top of page
მარიტა ლიპარტელიანი

პოლიეთილენის პარკში გახვეული უცხო სხეული

“შვილისთვის დედა არ არის მშობელი, ის მხოლოდ ახალჩასახული ნაყოფის აღმზრდელია. ხოლო შობს გამანაყოფიერებელი, ქალი კი, როგორც უცხოს უცხო ინარჩუნებს ნაყოფს, თუ არ დაუზიანებენ ღმერთები.

აპოლონი, ესქილეს ტრაგედიიდან “ორესტეა”


ორ სული, ანუ ქალი, რომელიც დაავადებულია სულის გახლეჩვით, მაგრამ მისი მდგომარეობა აღიქმება სრულიად ბუნებრივად და სასიკეთოდაც კი. ეს არის ის განსაცდელი, რომლითაც ქალი დაისაჯა მამის მიერ დაწესებული საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. ეს მხოლოდ ბიბლიაში არ გვხვდება, ზუსტად ამ ამბის ერთგვარი დუბლიკაციაა ბერძნულ მითოლოგიაშიც თუ ჩვენ გავიხსენებთ აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკას”. იქ სრულიად ცხადად ჩანს, რომ მედეას გამოქცევის მიზეზი არა იასონზე ფიზიკური მიჯაჭვულობა და მისი გიჟური სიყვარული, რომელიც მითოსის მიხედვით აფროდიტეს ძეს, ეროსის ისარმა გამოიწვია, არამედ მამის შიში, რომელიც სასტიკად გაუსწორდება სტრუქტურას გადამცდარ ქალს. ამ შემთხვევაში დაუმორჩილებლობა გამოიხატა იასონისთვის წამლის მიცემით, მაშინ როცა აიეტი მას დაღუპვას უქადდა, რადგან მრისხანეს არ სურდა უცხოტომელებისათვის ოქროს საწმისის გატანა, მაგრამ მედეამ ბერძნების დახმარება გადაწყვიტა. აქაც ამ გადაწყვეტილების არსი სადავოა, რადგან პატრიარქალურმა კულტურამ შექმნა ქალის ხატი, რომელიც გვიქმნის წინასწარ განწყობებს ქალი პერსონაჟებისადმი. მაგალითად მათი კვლევის პროცესში მივედი თეზისამდე, რომ ქალს შეუძლებელია სხვა ზრახვა ჰქონდეს გარდა ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებისა, ამას ამბობს კულტურა ქალზე, რომელიც ჩადის მკვლელობას, მაგრამ კაცის შემთხვევაში თეზისის ფორმა იცვლება და მკვლელობა ყოველთვის აღიქმება, როგორც საგმირო საქმე. მედეა სასტიკ კულტურაში გაიზარდა, იქ, სადაც ღმერთებისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ნორმად ითვლებოდა და აუცილებლობადაც კი, ჩვენი ქრისტიანული კულტურიდანაც შეგვიძლია გავიხსენოთ მსგავსი მაგალითი.

ღმერთმა მოითხოვა აბრაამისგან საკუთარი შვილის, ისააკის მსხვერპლი მისდამი სიყვარულის დასამტკიცებლად, ესეც სიმპტომატურია, ღმერთებს ანტიკურ ლიტერატურაშიც მუდმივად სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ მოკვდავები პატივს სცემენ მათ, აშინებთ მათგან სიყვარულის დაკარგვა რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, რადგან ამით დაკარგავენ თავიანთ ძალაუფლებას, ადამიანიც ხომ იმისთვის შექმნა ღმერთმა, რომ ჰყოლოდა ის, ვინც განადიდებდა. როდესაც აბრაამმა შვილზე დანა აღმართა, ღმერთმა ის შეაჩერა, ანუ შვილის მკვლელობა ჩვენი კულტურისთვის, როგორც საკუთარი ნაწილის გაღება, გადაიქცა მოსაწონ ქმედებად, ამიტომ თვითდესტრუქცია გვანიჭებს ზენაარ განცდას, რაც ღმერთთან მიახლოვებას ჰგავს.

მედეას არგონავტების გამოჩენით საშუალება მიეცა გაქცეოდა მამას, ეს იყო მისი პირველადი განზრახვა, შემდეგ უკვე მოგზაურობისას იქცევა იასონი აიეტად და მრავალწლიანი ძალადობის შემდეგ, მედეა იასონისგან მოითხოვს მამისეულ მზრუნველობას, ანუ იმას, რასაც აქამდე იღებდა.

