თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ოცდამეხუთედ უმასპინძლებს თბილისელ მაყურებელს 1-8 დეკემბერს. პროგრამა, როგორც ყოველთვის მრავალფეროვანი და ჭრელია მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვნებისა და სიჭრელის გამო, ხოლო წლის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სურათი უბრალოდ არც არის სელექციაში, თუმცა ამ დისკურსში ჩასვლა დღესდღეისობით გამოუსადეგარი და უსაგნოა.
ფილმების სელექცია სრულიად მიკერძოებული წინარეგანზრახვებით გავაკეთე: რაღაც ნაწილი ნანახი მაქვს და რეკომენდაციას ვუწევ; ზოგიერთი ავტორის სხვა ნამუშევრებს ვიცნობ და ახლებში პოტენციალს ვხედავ; და ზოგიც ჩემთვის სანდო კრიტიკოსების შეფასებებითა და განხილვებით შევარჩიე.
EFA Selection
Misericordia/გულმოწყალება; 2024
Dir. Alain Guiraudie/ალენ გიროდი
ახალი ფრანგული ქვიარ კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ავტორის, ალან გიროდის გულმოწყალება მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც მშობლიურ სოფელში ბრუნდება ოჯახის მეგობრის დაკრძალვაზე, სადაც პატარა სოფლის თავისებურებანი, რეპრესირებული სექსუალობა განსაზღვრავს პროტაგონისტის ფსიქო-ემოციურ მოგზაურობას. კრიტიკოსების შეფასებით ეს ფილმი ერთგვარად ჰიჩკოკიანურ იგავს
წარმოადგენს შაბროლიანურ შუქში.
The Rye Horn/ჭვავის რქა; 2023
Dir. Jaione Camborda/ჯაიონ კამბორდა
ჭვავის რქა სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს ნიჟარის მფლობელი ფილმია. 1971 წლის გალისიაში, ფრანკოს პერიოდის ესპანეთში, მარია შხამიან ჭვავის რქას იყენებს თანასოფლელების დასახმარებლად, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოაქვს ამ მინიმალისტურ და ღრმად
ფემინისტურ დრამაში.
Toxic/ტოქსიკური; 2024
Dir. Saule Bliuvaite/საულ ბლიოვიტი
ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს ლეოპარდის მფლობელი ფილმი ლიეტუვადან, "ტოქსიკური" მიყვება 'დაბულინგებულ' თინეიჯერ მარიჯასა და მეამბოხე კრისტინას ისტორიას პატარა ლიეტუვურ ქალაქში. ისინი ოცნებობენ ქალაქიდან წასვლაზე საეჭვო სამოდელო სააგენტოს დახმარებით და პროცესში სხეულის იმიჯებისა და ექსპლუატაციის კვლევა ცენტრალური ხდება.
The Sparrow in the Chimney/ბეღურა ბუხარში
Dir. Ramon Zürcher/რამონ ცუrხერი
ძმები ცურხერების კინომ პირველად 2013 წელს მიიპყრო საერთშორისო კინომაყურებელთა ყურადღება ფილმით პატარა უცნაური კატა, ხოლო 2021 წელს ბერლინალეს გამარჯვებულებიც გახდნენ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში სურათით გოგონა და ობობა, ხოლო ბეღურა ბუხარში ძმების ცხოველების ტრილოგიის ბოლო ფილმია, სადაც დაძაბული ოჯახური შეკრების დროს საიდუმლოებანი და კონფლიქტები ვლინდება. შავი იუმორითა და ჰორორის ელემენტებით, ბეღურა ბუხარში ოჯახის ემოციურ ქაოსს ირეკლავს.
Oscar Contenders
Dahomey/დაჰომეი; 2024
Dir. Mati Diop/მატი დიოპი
2024 წლის ბერლინალეს გამარჯვებული, მატი დიოპის დაჰომეი კრიტიკული დოკუმენტური სურათია, რომელიც ირეკლავს ნაძარცვი სამეფო ძვირფასეულობის დაბრუნებას პარიზიდან ბენინში. კოლონიალიზმის ჭრილობები და არსებული ბრძოლები ერთგვარად რეფლექსირებს იდენტობასა და ისტორიაზე.
I’m Still Here/მე ისევ აქ ვარ (2024)
Dir. Walter Salles/უოლტერ სელესი
უოლტერ სელესი ოთხმოცდაათიანებისა და ორიათასიანი წლების ერთ-ერთი გამორჩული ბრაზილიელი ავტორია, რომელმაც საერთაშორისო კინოსცენას თავი ისეთი ნამუშევრებით დაამახსოვრა, როგორებიცაა ცენტრალური სადგური და მოტოციკლის დღიურები. მისი ახალი ფილმი 1970იანების რიოში დადგმული ოჯახური დრამაა, რომელიც პერსონალური ბრძოლებისა და პოლიტიკურ ჩაგვრის სინთეზურ სურათს ქმნის, სადაც დედა ცდილობს დაიცვას ოჯახი ბრაზილიის მილიტარისტულ-დიქტატორული რეჟიმის პერიოდში.
