top of page
ირინა შავლაძე

პირობითობისა და დოკუმენტური სიზუსტის სინთეზი აბას ქიაროსტამის შემოქმედებაში

ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანში კინოხელოვნება თითქმის აიკრძალა, მომავალში კი მკაცრი ცენზურის ქვეშ გატარდა, სწორედ ამგვარმა პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა ირანული „ახალი ტალღის“ ჩამოყალიბება, რაც მომავალში ავთენტურ სტილში გამოვლინდა. ირანული კინო ცნობილია თავისი ესთეტიკური სიმარტივითა და მინიმალისტური მიდგომით, ის უაღრესად ჰუმანურია, თითქმის არასოდეს ასახავს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენას და მხოლოდ ირანის პრობლემებზე არ კონცენტრირდება, სწორედ ამიტომაა ასეთი უნივერსალური. მას მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ესთეტიკა, ნეორეალიზმის გავლენა, სისადავე, ლაკონურობა და პოეტურობა ახასიათებს. რეჟისორებთან პოეტური და სიმბოლური თხრობის ტექნიკის, მეტაფორებისა და ალეგორიების ხშირად გამოყენება, ღრმა მნიშვნელობების გადმოცემას ემსახურება. კინორეჟისორები ხშირად სიჩუმის ძალას, უწყვეტ, ბუნების გაშლილ კადრებს და ბუნებრივ განათებას მიმართავენ, რაც აუდიტორიას რეალობის, სიახლოვის განცდას უქმნის, პერსონაჟებზე ფოკუსირებული კამერა კი, მათ ემოციური სიღრმეს ჩვენთვის, მაყურებლისთვის უფრო ხელშესახებს ხდის. ირანული კინემატოგრაფია ადამიანის მდგომარეობის უნივერსალურ ასპექტებს, სიყვარულს, დანაკარგს, იდენტობას, სოციალურ უსამართლობასა და კულტურულ ნორმებს, ნამდვილი და სახასიათო გმირების მეშვეობით ასახავს. თავისი მკაფიო კინემატოგრაფიული ენით, გლობალურ აუდიტორიას ხიბლავს და აყვარებს თავს.
სანამ აბას ქიაროსტამის თანამედროვეების უმეტესობა დასავლეთში ინტელექტუალური თავშესაფრის სათხოვნელად გარბოდა, ის რევოლუციის შემდეგ ირანში დარჩა, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა რეჟისორის გამოკვეთილი, ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბება, თუმცა ამავდროულად ის არის რეჟისორი, რომელიც კონკრეტულ გარემოში თავს არ იზღუდავს. „როცა მიწაში ფესვგადგმულ ხეს აიღებ და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტან, ხე ნაყოფს აღარ მოისხამს და თუ ეს მაინც მოხდება, ნაყოფი ისეთი კარგი აღარ იქნება, როგორც თავდაპირველ ადგილას იყო. ეს ბუნების წესია. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნიდან რომ წავსულიყავი, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა.” ეს აშკარა სიყვარული თავისი ქვეყნისადმი მის ფილმებში სპარსული პოეზიის გამოყენებით გამოიხატება, რაც კავშირს წარსულსა და აწმყოს, ტრადიციასა და თანამედროვეობას, უწყვეტობასა და ცვლილებას შორის უსვამს ხაზს. ის საუბრობს ცხოვრების უწყვეტ ციკლზე უმარტივესი ენით, რომელიც გულის წყვეტას არ ისახავს მიზნად, პირიქით სიცოცხლით ტკობისაკენ მოგვიწოდებს.