ეს არახალია, მიჰაელ ჰანეკეც იღებს ფილმს “პიანისტი ქალი”, სადაც ერიკა ახალგაზრდა სტუდენტისგან, რომელსაც ის შეუყვარდა, მოითხოვს ძალადობას, რათა შეძლოს პერვერსიული ვნებების დაკმაყოფილება, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა ამ ფილმში არის, როდესაც მოძალადე დედის მიმართ უჩნდება ერიკას სექსუალური ლტოლვა, იმ მომენტში ჩვენ ვხედავთ ერიკას ფარული ლტოლვის მწვერვალს, მისი სურვილია გააცოცხლოს, აღადგინოს მოძალადე, დამსჯელი დედა ახალგაზრდა ბიჭში, რათა შეძლოს სულიერი რეგრესის, ანუ ორგაზმის მიღწევა.

ჯერ კიდევ მოგზაურობისას იასონი ფიქრობს, რომ მედეა დააბრუნოს მამასთან, რადგან არ უნდა მასზე ძლიერ კოლხებთან ომში ჩაბმა და ამ დროს მედეა ახსენებს, რომ მას მოკლავს მამა, სწორედ აქ ჩანს გამოქცევის მიზეზის პირველწყარო, რაც შემდეგ დაამახინჯა ქალთმოძულე, მიზოგენურმა სამყარომ. მედეა ელადაში ჩასვლამდე უკვე ხვდება, რომ ღმერთი არ დატოვებს მას დაუსჯელად და მას მოუწევს არასასურველი, უცხო სხეულის საკუთარ არსში შეშვება, აბა როგორ შეიძლება აიეტის ასულს შვილი სდომებოდა? რეალურად ის აქტი მედეას მითში უფრო აბორტია ვიდრე მკვლელობა, რადგან მედეა ჯერაც უცხო სხეულებს იშორებს თავიდან.

დღეს მინდა ვისაუბრო კრისტიან მუნჯუს უდიდეს ფილმზე “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”. რუმინეთში იმ დროს, რომელშიც სიუჟეტი ვითარდება, აკრძალული იყო აბორტი, მუცლადმყოფის თავიდან მოშორება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით, ამ პერიოდს ასახავს მუნჯუ თავის ფილმში და ყვება მრავალი ქალის ისტორიას, რომლებიც დარჩა უთქმელი. რა მომენტიდან იქცევა უცხო სხეული ადამიანად, ან რომელი თვიდან არის აბორტი ადამიანის მკვლელობა? -გახლავთ კითხვები, რომლებიც აინტერესებს მუნჯუს. პატრიარქალურმა კულტურამ ქალს გადაუწყვიტა, რომ აუცილებლად რაღაც მომენტში უნდა იქცეს მოსიყვარულე დედად და ამ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ნაყოფი მთელი ცხოვრება რჩება უცხო სხეულად და ამ დროს ქალი განიცდის უდიდეს დანაშაულის გრძნობას.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ამერიკული ფილმი “ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კევინზე”, სადაც ტილდა სვინტონის გმირი აბსოლუტურ გაუცხოვებას გრძნობს შვილის მიმართ მას შემდეგ, რაც ის სამყაროს მოევლინა, დაუგეგმავი უსიყვარულობა, რომელიც უბრალოდ სამწუხარო ფაქტია და კულტურა აქცევს მას დანაშაულად, შემდეგ უკვე რეფლექსიას ჰპოვებს კევინის აუტისტურ სპექტრში და ფსიქოპათიაში. თანაკლასელების დახოცვით კევინი გაუაზრებლად შურს იძიებს დედაზე გულგრილობისთვის. ბოლო სცენაში კი, როდესაც დედა-შვილი ცდილობს ახსნას მომხდარი, ჩვენ ვხედავთ ორ მეგობარს, ერთმანეთისთვის უცხო სხეულებს, რომლებიც ცდილობენ გაიხსენონ ერთად გატარებული 9 თვე, მაგრამ არ გამოსდით. “ადრე მეგონა ვიცოდი, მაგრამ ახლა არ ვიცი”- თითქოს კევინის ეს პასუხი ეკუთვნის კითხვას დანაშაულთან დაკავშირებით, მაგრამ არამხოლოდ, მან აღარ იცის რა მომენტიდან იქცა, კისტასავით დედის სხეულთან შეზრდილი, ადამიანად, რომელიც კულტურისგან, ირგვლივ არსებული სოციუმისგან ითხოვს უყვარდეთ, სხვა შემთხვევაში კი ხდება თვითდესტრუქციული და მკვლელი.