The Girl with the Needle/გოგონა ნემსით
Dir. Magnus von Horn/მაგნუს ფონ ჰორნი
ამ სურათს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პრესა ჰქონდა 2024 წელს და შეფასდა ისეთი სიტყვებით როგორიცაა "ექსპრესიონისტული კოშმარი" და "უაღრესად დროული დრამა არასასურველ ორსულობაზე". ფილმი იკვლევს ახალგაზრდა ქალის გასაჭირს პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კოპენჰაგენში, სადაც პატრიარქალური საზოგადოების ბოროტება და არსებული სამყარო იმისკენაა მომართული რომ ქალი დაამარცხოს.
Made in Germany
The Seed of the Sacred Fig /წმინდა ლეღვის თესლი; 2024
Mohammad Rasoulof/მოჰამედ რასულუფი
მოჰამედ რასულუფმა თავი კინომოყვარულებს 2020 წელს განსაკუთრებულად დახვეწილი სურათით, ბოროტება არ არსებობს დაგვამახსოვრა თავი. წმინდა ლეღვის თესლი კი ოჯახური დრამაა, რომელიც თაობებს შორის ბრძოლასა და პიროვნულ თანაბრალეულობას შეისწავლის ირანის მჩაგვრელი რეჟიმის ფონზე და აღწერს თავისუფლების ძვირადღირებულ ფასს.
UK Showcase
To a Land Unknown/უცნობი მიწისაკენ; 2024
Mahdi Fleifel/მაჰდი ფლეიფელი
ამ ნამუშევარს აფასებენ როგორც 'კრიტიკულად დრულსა' და 'ვისცერალურს' პალესტინელ დევნილებზე ათენში, სადაც გადარჩენა ხშირად კომპრომისებს გულისხმობს და იმედები რეალობაში იმსხვრევა.
Ukrainian Story
La Palisiada/ლა პალისიადა; 2023
Philip Sotnychenko/ფილიპ სოტნიჩენკო
გასული წლის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სურათი და უკრაინული კინოს ამომავალი ვარსკვლავის, ფილიპ სოტნიჩენკოს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი სურათი ლა პალისიადა წარმოადგენს მორალური სიბნელისა და სამართლებრივი ინტრიგის შემაშფოთებელ ლაბირინთს, სადაც ორი გასროლა ერთ დიდ ფაზლს აერთიანებს. ლა პალისიადა 1996 წელში გადაგვისვრის და უკრაინის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საბოლოო მკვლელობით დასჯის გარშემო არსებულ შეგრძნებებსა და გარემოებებს იკვლევს
დოკუმენტალისტური სტილით.
Georgian Panorama
რაც შეეხება ქართულ პანორამას, სრულმეტრაჟიანი ფილმები, დოკუმენტურისა და მხატვრულის ჩათვლით სულ 11-ია და მგონია ყველა იმსახურებს ყურადღებას, ერთი გაცვეთილი სახელის გამოკლებით, რომელმაც კინო დაღალა უკვე ათწლეულებია.
Shorts
რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებს, აქ ნამდვილად ბევრი სურათია და ყველას ნახვა არც აუცილებელი და არც შესაძლებელია მგონი, ამიტომ რაც ნანახი მაქვს და მომწონს გირჩევთ, ესენია:
დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
Father, Developed/მამა, გამჟღავნებული
Dir. Elene Burchuladze/ელენე ბურჭულაძე
აქ ავტორი ოჯახის ფოტო და ვიდეო არქივის მეშვეობით ცდილობს დიალოგში შევიდეს გარდაცვლილ მამასთან, რომელიც ავტორის დაბადებამდე გარდაიცვალა.
It Will Be Better Before/წარსულში უკეთ იქნება
Dir. Ketevan Kipiani/ქეთევან ყიფიანი
აქ, ავტორი ხუთი წლით ადრე გადაღებულ მასალს უბრუნდება და წარსული ურთიერთობის დოკუმენტალისტურ რეკონსტრუქციას ცდილობს.
One Of Us Is Dead/ერთი ჩვენგანი მკვდარია
Dir. Sopho Chkheidze/სოფო ჩხეიძე
ამ ნამუშევარში ავტორი ოჯახის ფოტო-ვიდეო არქივების, დიალოგებისა და ოჯახის წევრების ინტერვიუების ჩაწერით ცდილობს გამოიკვლიოს და შეისწავლოს დეტალები გარდაცვლილ მამაზე.
მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
Amaia's Guests/ამაიას სტუმრები
Dir. George Todria/გიორგი თოდრია
ეს გიორგი თოდრიას ესპანური ფილმი დაგატყვევებთ ზღაპრული ოპერატორული და რეჟისორული ნამუშევრით.
Burning Sun/მცხუნვარე მზე
Dir. Nutsa Tsikaridze/ნუცა წიქარიძე
ნუცა წიქარიძე "მცხუნვარე მზით" ჰიპნოზს აკეთებს და ცდილობს სიკვდილის თვალებში ჩაიხედოს.
In the Car/საჭესთან
Dir. Grigol Janashia/გრიგოლ ჯანაშია
ამ ფილმის სრული დაძაბულობა და უწყვეტი მღელვარება ერთი წუთით არ მოგცემთ ამოსუნთქვის საშუალებას და დაგატყვევებთ.
Last But not Least
Fisherman’s Burden/მეთევზის ტვირთი
ეს ჩემი ფილმია და ძალიან გამიხარდება თუ მოხვალთ, ნახავთ, შეაფასებთ და ლეთერბოქსებზე სასაცილო რევიუებს დამიწერთ (ან მკაცრსა და კრიტიკულს).
მადლობა!
Comments