top of page
  • ლუკა კაციტაძე

რკინის კლანჭი (2024) ანუ, რაც მამას უნდა

რესლინგის ისტორიამ ამერიკაში ათვლა 1950-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ცივი ომის პერიოდი, რეცესია, „წითლების შიში“ და ზოგადად, არეული სოციო-პოლიტიკური კლიმატი ის ოქსიმორონია, რომელიც ამერიკული გასართობი ინდუსტრიის წისქვილზე ყოველთვის ასხამს წყალს - პროფესიონალური რესლინგის აღზევება 1960-იანებში ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო.
ამ სახელოვნებო, პერფორმაციული სპორტის ისტორიულ ქრონიკაში 80-იანი წლები არის ის პერიოდული მონაკვეთი, როცა რესლინგი მზარდი პოპულარობით სარგებლობს და გადადის ოქროს ხანაში, რაშიც კარდინალური წვლილი ფონ ერიხების ოჯახს მიუძღვის.
ფრიც ფონ ერიხმა განსაკუთრებული პოპულარობა 50-იანი წლების ბოლოს, ოდიოზური პერსონით მოიპოვა და სამხრეთის რინგი, საავტორო მოძრაობით - "რკინის კლანჭით" დაიპყრო. ნაცისტი ბოროტმოქმედის არქეტიპი 60-იანი წლების ამერიკის ინდუსტრიული მასისთვის, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი იყო და ტეხასელმა ხულიგანმა, მაყურებლის ყურადღება, სწორედ ნაცისტური ალტერ-ეგოთი მიიქცია, ის ღიად და დემონსტრაციულად ატარებდა სვასტიკიან ტოგას ბრძოლის პრელუდიამდე და აღსანიშნია, რომ ფრიცი თავის მეწყვილესთან და ინდუსტრიულ „ძმასთან“, ვალდო ფონ ერიხთან (ვალდოს შემთხვევაში, ეს სასცენო ფსევდონიმი იყო, რომელსაც პერფორმაციული სტანდარტები ითხოვდა) ერთად იყოფდა საასპარეზო რინგს.
ფრიც ფონ ერიხი საავტორო მოძრაობით მოწინააღმდეგეზე
რესლინგის ისტორიაში ვერ შეხვდებით ფონ ერიხებზე გავლენიან ოჯახს, რომლის მემკვიდრეობამაც კარდინალურად შეცვალა როგორც რინგის სტანდარტები, ასევე მასზე დგომის თამასაც.
ძმები ფონ ერიხები - მარცხნიდან მარჯვნივ: მაიკი, კევინი, დეივიდი და კერი
ამ წარმატების, გავლენისა და ფენომენალური მემკვიდრეობის მიღმა, ფონ ერიხების ოჯახის გარშემო დატრიალებულმა ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა პროფესიული რესლინგის ისტორიაში.
80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ფონ ერიხების გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე თითქმის ყველა ამერიკელი ლაპარაკობდა, ვისაც მცირედი გადაკვეთა მაინც ჰქონია რესლინგთან.
ასევე ლაპარაკობდნენ ფონ ერიხების წყევლაზეც, ზოგი ამბობდა, რომ როცა ფრიც ფონ ერიხი ადკისონიდან ბებიის გვარზე (ფონ ერიხზე) გადმოვიდა, მას მემკვიდრეობით გადმოჰყვა მისი წინამორბედების ცოდვები (იყო ამბის მისტიფიკაციის მცდელობაც, ბევრი მიიჩნევდა, რომ ტრაგედია ჰოლოკოსტის მსხვერპლი ოჯახთან პარალელი იყო, რომელიც ფრიცის წინაპრებიდან ერთ-ერთმა დახოცა) და უბედობა - ზოგი კი უბრალოდ გულგატეხილი იყო ოჯახის ამბით და სხვა რაციონალურ მიზეზს, ვერც მოიაზრებდა. წყევლა კი რეალურად ის ფაქტი იყო, რომ 1984 წლიდან 1993 წლამდე, ექვსი ძმიდან ოთხმა, ტრაგიკულ ვითარებაში, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე: ჯეკ უმცროსი, დეივიდი, კრისი, კევინი, მაიკი და კერი - ამ ექვსი ბიჭიდან მხოლოდ ერთი, კევინ ფონ ერიხი დარჩა ცოცხალი.
ფრიც ფონ ერიხი ვაჟებთან ერთად
დევიდი, მაიკი, კევინი და კერი რინგზე
2023 წლის მეორე ნახევარში, სტუდია A24-მა ფონ ერიხების ოჯახზე გადაღებული ახალი ბიოპიკი, რკინის კლანჭი (The Iron Claw) დაანონსა, თვალწარმტაცი სამსახიობო ანსამბლით.
ჰარის დიკინსონი, ზაკ ეფრონი, მაიკლ სტენლი სიმონსი, ჯერემი ალენ უაითი
ფილმის თხრობა, რაღა თქმა უნდა, ოჯახის გარშემო დატრიალებული, სერიული ტრაგედიების შესახებ გვიყვება, ხოლო ისტორიის ცენტრალური პერსონაჟი, ზაკ ეფრონის მიერ განსახიერებული კევინ ფონ ერიხია. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ინგრევა ფრიც ფონ ერიხის რესლინგის დინასტია, როგორითვისებს, ყლაპავს მამის სახე-ხატება ბიჭების მომავალს, მათ მისწრაფებებსა თუ რეალურ სურვილებს, როგორ იმალება ამ სისხლით, ოფლით, ძალადობით, სტეროიდებით, ნარკოტიკებით და ალკოჰოლით სავსე ამბის მიღმა ადამიანურობის განსაკუთრებული შრეები და სურვილი - თავისუფლების, „მემკვიდრეობის“ უარყოფის მიმართ. ფილმი სენსიტიურობითა და ქვეტექსტურობით წარმოაჩენს კევინის პერსპექტივას იმ ტოქსიკურობისა და ამბივალენტურობის მიმართ, რასაც მისი დისფუნქციური მშობლები ერთიანად წარმოადგენდნენ, "დედა რელიგიით გვიცავდა, მამა რესლინგით" - The Iron Claw (2024).
რკინის კლანჭი კანადელი რეჟისორის, შონ დურკინის შემოქმედებაში კინემატოგრაფულად ერთ-ერთი ყველაზე შემდგარი სურათია - ნატურაზე ორიენტირებული ობიექტივის მიღმა, მაყურებელი ასევე ითვისებს პერსონაჟთა ემოციურ შრეებს, იზიარებს როგორც მათ ტკივილს, ასევე ბედნიერებას, რასაც საბოლოოდ კრავს კონტექსტიდან გამომდინარე, სივრცობრივად ჩაკეტილი, რინგის და სახლის მიზანსცენები - ასევე აღსანიშნია საოცარი ფერთა გამა, რომელიც მებრძოლთა სხეულების უფრო მაღალი კონტრასტულობით გამოყვანილ, დეტალიზებულ და რაც მთავარია, ექსტაზურ გამოსახულებებს გვთავაზობს.
რინგი და სახლი, როგორც ორი წინააღმდეგობრივი მიზანსცენა, ორი საკრალური ადგილი, რომელიც ბიჭებისთვის ერთდროულად ერთიანობის, წესრიგისა და ასკეტური ეთიკის სიმბოლოდ აღიქმება, ფილმის მსვლელობის კვალდაკვალ, ნელი ტემპით იწყებს გახუნებას, როცა პერსონაჟები ამ სიმბოლური ყოველდღიურობის მიღმა აანალიზებენ მათი მამის ეგომანიურ მიდრეკილებებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მიმართ - კევინი, როგორც ამბის ცენტრალური პერსონაჟი, მზრუნველი დიდი ძმა პირველი აყენებს მამის პერსონას და მისი ოჯახის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამას მოსდევს მისი ძმის, დეივიდის სიკვდილი, რაც დარჩენილი ძმებისთვის უკიდურესი, ყველაზე კრიტიკული დარტყმა ხდება, რასაც ცხოვრებისგან იღებენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამსახიობო შესრულება, რომელიც გვეხმარება ამ კუნთების, ძალადობის ფიესტის მიღმა, დავინახოთ ის კომპლექსური ემოციური პროცესები, რომლებსაც ძმები მშობლების გულგრილობის პარალელურად განიცდიან. ზაკ ეფრონი ფილმში ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა - მისი სკრუპლუოზურად გამოძერწილი კევინ ფონ ერიხის პერსონა ერთდროულად წარმოაჩენს როგორც ხისტ, უხეშ, ტოქსიკურ მასკულინორობას, ამავდროულად ადამიანურობის, მზრუნველობისა და სენსიტიურობის განსხეულებას.

