top of page
  • ევა გვრიტიშვილი

რამდენიმე რჩევა ვიმ ვენდერსისგან ცხოვრებაზე

ვიმ ვენდერსის უახლესი ფილმი „Perfect Days“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეჟისორის იშვიათ კინემატოგრაფიულ უნარებს, რადგან, ალბათ მხოლოდ ვენდერსს შეუძლია შექმნას მარტივი, სიუჟეტური წიაღსვლებისგან დაცლილი ორსაათიანი კინოსურათი. „იდეალური დღეები“ არის პოეტური ოდა სიმარტოვესა და სიმშვიდეზე, „ერთფეროვანი“ და მარტივი ცხოვრების მშვენიერების კვლევა, სადაც რეჟისორი თითქოს აუჩქარებლად მიჰყვება ყოველდღიურობას, რომელიც ჩვენს დროში მეტისმეტად ჩქარია. ფილმი ერთი კაცის, ჰირაიამას, ტოკიოს ტუალეტების დამლაგებლის ცხოვრებას მიჰყვება, რომელიც სავსეა რუტინებად ქცეული ერთი და იმავე ჩვევების, ქმედებების გამეორებით.


კინოსურათი თავს არიდებს სენტიმენტალურობას და ცდილობს "რეალობის რეაბილიტაციას". რეჟისორი მაყურებელთან ერთად იკვლევს ყოველდღიური ჩვევების მშვენიერებას. ვენდერსი რუტინების დაუსრულებელი ციკლით ისეთ მარტივ მოცემულობებზე მიგვითითებს, როგორიც არის - როდის ავხედეთ ბოლოს ცას? როდის დავაკვირდით რა ლამაზად არხევს ფოთლებს ქარი? როდის გავამახვილეთ ყურადღება ახალშობილ მცენარეზე და ა.შ.


მოსალოდნელია, რომ ფილმის ნელი თხრობისა და თანამედროვეობის მოტანილი აჩქარებული ცხოვრების სტილი გამო, რთული ხდება კონცენტრაციის შენარჩუნება. მაშინ, როდესაც ჩვენი გონება შეეჩვია და გაითავისა ისეთი ფილმები, სადაც აუცილებლად რაიმე აღმაფრთოვანებელი უნდა მოხდეს, დაიძაბოს, ჩაიხლართოს, აფეთქდეს სიუჟეტი, რთულია ადაპტირდე ისეთ ფილმებზე როგორსაც „ნელი კინოს“ ვეძახით. იმისათვის, რომ „იდეალური დღეების“ ყურებისას მოუთმენლობის გრძნობას გაუმკლავდეთ, რომელიც განსაკუთრებით მაშინ იზრდება,როცა ვაანალიზებთ, რომ ამაზე კულმინაციური აღარაფერი მოხდება, არსებობს რამდენიმე მეთოდი- მოვუსმინოთ რეჟისორის მარტივ რჩევებს ცხოვრებაზე და გავამახვილოთ ყურადღება მთავარ თემებზე.

პირველი ყურადღების ობიექტი - ჰირაიამა


კოჯი იაკუშოს შექმნილი როლი არის იდეალური მაგალითი, თუ როგორ უნდა ააგოს და შექმნა პერსონაჟი მსახიობმა. მაშინაც კი, როდესაც მაყურებელმა თითქმის არაფერი არ ვიცით ჰირაიამა შესახებ- როგორ მოვიდა აქამდე? რატომ მუშაობს ტუალეტის დამლაგებლად? რატომ ცხოვრობს მარტო? ის ჩვენში ემპათიას მაინც იწვევს. ფილმის პირველ ნახევარში ჩვენ უკვე მთავარი პერსონაჟის გულშემატკივრები ვართ, გვაღიმებს, გვაცინებს, გვაფიქრებს და ბოლოს გვატირებს კიდეც.


ვუყურებთ ფილმს და სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მას, თითქოს უფრო კარგად გვესმის მისი სიჩუმის, შემგროვებლური ბუნების, რუტინული დღეების. მეტად ვაანალიზებთ და ვხედავთ იმ სიამოვნებას, რომელსაც იგი იღებს სამყაროსგან, ბუნებისგან, მუსიკისგან. რეჟისორი ჰირაიამას სახით ქმნის ადამიანის ემოციურ პორტრეტს, რომელიც კმაყოფილია თავისი უბრალო, მარტივი ცხოვრებით, არ ცდილობს „ეძიოს დისკომფორტი“, თუმცა ყოველთვის ღიაა სამყაროს მოულოდნელობებთან შესახვედრად, ადამიანების დასახმარებლად, ახალი გამოცდილებების მისაღებად.