მის ფილმებს თან სოციალური სინდისი სდევს, ბევრი მათგანი ირანის სოფლის ცხოვრებას ასახავს, მაგრამ ამავდროულად, კონკრეტული ნარატივის მეშვეობით, ზოგადად ადამიანის, ცხოვრების არსს ირეკლავს. ქიაროსტამიმ საერთაშორისო აღიარება ეგრეთ წოდებული „კოკერის ტრილოგიით“ მოიპოვა. სამი ფილმი სხვადასხვა წელს, ერთი და იგივე სოფელშია გადაღებული და უკვე გაზრდილი, ნაცნობი პერსონაჟებით განსხვავებულ მოვლენებსა და თემებს ეხმიანება, თითოეული მათგანი წინას ამხელს ტყუილში და ამავდროულად ახალ ილუზიას ბადებს. აბას ქიაროსტამის შემოქმედებას პანორამული კადრები, გაშლილი ლანდშაფტები, ნაცნობი გორაკები, სადაც ადამიანს ან მანქანას კამერა შორიდან აკვირდება, გულწრფელი პერსონაჟების ახლოდან დანხვა აერთიანებს. ალბათ იშვიათია რეჟისორს ისე უყვარდეს და აინტერესებდეს ადამიანი და ბუნება, როგორც მას. მისი კინო სისადავის, სიმარტივისა და კომპლექსურობის ჰარმონიული ნაზავია. ის ახერხებს დოკუმენტური სიზუსტით, პირობითობითა და პოეტურობით, ჩვენამდე ერთორულად ყველაზე ჩვეულებრივი, ბანალური ცხოვრებისეული გამოცდილებისა და არაჩვეულებრივი, ადამიანური ისტორიების მოტანას. ნაცნობი ნარატიული ელემენტების გამოყენებით, რეჟისორი მაყურებელსა და მოთხრობილ ამბავს შორის უწყვეტ ძაფს აბამს, რაც ფილმში უფრო ღრმა ემოციურ და ინტელექტუალურ ჩართულობას იწვევს.
ქიაროსტამის, როგორც კინორეჟისორის, ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი დოკუმენტური სიზუსტისადმი ერთგულებაა, მასთან საზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს შორის ძალიან მკრთალია, ის ოსტატურად ახერხებს ყველანაირი გამყოფის წაშლას, გამოგონილსა და ნამდვილს შორის. ამგვარ ხერხს ფილმში „ახლო ხედი“ მიმართავს, სადაც გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე ამოკითხულ, რეალურ ისტორიას, რეალურ ადამინებზე გვიყვება, გვიყვება რა დეტალიზებულად, ახლო კადრებითა და უწყვეტი დიალოგებით. რეჟისორი, მთავარი მოქმედი გმირის მიმართ საოცარ ემპათიას იჩენს, რასაც ფილმის მსველობასთან ერთად მაყურებელიც იზიარებს. საბზინი გაჭირვებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ტყუილითა და სხვა ადამიანად თავის გასაღებით, ცოტა ხანი ისე ცხოვრობს, როგორც სინამვილეში სურს. კინომოყვარული დამნაშავე, თავს ცნობილ ირანელ რეჟისორად, მახმალბაფად ასაღებს, ერთი შეხედვით ის სხვის ემოციებზე თამაშობს და ბოროტად იყენებს მათ დამოკიდებულებას, მაგრამ ქიაროსტამიმ ყველაფერი და არაფერი ქნა იმისათვის, რომ ეს პერსონაჟი შეგვყვარებოდა და საერთოდ სხვა კუთხით დაგვენახა. მან უბრალოდ გადაიღო, არაფერი შეასწორა, უკარნახა, მიუთითა, დიახ აი ასე უბრალოდ აღბეჭდა ნამდვილი ადამიანის, შეულამაზებელი განცდები და როგორ შეიძლება ემოციურად გაშიშვლებული, მგრძნობიარე ინდივიდი არ იწვევდეს ემპათიას? ქიაროსტამის ფილმს უნარი აქვს აღბეჭდოს სიმართლე მისი დამახინჯების გარეშე, ის დისტანცირდება და დოკუმენტური სიზუსტით გადმოგვცემს ამბავს, რომელიც თავისთავად ძალიან პოეტური და ადამიანურია, ფილმის ფინალი კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ კეთილი დასასრული მართლაც არსებობს. ეს არის ფილმი, რომელიც უნდა ნახო, რომ გაიგო, მხოლოდ კინოს შეუძლია ასე სათუთად და ფრთხილად აირეკლოს ინდივიდი მთელი თავისი არსით. კიდევ ერთი ძალიან მარტივი, ლაკონური და დოკუმენტური ფილმი 1989 წელს გადაღებული „საშინაო დავალებაა“, სადაც რეჟისორი თავის თავს თამაშობს, რამდენიმე მარტივი კადრითა და ძირითადი კითხვით ის ბავშვების პრობლემებისა და სიხარულის ასახვას ახერხებს. ამ ფილმით ის ერთროულად სახალისო და მძიმე სიუჟეტს გვაწვდის, გვაცნობს პატარა ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ მძიმე ყოფასა და პირობებში ბავშვებად დარჩნენ. ფილმში უამრავი მნიშვნელოვანი მოსაზრება და დიალოგია, აღზრდასთან და სწავლასთან დაკავშრებით, რაც ნებისმიერ კულტურასა და სიტუაციას ერგება. ქიაროსტამისათვის ბავშვი, სკოლა და საშინაო დავალება მნიშვნეოვან საკვლევ თემას წარმოადგენს, ერთი შეხედვით ძალიან ყოფით და ცხოვრებისეული საკითხს ის ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის.
