„На этой улице все друг друга учат,
не улица а большая энциклопедия“
- ციტატა ფილმიდან
1977 წელს რეზო ესაძემ გადაიღო ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“, სადაც მოქმედება იტალიურ, ჭრელ და ქაოსურ ეზოში ხდება, რომლის ერთ-ერთ მაცხოვრებელ, ახალგაზრდა ბიჭს თავისზე უფროსი გოგონა ერთი ნახვით, თავდავიწყებით უყვარდება. და მაინც, რეჟისორს რატომ მისცეს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია, ამ თითქოსდა უწყინარი ფილმისთვის? განსხვავებული ეროვნების ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის საქმეში მუდმივად ერევიან, ერთმანეთს ჭკუას ასწავლიან და თითოეული მათგანი ყოველთვის მართალია, სწორედ ასეთი ხალხი ცხოვრობს ამ ეზოში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიკრო სამყაროს, მოდელს წარმოადგენს, იმ აბსურდულ გარემოს სადაც ეს გმირები ცხოვრობენ. ყველა თავის ენაზე საუბრობს და საკუთარ აზრს აფიქსირებს, მიუხედავად იმისა ეკითხებიან თუ არა, ეზოში განსაკუთრებული დამრიგებლური ქმედებებით რუსი კაცი გამოირჩევა, ის კიბეზე დგას და ზემოდან, ძალიან კომპეტენტურად არიგებს ყველას, როგორ დაკლან ცხვარი, სიზმრის სცენაშიც კი მეზობლებს ჭკუას ასწავლის, მათ კუბოს არასწორად დაჭერაში ადანაშაულებს. ამ ძალიან სახალისო სცენებში რუსის ბუნება ისახება, გასაოცარი ეგოცენტრულობა და ბატონობის დაუშრეტელი სურვილი, რომელიც რეჟისორმა ერთი პერსონაჟის მაგალითზე არეკლა.
ბრძანებაა გაცემული, ფილმი უნდა დაჭრან. „ლენფილმში“ ფილმის პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, თუმცა მეორე დღეს ესაძე სტუდიაში დაიბარეს. დირექტორი გაცოფებული იყო, რადგან პირვანდელი, დამტკიცებულო სცენარიდან, რომელიც რეჟისორს გამზადებული გადასცეს, თითქმის არაფერი იყო შემორჩენილი, რეზო ესაძის ფანტაზია და კრეატივი კი რუსეთის კინოსტუდიის საზოგადოებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. „არათუ ფილმი არ მომეწონა, მეზიზღება ის სივრცე, სადაც ასეთი აზრები იბადება“, ასე შეაფასა კინოსტუდიის დირექტორმა „ერთი ნახვით შეყვარება“. ფილმის გენიალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, დირექტორს ის რომ მოსწონებოდა ცხადი იქნებოდა, რომ რეჟისორმა თავისი საქმე ვერ შეასრულა. ფილმის ეკრანზე გაშვების არანაირი შანსი არ არის, ამხანაგი ესაძე დისკვალიფიცირებულია და სწორედ ამ დროს თბილისიდან, სანქტ-პეტერბურგში რეზო ჩხეიძე რეკავს და ფილმის გადარჩენის გზას პოულობს. რეზო ესაძე სტუდიიდან ფილმის, არსებულ მხოლოდ ერთ ასლს იპარავს და თბილისში ბრუნდება. „ერთი ნახვით შეყვარების“ სანახავად თბილისში კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო შეკრებილიყო, დასრულებისას ემოციას ვერავინ იკავებდა, ვერ ხვდებოდნენ ამ მშვენიერი ფილმის დაწუნება, როგორ შეიძლებოდა, რეზო ესაძე კი ვერ ხვდებოდა ერთი და იმავე სახელმწიფოს ორ სხვადასხვა სტუდიას, როგორ შეიძლებოდა მისი კინოსურათისადმი ასეთი, რადიკაურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონოდა. ფილმთან და მის დაცენზურებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პარადოქსული ფაქტი სწორედ ეს არის, მსოფლიო კინემატოგრაფში ასეთი რამ არ მომხდარა, ანტისაბჭოთა განწობების გამო დაწუნებული ფილმი, იგივე სახემწიფოში არსებულ სხვა სტუდიას გადასცეს, თითქოს საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი არ იყო. თუმცა ფილმი, ცენზურას ბოლომდე სამშობლოშიც ვერ გადაურჩა, მაინც რისი გადაკეთება მოსთხოვეს ავტორს? გახსოვთ ის რუსი ჭკუისდამრიგებელი მეზობელი, მისი პერსონაჟი ეროსი მანჯგალაძემ ჩაანაცვლა, თუმცა 10 წლის შემდეგ რეზო ესაძემ პირვანდელი კადრის აღდგენა მაინც მოახერხა.
“ერთი ნახვით შეყვარება“ არის ფილმი, რომელშიც ყველა პერსონაჟს უნიკალური ხასიათი გააჩნია, მეორეხარისხოვანი გმირი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი. ყველა მათგანი საზოგადოების ჭრელ სახეს, განსხვავებულ ხასიათს რეპრეზენტირებს. დეტალებზე ზედმიწევნითი ყურადღება, ფილმის პოეტურ ტემპთან ერთად, სიზმრის ატმოსფეროს ქმნის, რაც სიუჟეტის ემოციურ გავლენას აძლიერებს. თბილისის თვალწარმტაცი პეიზაჟების ფართო კადრებით თითქოს მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობაც იქმნება, რაც ფილმის ფინალში, ორი მთავარი გმირის სიყვარულის ცეკვის სახით კულმინაციას აღწევს. ფილმი სიყვარულს ასახავს არა როგორც ზღაპარს, არამედ როგორც განსაცდელებითა და გაურკვევლობებით სავსე მოგზაურობას. რეჟისორი მეტაფორებისა და ალეგორიების გამოყენებით, პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უსვამს ხაზს, რომელიც ადამიანის თავისუფლებას, თვითგამოხატვას ზღუდავს და არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. სწორედ ამიტომ, ფილმი მხოლოდ ბავშვური, გულუბრყვილო, პირველი სიყვარულის ისტორიის ჩარჩოებს სცილდება და ბევრად უფრო ღრმა შინაარს იძენს. კოსტიუმები, ქალაქის სახე, ფერები, ძალიან რეალური და სახასითო პერსონაჟები, ინტერიერი და ექსტერიერი, თითქმის წარმოუდგენელიც კია, რომ ასეთი თანამედროვე, ფერადი და პოეტური კინო საბჭოთა კავშირში შეიქმნა. „ეზოპეს ენა“, რომელსაც რეზო ესაძე ასე ოსტატურად იყენებს, კამერის მოქმედება, როგორც დამკვირვებლის, რომელიც დახვეწილ ჟესტებსა და ინტიმურ მომენტებს აღბეჭდავს, ფილმს დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. და ბოლოს, ბევრი რომ არ გავაგრძელო უბრალოდ ანდრეი ტარკოვსკის დავეთანხმები და ვიტყვი, რომ „ერთი ნახვით შეყვარება“ საბჭოთა კინემატოგრაფში ჩემი საყვარელი ფილმია.
Comments