამოტყდომას მხოლოდ ანონიმურად ახერხებს და სწორედ ასე იჩენს სასიყვარულო ობიექტსაც, ფილმში Love Hard მთავარი გმირი დაბალი თვითშეფასების გამო, ტყუილი იდენტობით რეგისტრირდება გაცნობის საიტზე, თუმცა მას შემდეგ, რაც პროტაგონისტი მას უკეთ გაიცნობს, ერთმანეთი უყვარდებათ.
ერთი მხრივ, თანამედროვე რომკომები ცდილობენ რომანტიკასა და სიყვარულს მოწყურებული ადამიანებისთვის შექმნან ამბები, რომლებიც რელევანტური იქნება მათთვის, თუმცა ფაქტი, რომ „დეითინგ აპები“ ბევრ სირთულესთან, საფრთხეებთან და უხერხულობასთან ასოცირდება, გარდაუვალია. სწორედ ამ თვისებების გამო ჩნდება რეალურ ცხოვრებასა თუ რომკომებში ნარატივი, სადაც იმისათვის, რომ „იდეალურ პრინცს თუ პრინცესას“ შეხვდე, მანამდე ასობით ბაყაყს უნდა აკოცო. რომანტიკული ცხოვრება, ისევე, როგორც სამსახური გარკვეულწილად მოექცა თანამედროვე და კაპიტალისტური ნარატივის ჩარჩოებში, სადაც ვინც ცდილობს, არ ნებდება და იბრძვის, აუცილებლად აღწევს წარმატებას. თუმცა ეს ნარატივი ივიწყებს პერსონაჟებისა თუ ნამდვილი ადამიანების ემოციური რესურსის მარაგს, ტრავმულ გამოცდილებებს, რომლებიც მოაქვს არასასურველ თუ ტოქსიკურ ურთიერთობებს და ინტიმურობის ერთგვარ თამაშად გადაქცევას „რომელიც უნდა მოიგო“.
ბიოლოგიაში „სუპერნორმალური გამაღიზიანებელი“ ეწოდება ბუნებრივი გამღიზიანებლის გადაჭარბებულ და გაზვიადებულ ვარიანტს, რომელიც ორგანიზმების ინსტინქტებზე "თამაშობს." მაგალითისთვის ადამიანის ორგანიზმს არ სჭირდება იმდენი შაქარი, რამდენიც შოკოლადს აქვს, ან იმდენი ცხიმი, რამდენიც ჩიზბურგერს, თუმცა ორგანიზმისათვის ისეც საჭირო ელემენტის გადამეტებული რაოდენობა მას კიდევ უფრო მომხიბვლელს და სასურველს ხდის. სუპერნორმალური გამღიზიანებლები ჩვენს ტვინს დოპამინის - "ბედნიერების ჰორმონის" დიდი დოზით აჯილდოვებს, ეს კი მასზე დამოკიდებულებას იწვევს.
სუპერნორმალური სტიმული თანამედროვე სამყაროში მხოლოდ საკვებზე არ ვრცელდება, მას გავლენა სოციალურ ცხოვრებაზეც აქვს. სოციალურ მედიაში მყოფი ათასობით მეგობარი აჩენს რეალური ურთიერთობების და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის ილუზიას. სუპერნორმალური გამღიზიანებლის კიდევ ერთ გამოვლინებად შეგვიძლია თავისუფლად ჩავთვალოთ „ონლაინ დეითინგი“ და პორნოგრაფიაც, რაც საშუალებას გვაძლევს წვდომა დაუსრულებელი რაოდენობის „პარტნიორებზე“ მოვიპოვოთ, რაც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა. თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი „Hookup culture” თავის თავში ბევრ სასარგებლო, თუ სექსუალობისათვის პოზიტიურ მესიჯს ატარებს, თუმცა ცლის ურთიერთობებს ინტიმურობისა და გამორჩეულობისგან. არჩევანის უსასრულობა და საუკეთესოს პოვნის სურვილი აქრობს იმას, რასაც ადამიანები ზოგადად ხშირად, განსაკუთრებით კი რომკომებში ეძებენ. უსაზღვრო შესაძლებლობების და ათასობით განსხვავებული სცენარის პირობებში კი გაცილებით მარტოსულები და სიყვარულისგან დაცლილები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან.

სოციალური ქსელების და პოსტმოდერნიზმის ერაში რთული სათქმელია, თუ როგორი იქნება რომკომების მომავალი. ერთი მხრივ, სტრიმინგ სერვისები და მონოპოლიური კომპანიები ხელს უწყობს მეინსტრიმ და პოპ ფილმების წარმოებას, რომლებიც მარტივად გაიყიდება, თუმცა, მეორე მხრივ, მსგავს პირობებში შექმნილი ფილმები ნაკლებად გამოირჩევა ხარისხიანი ან ორიგინალური სცენარით და კვლავ ძველ პატერნებს იმეორებს, თანაც გაცილებით ცუდად. რთული სათქმელია, თუ რა ღირებულებას ატარებს რომკომები ზოგადად კინო ისტორიაში და რამდენად მოაქვს სარგებელი იმ რომანტიკული და ცოტა ზღაპრული ხატების შექმნას, რომლებსაც აუცილებლად სასტიკად დაანგრევს რეალური ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ მილიონობით ადამიანის ცუდი და დამღლელი დღე, მძიმე პერიოდი თუ ზოგადად არც ისე კარგი ცხოვრება, სულ ცოტა ხნით უფრო ბედნიერი მაინც გაუხდია ფრაზას: „I'm also just a girl standing in front of a boy asking him to love her“.

Коментарі


bottom of page