თანამედროვე ქართულ კინოში ძალიან იშვიათად გვხვდება სიყვარული. სიყვარული, რომელიც არც ტრაგიკულია, არც აკრძალული, არც დასრულებისთვის განწირული. თუმცა არსებობს გამონაკლისიც, ალექსანდრე კობერიძის “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”, ფილმი - ქალისა და კაცის, ქუთაისის, ზაფხულის, ფეხბურთისა და კონკრეტული ფეხბურთელის, ცხოველების, თუმცა ყველაზე მეტად - კინოს სიყვარულზე.
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” სკოლის სცენით იხსნება, რომელიც ფირით არის გადაღებული და როგორც ვიზუალურად, ასევე ნარატივით უხმო კინოსა და ლუმიერებს ეხმიანება. პირველი სცენა პრაქტიკულად დოკუმენტური სიზუსტით აღწერს სკოლაში მიმავალი ბავშვების დილას. შემდეგ კი მთავარ პერსონაჟებზე გადავდივართ, ლიზას და გიორგის შემთხვევითი შეხვედრა კინოში მრავალგზის გამოყენებული შეჯახებით და წიგნის დავარდნით ხდება, თუმცა ცხადია, რომ რეჟისორი ამ მეთოდს შეგნებულად იყენებს. ამავე დროს შემოდის მუსიკა, “გიორგის თემა”, რომელიც ფილმის განამვლობაში რამდენიმეჯერ მეორდება, ყოველ ჯერზე განსხვავებული ჟღერადობითა და ტემპით, და პირველ შემთხვევაში წააგავს გია ყანჩელის მუსიკას “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”, რაც თავის მხრივ, ფილმში რამდენიმეჯერ არის ციტირებული.
მეორე შეხვედრა ფილმ ნუარს მოგვაგონებს, ჩაბნელებულ ქუჩაზე, სადაც ასფალტი მანქანების ფარებსა და ლამპიონებს ირეკლავს, ლიზა და გიორგი კიდევ ერთხელ ხვდებიან და პაემანზე თანხმდებიან. ამ მომენტამდე, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივია, თუმცა უეცრად ჩნდება მაგია, რომელიც ფილმის ზღაპრისეულ შინაარსს განაპირობებს. ავი თვალი წყვილს გათვალავს და ისინი შემდეგ დღეს განსხვავებულ სხეულებში გაიღვიძებენ, ამასთანავე კი დაკარგავენ იმ განსაკუთრებულ ნიჭსა თუ ცოდნას, რომელიც გააჩნიათ. ჯადოს შესახებ ლიზას სამი მეგობარი, სათვალთვალო კამერა, ჟოლობი და პატარა ნერგი აფრთხილებენ. აქვე ჩნდება პირველად რეჟისორის, მთხრობელის ხმა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში აღარ გვტოვებს, და მეზღაპრესავით გვიყვება მთავარი თუ სრულიად უმნიშვნელო პერსონაჟების ამბებს.
სხეულების შეცვლის სცენა, ის გარდამტეხი მომენტია, რომელიც პრაქტიკულად განაპირობებს მაყურებლის ჩართულობას ფილმში. უეცრად ეკრანზე ჩნდება გაფრთხილება, რომ თვალები უნდა დავხუჭოთ, სიგნალის შემდეგ კი გავახილოთ, რაც თავდაპირველად ღიმილს გვგვრის და მცირე უხერხულობას გვიჩენს, თუმცა შემდეგ, დაინტერესებული მაყურებელი თვალებს ხუჭავს, ერთგვარ თანხმობას აცხადებს, რომ რეჟისორს ბოლომდე ენდოს და თხრობას მისი წესებით მიჰყვეს.
თვალების გახელის შემდეგ, ფილმი ფირიდან, დიჯიტალ კამერაზე გადადის, თუმცა შეანრჩუნებულია ფირისთვის დამახასიათებელი ნოსტალგიური ფერთა პალიტრა. საერთოდ, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ძალიან ნოსტალგიური კინოა, თუმცა რისადმი აჩენს ის ნოსტალგიას თითქმის გაუგებარია, ქუთაისური ზაფხულისადმი, რომელთანაც არასოდეს მქონია შეხება, 1990 წლის ფეხბურთის ჩემპიონატისადმი, რომელიც ჩემს დაბადებამდე ჩატარდა, თუ საბავშვო მუსიკალური სკოლისადმი, რომელშიც არასდროს მივლია? ალბათ რეალურად ნოსტალგიას ის ბავშვური გულწრფელობა და სიმარტივე ქმნის, რაც ასე აკლია თანამედროვე კინემატოგრაფიას.