ისევ მუნჯუს ფილმს რომ დავუბრუნდეთ, მთავარი პერსონაჟები ატილია და გაბი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, ესეც ერთგვარი სიმბოლოა, მათ, როგორც ქალებს არ აქვთ საკუთარი სივრცე, სადაც თავად გადაწყვეტენ რას ნიშნავს დანაშაული მათთვის. “შეგიძლია ფულის საკითხი შენს თავზე აიღო? ისიც არ შემიძლია, რომ კონტროლიორს ქრთამი მივცე”- ეუბნება გაბი თავის მეგობარ გოგონას და მკვლელობაში თანამზრახველს, მაგრამ სანამ აბორტის გაკეთებას შეძლებს ბატონი ბებე, თავი უნდა მოაწონონ მას გოგონებმა უკანონო პროცედურამდე, სიკეკლუცე სჭირდება ქალს, რათა იყოს არქეტიპულად მაცდური, მკვლელობამდეც კი. ბატონი ბებეც მახინჯი კულტურის მსხვერპლია, რომელიც საკუთარ თავისუფლებას საფრთხის წინაშე აყენებს, რათა სექსუალურად დაკმაყოფილდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ რუმინეთზე ვსაუბრობთ, რომელიც არც თუ ისე უცხო კულტურას წარმოადგენს ჩვენთვის. საბჭოთა კავშირი მათაც შეეხო და იყო დამპყრობელი რუსეთის ქვეშევრდომი. ეს პერსონაჟი მთელი ამ მოწყვლადი, საცოდავი თაობის სახეა, რომელიც უვლის მოხუც დედას, ჯერ კიდევ შვილის კარგად გამოკვებაზე რომ ფიქრობს უფროს ასაკშიც კი, ბებეს კულტურამ ლიბიდოზური პოტენციალის მასშტაბი შეუმცირა, ხოლო “დამნაშავემ უნდა გადაიხადოს”, ამიტომ აბორტის სანაცვლოდ მასთან იძულებითი სექსი უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდა ქალებს.

“დამნაშავე”- ამ სიტყვას პირველად თავად ორსული გაბიტა გამოიყენებს, ის ძალიან კარგად იაზრებს, რომ კულტურა ამას უპასუხოდ არ დატოვებს, გარიყავს, მიატოვებს კიდეც თუ ამას ხმამაღლა გააჟღერებს და ბავშვის მამა? სწორი მხატვრული გადაწყვეტაა მუნჯუს მხრიდან, რომ მამა საერთოდ არც არის ნახსენები ფილმში, ის აორთქლდა, გაიქცა, შეეშინდა, მას არ ეხება ეს პრობლემა, რადგან საკუთარი სხეულით არ ატარებს შეცდომას.

შემთხვევითი არ არის, რომ ომს, როგორც მოვლენას მოიხსენიებენ მასკულინურ მონაპოვრად, ამ დროს აღარ ისმის ქალების განწირული ყვირილი მშობიარობისას, აღარ არსებობს მათთვის დრო, მათ კივილს ფარავს აფეთქების ხმა, იკარგებიან, ისევე, როგორც რუმინეთში ამ მოვლენის შემდეგ მრავალი დამნაშავედ აღქმული ქალი, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს კინო, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს და ალბათ ყველაფერს იმახსოვრებს კიდეც. მისი ამ ყოვლისშემძლე უნარის წყალობით უკრაინელი რეჟისორი იღებს ფილმს “კლონდაიკი”. ფილმის უკანასკნელ სცენაში ქალი დანგრეულ სახლში, დივანზე მშობიარობს მარტო და ნაყოფის გამოსვლის შემდეგ ჭიპლარს ხელით გამოიგლეჯს, ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უცხო სხეული მასში არსებობას წყვეტს.