სითბო, იუმორი, სიმშვიდე, სიბრძნე- ეს არის ის, რაც ჰირაიმას პერსონაჟში ასე გვხიბლავს, გვაფიქრებს, გვაყვარებს და გვახსენებს ყველაფერს, რაც თითქოს ისედაც გვახსოვს.

მეორე - ერთი ჭიქა რუტინა


როგორ უნდა გაამშვენიერო რუტინა, რომელიც ასოცირდება რაღაც აუცილებელ, განმეორებად, არასასიამოვნო, დამღლელ ქცევასთან? ვენდერსი ხედავს ესთეტიკას ისეთ უმნიშვნელო რაღაცებში, როგორიც არის წიგნების წყობა, თაროზე პირადი ნივთების განლაგება, ჯიბეში ჩალაგებული ნივთების ტრაექტორია. რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტილებებით ფილმი გვნუსხავს და "გვითრევს" ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებს ეს ყველაფერი.


ჩვენ ვიცით, ვხედავთ და ვაანალიზებთ, რომ კაპიტალიზმის წესების მიხედვით ჰირაიამას ბევრი რამ აკლია, რაც მას ე.წ. „ბედნიერს“ გახდის. მისი ცხოვრების რუტინული ელფერი კი მისთვის ბედნიერების მომტანია- ყვავილების მორწყვა, აპარატის ყავა, 70-იანი წლების მუსიკა მანქანაში, ფოტოების გადაღება და პარკში სადილი. სიზმრებსაც კი ისეთს ხედავს, როგორც ცხოვრობს, რაც ჩემი აზრით მართლაც „იდეალურია“, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მთავარი პერსონაჟივით რუტინული აკვიატებებით იღებს სიამოვნებას.

მესამე - პრიორიტეტების „არაჩვეულებრივი“ გადანაწილება


მთავარი პერსონაჟის „პროფესია“ თითქოს ყველაზე დამამცირებელია, ვხედავთ როგორ არასასიამოვნოდ უყურებენ მას ადამიანები. საწყის სცენებში ბიჭი, რომელიც ჰირაიამას დალაგების პროცესში იყენებს საპირფარეშოს, თითქოს ვერც ხედავს დამლაგებელს, არ აღიარებს მის არსებობას. ამის მიუხედავადაც კი, მთავარ პერსონაჟს ეს მოცემულობა ხელს არ უშლის იყოს ბედნიერი, კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით.

ჰირაიამა უბრალო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ტოკიოს დაბალი ფენის წარმომადგენელი ადამიანია, რომელიც გვიჩვენებს გზას ბედნიერებისკენ, კიდევ მეასედ, მაგრამ მაინც გვიმეორებს, რომ ყოველი დღე ძვირფასია, რა ცოტა არის რეალურად საჭირო ბედნიერებისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის.


სამყაროში არსებულ ქაოსში, თითქოს მივეჩვიეთ და დავთანხმდით იმ მოცემულობას, სადაც უნდა ვიყოთ უკმაყოფილოები არსებულით. ამ ფილმით კი რეჟისორი ცდილობს კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ჩვენს პრიორიტეტებზე, სწორედ ვანაწილებთ მათ? თუ უბრალოდ ვიცით, რომ ასე უნდა ვქნათ? თითქოს „იდეალური დღეები“ ხაზს უსვამს ჩვენს სტანდარტულ აღქმებს და ახალ დღის წესრიგს გვთავაზობს, სადაც მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს - ყველაფერში ეძებე ბედნიერება.

ერთი სიტყვით, “Perfect Days" გვაიძულებს ცხოვრების აჩქარებულ რიტმს გამოვეთიშოთ და მშვიდად ვუყუროთ იმას თუ რა მშვენიერია ცხოვრება. ეს ფილმი არის დასტური ყველა იმ გაცვეთილი მოსაზრების ჭეშმარიტების, რომელიც კარგად ვიცით, მაგრამ არ გვესმის. ეს არის ადამიანური ჰარმონიის გააზრება, რომელიც გაანადგურა და შთანთქა დღევანდელმა სამყარომ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ გვახსოვდეს და ვაფასებდეთ ყველა იმ სრულყოფილ დღეებს, რაც გვაქვს. ეს არის რამდენიმე რჩევა ვიმ ვენდერსისგან ცხოვრებაზე.

Opmerkingen


bottom of page