სხეულების შეცვლის შემდეგ, მთავარი პერსონაჟები პრაქტიკულად აღარ ლაპარაკობენ და მათი სხეულები და ჟესტიკულაცია ხდება მაყურებელთან კომუნიკაციის ძირითადი ფორმა. ვხვდებით მსუბუქად სევდიან, ცხოვრებაზე მინდობილ ლიზას და ძალიან დაბნეულ, ჩაფიქრებულ გიორგის, რომლის მიერ უეცრად წარმოთქმული შექსპირის ციტატა (რაც თავის მხრივ დოდო აბაშიძის “ომაჟია” “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”) და უცნაური ხელის მოძრაობები ბევრად მეტს გვეუბნება მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ვიდრე დიალოგი. ლიზა და გიორგი ბრესონის პერსონაჟებს მოგვაგონებენ, რომლებიც ცოტას საუბრობენ და გადაუტვირთავი თამაშით გადმოსცემენ შინაარსს.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კობერიძეს ჯერჯერობით მხოლოდ ორი სრულმეტრაჟიანი და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი კინო აქვს გადაღებული, მას უკვე გამოარჩევს ძალიან გამოკვეთილი, დამახასიათებელი ხელწერა. კობერიძის ორივე ფილმს აქვს კონკრეტული სცენარი, თუმცა ნარატივის უდიდეს ნაწილს გარესამყაროდან შემომავალი ნიშნები და სურათები ქმნის.
მის პირველ ნამუშევარში - “ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული” ორი კაცის სიყვარულის ისტორიას ვეცნობით, მაგრამ ეკრანზე მათ ერთად პრაქტიკულად ვერ ვხედავთ, აქაც მთხრობელი გვიყვება ძირითად ამბავს, თუმცა ამ დროს შეიძლება ეზოში გაფენილ სარეცხს, მანქანების მოძრაობას ან უბრალო გამვლელებს ვაკვირდებოდეთ.
ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება მეორე ფილმზეც, “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ლიზას და გიორგის ისტორიაა, თუმცა მათ გარდა ვეცნობით კაფის მეპატრონეს, ქუთაისელ ძაღლებს, ბავშვებს, რეჟისორსა და ოპერატორს, ფოტოგრაფს, და ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია.
კობერიძე პოეტური, ჯადოსნური ენით სამყაროში ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებას გვაჩვენებს, სინამდვილეში ცხოვრებაში არავინაა მთავარი პერსონაჟი, არცერთი ისტორია არ ვითარდება მხოლოდ ორი ადამიანის გარშემო და რეალურად, მაშინ როდესაც მოჯადოებული შეყვარებულები ერთმანეთს ვეღარ პოულობენ, ძაღლი ვარდი შეიძლება ფეხბურთის საყურებლად მიდიოდეს და საერთოდ არ აინტერესებდეს ის, რაც ჩვენ მთავარი ისტორია გვგონია.
გარდა ამისა, ფილმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, “რას ვხედავთ, რიცა ცას ვუყურებთ?” ქუთაისზეა, აქ ქუთაისი ისეთივე პერსონაჟია, როგორებიც ლიზა და გიორგი არიან, ხასიათით, ტრადიციებით და პატარა საიდუმლოებებით, რომელიც უცხო თვალისთვის შეიძლება დაფარული იყოს.
როგორც აღვნიშნე, მიუხედავად კონკრეტული სიუჟეტისა, ფილმში დამოუკიდებელ, თითქოს უმნიშვნელო ისტორიებს უფრო დიდი დრო ეთმობა, თუმცა მაშინ, როდესაც ლიზას და გიორგის ვუყურებთ, არაფერია შემთხვევითი, მათი ყოველი მოძრაობა თუ რეპლიკა ზუსტად არის გათვლილი. მაგალითად, იმისათვის, რომ არ დაგვავიწყდეს პირველი ლიზას არსებობა, ახალ სხეულში მყოფი ლიზაც ზუსტად იგივენაირი, უცნაური მოძრაობით იკრავს თმას, გიორგი კი, რომელმაც არ იცის რატომ შეეცვალა გარეგნობა და რატომ დაკარგა ფეხბურთის თამაშის უნარი, კითხვაზე იცის თუ არა მანქანის ტარება, ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.