ატილიასა და გაბის ურთიერთობამ გამახსენა ფილმი “ჩემი ოთახი”, აქ უკვე, ალბათ თავის ცხოვრებაში პირველად, მთავარი პერსონაჟი თინა, ყვება ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე. მას უნდა ეპოვა მეგი, რომელსაც უსიტყვოდ ესმის თინას ისტორიის სიმძაფრე. თითქმის უხმოდ, ნერვიული სიცილით, წარსულის გაშარჟებით, უყვება თინა მეგის თუ როგორ სცადა ქმარმა, დათუნამ მისი მოკვლა მას შემდეგ, რაც შეიტყო ღალატის შესახებ. თინაც, ისევე, როგორც მუნჯუს ფილმში გაბიტა, სოციუმმა გამოაცხადა დამნაშავედ, ოჯახმა მარტო დატოვა, შეყვარებულ ბექას პასუხისმგებლობის აღების შეეშინდა და მისი ცხოვრებიდან გაქრა. მანქანის სცენაში თინა ცდილობს ჩაებღაუჭოს ბექას, მაგრამ შემდეგ ბრაზდება, ეს ყველაზე გულწრფელი, ბავშვური, გაბრაზებაა პატრიარქალურ კულტურაზე, რომელიც ქალს აიძულებს მორჩილებას. ამ ფილმის გმირებს შორის თანაგანცდა გამოიწვევს ერთმანეთის სხეულებისადმი სექსუალურ ლტოლვას. თინას მამა დედის საფლავთან არ მიუშვებს, თინა ინსტინქტურად, დაუფიქრებლად შედის მეგის ოთახში, დიდი ტკივილის გადატანის შემდეგ ადამიანში მატულობს აღგზნებადობა, და ისინი იჭრებიან ერთმანეთის სხეულებში, რაც ეხმარებათ მათში არსებული ძლიერი ემპათიის გამოსახატად.

ვერ ვიტყოდი, რომ მუნჯუს პერსონაჟებს შორის არ არსებობს დაძაბული ეროტიული ველი, თუნდაც იმ სცენაში, როდესაც საშოში ზონდის შეყვანის შემდეგ გაბის გადაშლილი ფეხების რაკურსით ვუყურებთ ატილიას, საკმაოდ ხანგრძლივი სცენაა, ტრაგედიაზე რეაქცია უსიტყვოა, მაგრამ მკაფიოს და აშკარას ხდის მუნჯუ იმ ფაქტს, რომ მომხდარის არსი არავის ესმის ამ ოთახში მყოფი ორი ქალის გარდა. მინდა გავიხსენო მუნჯუს კიდევ ერთი ფილმი “გორაკებს მიღმა”, მიუხედავად იმისა, რომ აქ მთავარი პერსონაჟები ერთმანეთს თითქმის არ ეხებიან, ან უფრო სწორია თუ ვიტყოდით, ვერ ეხებიან, ეს ჩემთვის ყველაზე ეროტიული ფილმია. სცენაში, სადაც ალინა და ვაიჩიტა საწოლზე ერთად სხედან და ვაიჩიტა მის მკლავს ეხება, იგრძნობა სექსუალური დაძაბულობა, ან თუნდაც მალამოს წასმის ეპიზოდი. ვაიჩიტა ცდილობს მენტალურად არამდგრადი ალინას გადარჩენას, რომელსაც მონასტერში ეგზორცისტად შერაცხავენ და ეშმაკის განდევნის რიტუალის შემდეგ ჯვარზე დაბმული შემოაკვდებათ მამაოსა და მონაზვნებს, სულ ბოლოს მაინც ახერხებს ვაიჩიტა მის სხეულში შესვლას და გარდაცვალების შემდეგ ალინას ტანსაცმლით იმოსება. ფინალურ კადრში კი მუნჯუ პირდაპირ ტალახს ასხავს ეკლესიას, რომელმაც ახალგაზრდა ქალი შეიწირა.