ასე იქცევა ფილმში „სად არის მეგობრის სახლი?“, რომელიც სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის, აჰმედის მოგზაურობაზეა, ის შეცდომით წაიღებს თანაკლასელის რვეულს სახლში, მკაცრი მასწავლებელი კი რვეულის მფლობელს მეორე დღეს სკოლიდან გააგდებს ამავე რვეულში შესრულებელ დავალებას თუ არ წარუდგენს. პასუხისმგებლობითა და თანაგრძნობით აღძრული აჰმედი, მეგობრის სახლის ძიებას იწყებს, რათა კუთვნილი ნივთი დაუბრუნოს. ძიების ეს მარტივი აქტი მეტაფორული მოგზაურობა ხდება, რომელიც ინდივიდის თანდაყოლილ, ადამინურ მისწრაფვებას ასახავს. აჰმედი ბავშვური უდანაშაულობის არსს და მორალური პასუხისმგებლობის ურყევ ერთგულებას წარმოადგენს. ფილმი აღბეჭდავს თანაგრძნობის ძალას, ადამიანური კავშირის ღირებულებას და სიკეთის აქტების მნიშვნელობას რთულ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში. აჰმედის ურყევი მონდომების მაგალითზე, რეჟისორი ერთი შეხედვით მცირე მოქმედებით გამოწვეულ ღრმა გავლენებზე გვესაუბრება, რომელიც სხვების ცხოვრებას ცვლის. „სად არის მეგობრის სახლი?“ არის კინოშედევრი, რომელიც ზედმეტი მონდომების გარეშე ათბობს მაყურებელს, რომლის მეხსიერებიდანაც ვერასოდეს ამოიშლება პატარა აჰმედის სევდიანი თვალები, მძიმე ყოფა, რომელშიც ცხოვრობს და შეუდრეკელი ადამიანობა, რასაც ვერავინ წაართმევს. ფილმის ფინალში ისევ ყვავილი, რომელიც ასე უყვარს რეჟისორს, ამ პოეტური და გულუბრყვილო ჟესტით ის იმედს გვაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მანამ სანამ აჰმედისნაირი ადამიანები იარსებებენ.
ეს ფილმი „კოკერის ტრილოგიის“ ნაწილია, ისევე როგორც 1994 წელს გადაღებული „ზეთისხილის ხეების მიღმა“, იგივე სოფელი, იგივე გორაკი და ნაცნობი, უკვე გაზრდილი სახეები, დამანგრეველი მიწისძვრის მომდევნო პერიოდს აღწერს. ამ ფილმში რეჟისორი ნოვატორულ კინემატოგრაფიულ მიდგომას იყენებს, რომელიც წარმოგვიდგენს გამოგონილ ნარატივს დოკუმენტურ ჩარჩოში, კინოს კინოს გადაღებაზე. ფილმი სიყვარულისა და შეუპოვრობის ზღაპარია, რომელიც გადასაღებ მოედანზე მომუშავე ორი ახალგაზრდა არაპროფესიონალი მსახიობის ამბავს ჰყვება. ქიაროსტამი სოციალურ საკითხებს დახვეწილად ეხება, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ განხეთქილებას. ჰოსეინსა და თაჰერეჰს შორის ურთიერთობით კლასობრივი განსხვავებებისა და იმ გამოწვევების შესახებ აკეთებს კომენტარს, რომლებსაც აწყდებიან სხვადასხვა სოციალური ფენის ინდივიდები. რეჟისორი ამ თემით სოციალური დინამიკის სირთულეებს ნათელს ჰფენს და ხაზს უსვამს სოციალური ნორმებისა და მოლოდინების გავლენას პირად ურთიერთობებზე. მისი პოეტური მიდგომა, ისეთ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას ქმნის, რომელიც ფილმის დასრულებიდან დიდი ხნის განმავლობაში მაყურებელთან რჩება, ამას კი ფინალური სცენების ნაივურობა, ბავშვურობა და გულწრფელობა უწყობს ხელს. ყველაზე პოეტური სახით სიცოცხლის სილამაზესა და სიყვარულს ალბათ „ალუბლის გემო“ ასახავს, რეჟისორის ვიზუალურად ყველაზე მკაცრი ფილმი, შუახნის, შეძლებული მამაკაცის შესახებ გვიამბობს, რომელიც გაშლილ ლანდშაფტში მანქანით გადაადგილდება. ბადის თავის მოკვლა სურს და ამ საქმეში ვინმე უნდა დაეხმაროს, აუღელვებლად, აუჩქარებლად და ძალიან გაწონასწორებულად ესაუბრება უცხოებს და ამ საქმეში დახმარებას სთხოვს, თუმცა ასე მარტივად ვერავის ითანხმებს, პირიქით ყველა მის გადარწმუნებას ცდილობს. ყოველი ურთიერთქმედება სიცოცხლის ღირებულების, ადამიანური ტანჯვის სუბიექტური ხასიათისა და მორალური პასუხისმგებლობის სირთულეების შესახებ ბადებს კითხვებს. ქიაროსტამი ფილოსოფიური დიალოგების მეშვეობით მაყურებელს უბიძგებს განიხილოს საკუთარი შეხედულებები სიცოცხლესა და სიკვდილზე. ფილმის მწირი დიალოგი, ხანგრძლივი კადრები და მიზანმიმართული ტემპი დაფიქრებისა და ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა. უნაყოფო პეიზაჟები და უზარმაზარი სიცარიელე მთავარი პერსონაჟის ეგზისტენციალური დაცლის რეპრეზენტირებას ემსახურება და ადამიანის მდგომარეობის იზოლაციისა და შინაგან ბრძოლის შეგრძნებას უფრო ამძაფრებს.მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრი შეიძლება მძიმე აქტად ჩაითალოს, მნიშვნელოვანი კავშირები და გაგების მომენტები სწორედ ასეთ პირობებში ყალიბდება. ბადის შეუძლია სიცოცხლე დაასრულოს, ამის გამო მას არავინ განსჯის, მაგრამ რეჟისორი გვახსენებს, რომ სიცოცხლე ღირს თუნდაც ალუბლის გემოსთვის. ფილმის ფინალი მთლიანად ღიაა ინტერპრეტაციისთვის, თითქოს ქიაროსტამი საკუთარი სულის სიღრმეში გვახედებს და თავისი ინტელექტუალური გამჭრიახობით გვაფიქრებს ყველა იმ მიზეზზე რის გამოც ცხოვრება რთულია, მაგრამ ყოველთვის მშვენიერი.
და ბოლოს, დიდი ოსტატობაა საჭირო იმისათვის, რომ რუტინაში, სიმარტივესა და ყოველდღიურ საქმიანობაში რაღაც განსაკუთრებული დაინახო, მერე ეს კამერით ისე ლაკონურად, პოეტურად და ზუსტად აღბეჭდო, როგორც ამას აბას ქიაროსტამი აკეთებს. მან კინოს ძალა იცის და ყოველთვის ადგას გზას, რომელიც პირდაპირ მაყურებლის გულისაკენ მიდის. ის არის რეჟისორი, რომელსაც უყვარს კინო, უყვარს ცხოვრება მთელი თავისი უსამართლობითა და სიმძიმით. „სრულ სიბნელეშიც კი არსებობს პოეზია და ის არსებობს შენთვის“ და სწორედ ამგვარ სიბნელეს კინოს მოყვარულებს, ქიაროსტამი უშრეტი ცნობისმოყვარეობითა და სიცოცხლის სიყვარულით შექმნილი ფილმებით გვინათებს.

Comments


bottom of page