ძალიან საინტერესოა კობერიძის მიერ არჩეული თხრობისა და გამოსახულების სტილი, რომელიც რაღაცით ჰონგ სანგ-სუს მოგვაგონებს, ის შეუცვლელ გარესამყაროს აქცევს გამოხატვის ფორმად, კადრებს იშვიათად ჭრის და კამერასაც ძალიან ხშირად კონკრეტულ საგანზე ან მოვლენაზე მიმართავს. თუმცა განსხვავებით ჰონგისგან, კობერიძე დიალოგს მუსიკას ამჯობინებს. საერთოდაც ფილმში მუსიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკლექტურია, ძირითადად მუსიკის ავტორი გიორგი კობერიძეა, თუმცა პერიოდულად მის კომპოზიეციებს, ბახი და შუბერტი ანაცვლებს, ასევე კინოში გამოყენებულია განსაკუთრებით სასიამოვნო ხმაური, მუსიკალურ სკოლაში სხვადასხვა საკრავზე ერთდროულად მეცადინეობისას შექმნილი ჰარმონია, რომელიც თან გასდევს ლიზას მცდელობას, რომ ჯადო მოიშოროს.
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაც მუსიკალურია, ბავშვები ოთხი წუთის განმავლობაში თამაშობენ ფეხბურთს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის ფონზე და კიდევ ერთხელ იქმნება პირადად ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გაჩენილი, საოცრად გულწრფელი ნოსტალგია.
სწორედ ამ, გამორჩეულად უდარდელი და ლაღი სცენით სრულდება ფილმის პირველი აქტი და იწყება მეორე.
კინოს ორ აქტს შორის უეცრად ჩანართივით ჩნდება სცენა, სადაც რეჟისორი დღევანდელ რეალობაზე პირდაპირ გვიწყებს საუბარს, გამოხატავს უკმაყოფილებას ცხოველებისა და ბუნებისადმი ადამიანების მოპყრობის გამო, მაშინ, როდესაც მდინარე რიონში, ბურთი მხიარულად დახტის, და გვახსენებს, რომ სულ მალე ეს მდინარეც შეიძლება ჰესის ნაწილად იქცეს.
კინოს სიყვარული, რითაც თხრობა იწყება, პრობლემის გადაჭრის გზასაც წარმოადგენს, ლიზას და გიორგის გადაიღებენ ფილმში, ეკრანზე კი ისინი ძველი სახით გამოჩნდებიან, ლოგიკურიცაა, კინო ხომ ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელსაც შეუძლია რეალობა მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს.
ფილმის დასასრულს რეჟისორი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თანამედროვე სამყაროს სიმახინჯეზე, როდესაც ის სვამს კითხვას, თუ საერთოდ რატომ იღებენ ასეთ ფილმებს, მართლაც დღეს, კინემატოგრაფია და ზოგადად ხელოვნება გაყიდვადობით ფასდება და თითქოს ასეთი ჯადოსნური, ლაღი და არაორდინალური კინოს გადაღებას აზრი აღარ უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს მონოლოგი, ისევე როგორც ლიზას და გიორგის ამბავი, ოპტიმისტურად სრულდება, ძალიან ქართული, ტრიუმფალური მუსიკისა და მზით განათებულ კიბეზე ამავალი ბავშვების ფონზე, მთხრობელი ციტირებს გოგოლს და გვეუბნება, რომ “რაც არ უნდა თქვან, ქვეყანაზე მსგავსი ამბები ხდება, იშვიათად, მაგრამ ხდება”.
და ჩვენც, წამიერად, მარგრამ მაინც ვიჯრებთ, რომ განსაკუთრებით კარგ ადამიანებს მცენარეები და ნიავი საიდუმლოს უმხელენ, მდინარეები, მილებში მოქცევამდე ბურთს ეთამაშებიან, მიუსაფარი ძაღლები იკრიბებიან და ფეხბურთს საყვარელ კაფეში უყურებენ, დაკარგულ შეყვარებულებს კი კინოკამერის საშუალებით ერთმანეთის პოვნა შეუძლიათ.
Kommentare