ბიოპიკის, როგორც ქვეჟანრის მთავარი ნაკლი, სწორედ კომპრომისია ფაქტოლოგიისა და იმ ისტორიის მიმართ, რომლის გარშემოც კონკრეტული ფილმი ტრიალებს; გამონაკლისი არც რკინის კლანჭია - ფილმში მოთხრობილ ამბავში განსაკუთრებულადაა უგულებელყოფილი ფრიც ფონ ერიხის ოდიოზური წარსული, სადაც იგი რინგზე არა როგორც რიგითი ბულერის პერსონით, არამედ პირდაპირ ნაცისტური ემბლემატიკითა და პერსონით ასპარეზობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში მხოლოდ 4 ძმის ისტორიაა მოთხრობილი, ხოლო მათგან ყველაზე პატარის და ფიზიკურად ნაკლულის, კრისის ამბავი, სრულიად ამოჭრილია ფილმიდან - ინტერვიუებში დურკინი აცხადებდა, რომ დრამატურგიულად და ეთკურად, მეოთხე ძმის თვითმკვლეობის ასახვა მაყურებლისთვის ზედმეტი იქნებოდა.
საბოლოოდ შეგვიძლია ისღა ვთქვათ, რომ ფილმი ხმამაღლა უპირისპირდება პატრი-ნორმატულ, სიმბოლური პატერნებს, წესრიგს, რასაც რესლინგი, როგორც პროფესიონალური სპორტი და ამერიკული, სამხრეთული ოჯახის ინსტიტუტი წარმოადგენდა.
მიუხედავად დრამატურგიული სწორხაზოვნებისა, რკინის კლანჭი კინემატორაფიულად მიმზიდველ, თუმცა უპირობოდ მტკივნეულ სანახობას სთავაზობს მაყურებელს - ეს არის ტრაგიკული ამბავი ერთ დროს უძლეველი, ფიზიკურ მწვერვალზე მყოფი კაცების შესახებ, რომლებიც ამავდროულად დაუცველ, მყიფე სტადიაში მყოფნი უძლურნი არიან ებრძოლონ თაობრივ ტრავმას, მათ მთავარ როლურ მოდელს და წყევლას - მამას.
A Suplex to the heart, a power bomb to the soul.

Comments


bottom of page