მუნჯუს ფილმში საინტერესოა გაბიტას მეგობრის ატილიას ხაზი, რომელიც ტრაგედიის უშუალო თანამონაწილეა. მას ურთიერთობა ეძაბება შეყვარებულთან, ადისთან, რადგან ხვდება, რომ თუ დაორსულდება, ისიც, გაბის მსგავსად, სრულიად მარტო დარჩება. ის სასტუმროდან, სადაც ჩატარდა უკანონო პროცედურა, პირდაპირ მიდის ადის სახლში, სადაც აღნიშნავენ ადის დედის დაბადების დღეს. ხანგრძლივი, სტატიკური სცენაა სუფრასთან, სადაც ზუსტად ჩანს პატრიარქალური კულტურის მიერ შექმნილი ქალის ხატის სოციუმისგან დემონსტრირების სურვილი. მაგალითად, როდესაც ატილია უარს იტყვის ალკოჰოლზე და უბრალოდ უნდა, რომ დალიოს წვენი, ამას მაშინვე ასეთ შეფასებას უკეთებს სოციუმი- არ სვამს, რადგან გოგონა არ უნდა სვამდეს, ხოლო, როდესაც ხორცზე იტყვის უარს, ანუ მარხვაზეა, ისევ ვუბრუნდებით მითოსში არსებულ სტრუქტურას, სადაც ქალზე შექმნილ ერთ სქემას იმეორებს ყველა გმირი. სწორედ ამ მოსაწყენ სუფრასთან ირკვევა კულტურაში ჩაბუდებული უსიყვარულობა. ქალი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ მისი შემწვარი კარტოფილი ყოფილიყო დედამთილის მსგავსი, ექიმი, რომელსაც უნდა საკუთარი შვილი მეომარი გახდეს და ჯარში მსახურობდეს, ქალი, რომელიც განიცდის იმ ფაქტს, რომ მუდმივად ექიმის ცოლად მოიხსენიებენ. ეს ოჯახი უკვე გახრწნილია, მატერიაზე დგას და, როგორც კი ეს მატერია ფეხიდან გამოეცლება, მაშინვე დაიმსხვრევა.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ იუნ ფოსეს საოცარი პიესა “მკვდარი ძაღლები”, სადაც ოჯახის წევრები ვეღარ ცნობენ ერთმანეთს მათთვის საყვარელი ძაღლის გარდაცვალების შემდეგ, ეს ძაღლი ამ შემთხვევაში სწორედ ის მატერიაა, რომელიც ზემოთ ვახსენე, ანდა რადგან რუმინული კულტურის რუსულთან სიახლოვეზეც ვისაუბრეთ გავიხსენოთ მორყეული ოჯახის კლასიკური მაგალითი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმიდან “უსიყვარულოდ”. ამ ფილმშიც გულგრილობის მიზეზი სიღრმეში უნდა ვიპოვოთ, ალიოშა გარბის სახლიდან, რადგან მშობლები დაშორების შემდეგ აპირებენ მის ბავშვთა სახლში ჩაბარებას. კარს ამოფარებული, პირდაფჩენილი ალიოშა, რომელსაც ყვირილის დროს ხმა არ ამოსდის რუსული გულგრილი, უსიყვარულო კულტურის სიმბოლოა. უსიყვარულობის საწყისი კი ალიოშას ბებიის სახლშია, რომელიც არც კი განიცდის იმ ფაქტს, რომ ალიოშა გაუჩინარდა, არამედ ბრაზდება შვილზე, რომელმაც მის წარმოდგენაში დაუშვა რომ ალიოშას მას დაუტოვებდა. ისევ მუნჯუს ფილმს რომ დავუბრუნდეთ, ადი და ატილია სუფრიდან ადგებიან, ოთახში შეიკეტებიან და ფიქრობენ იმაზე თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ, თუ ატილია დაორსულდება.

ადი თვალს არიდებს ატილიას და უარყოფს დაფეხმძიმების შესაძლებლობას, აბა ხომ არ იტყვის, რომ მას შეეშინდება და გაიქცევა. ზვიაგინცევის ფილმში, ფინალურ კადრში პირდაპირ დანაშაულის ადგილის მოსანიშნ ლენტს ააფრიალებს რეჟისორი რუსეთის თავზე, იქამდე კი ვხედავთ ალიოშას დედას რუსული დროშის ფერებში ჟაკეტით, რომელსაც აწერია- რუსეთი, როგორ ვარჯიშობს სარბენ ბილიკზე და უბრუნდება ცხოვრებას ისე თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ასე იქცევიან მუნჯუს პერსონაჟებიც, პოლიეთილენის პარკში გახვეული ნაყოფის გადაგდების შემდეგ სასტუმროს რესტორანში სხდებიან და ელოდებიან საქორწინო კერძს, მაგრამ კერძი აღმოჩნდება საქონლის ხორცი, ტვინი, ღვიძლი და ჟელე, ამიტომ გაბიტა თეფშს გვერდით გაწევს და მენიუს აიღებს, აქ უკვე კულტურა გაბიტას საჭმელად ბავშვის ნაწილებს მიართმევს და ყოველთვის შეახსენებს, რომ მხოლოდ ის არის მომხდარში დამნაშავე.

ფილმის ბოლოს ატილია კამერაში იყურება, ჩვენ გვისწორებს თვალს, აქ უკვე პირდაპირ გვამხელს მუნჯუ სოციუმს, კულტურას დანაშაულში და ეკრანი ბნელდება, ჩვენ ვრჩებით საკუთარი გულგრილობის პირისპირ.


უკრაინული სურათი “კლონდაიკი” ვახსენეთ, ამიტომ მივბაძავ ამ ფილმის ავტორს და მეც მის მსგავსად დავასრულებ -


ეძღვნება ქალებს

Dedicated to women


Comments


bottom of page