top of page
  • გოგა გუგავა

ნეილონის ნაძვის ხე - ღირსეული ჩაქჩაქით დასავლეთისკენ (ევროპისკენ)


ცივილიზაცია ჰგავს ყინულის თხელ ფენას ქაოსისა და სიბნელის ღრმა ოკეანეში - ვერნერ ჰერცოგი.
თვალებს რომ ხუჭავთ, თქვენ ოცნება შეგიძლიათ თუ გეძინებათ? არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ კინოს აქვს მაგია, თვალებდახუჭულ და ქუთუთოებზე ხელმიდებულ ადამიანს მოსვენება არ მისცეს და როგორც კი დაბნელდება, ღამის სეანსი მოუწყოს.
ერთი კვირის წინ მეგობარმა მითხრა, ვიღას უნდა ძველ ფილმებზე რეცენზიები, აქ და ახლა წერეო. რა ვქნათ, თუ რეზო ესაძის 40 წლის წინ გადაღებული ფილმი დღესაც იმავენაირად გვიყვარს და 4 წლის წინ გარდაცვლილი კაცი თავისი შემოქმედებით დღესაც "წკიპურტებს" გვირტყამს?! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრი კარგი თანამედროვე ქართული ფილმი ვნახე, "ნეილონის ნაძვის ხე" მაინც ყველაზე ზუსტად აღწერს დღევანდელ რეალობას. ამ სტატიაში უფრო მეტს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორია 1999 წელს დაბადებული ახალგაზრდის  თვალით დანახული "ნეილონის ნაძვის ხე" და ნაკლებს - იმაზე, თუ რისი თქმა სურდა რეზო ესაძეს თავის დროზე ამ ფილმით. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი აცდენა არ იქნება ამ ორ ინტერპრეტაციას შორის, რადგან,საერთო ჯამში, ფილმის ქვაკუთხედად მაინც ერთი ქვეყნის ბედია მოცემული.  
"ნეილონის ნაძვის ხეში", როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი ავტობუსი ხალხის გაცნობა გვიწევს. თუმცა, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს და მთავარ თემას არ ავცდე, მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟსა და ეპიზოდს განვიხილავ. საინტერესოა, რომ პერსონაჟების უმეტესობას, რომლებიც ფილმში ჩანან, სახელები არ აქვთ. ისინი შემთხვევითობამ შეჰყარა ერთად. შემთხვევითობამ, რომელსაც ჰქვია ახალი წელი ჩვენს ღირსეულ ოჯახებში. სანამ ეს ხალხი დასავლეთში წავა, მანამ სადგურში რამდენიმე საყურადღებო ეპიზოდია, რომლებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ერთ-ერთ მათგანში ვაშლის გამყიდველი თვალებში ნაცარს აყრის მომხმარებელს. განრისხებული მომხმარებელი გამყიდველისკენ გაიწევს, რა დროსაც გამყიდველი განწირული ხმით იწყებს ყვირილს: "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მირტყამენ". პოლიცია მოტყუებულსა და გაჭირვებულ მომხმარებელს აკავებს და განყოფილებაში მიჰყავს. იქვე მდგომი ორი კაციდან ერთს აღმოხდება, რა უნდათ ამ კაცისგან, გამყიდველია დამნაშავეო, მაგრამ იგი ამის თქმას ხმამაღლა ვერ ბედავს, ამიტომ მისი სიტყვები, უბრალოდ, ქარს მიაქვს. ამავე სადგურის სხვა ეპიზოდში ვხედავთ 4 ადამიანს, რომლებიც ჯვარედინად დგანან. ამ ოთხიდან ერთი მეორეს ცხვირში გამეტებით ურტყამს კარტს და ამით წაგებულ ნაძლევს იბარებს. ამ ცხვირაწითლებული კაცის ფონზე კი ისმის სიტყვები: "ჩვენი ერი ყველაზე ძველი ერია. ქრისტიანობა მივიღეთ მე-3 საუკუნეში".  პირველ ეპიზოდში ჩანს პოლიცია, რომელიც იცავს მდიდარ მევახშეს არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობის დროს და მტყუან-მართლის გარჩევით თავს არ იწუხებს, რადგან ამ ქვეყანაში კანონსა და ფულს შორის ტოლობის ნიშანია დასმული. მეორე ეპიზოდში კი  ვხედავთ სარწმუნოებით მოტრაბახე ადამიანს. იგი არაქრისტიანულ უმსგავსობას უყურებს და თვალები დაუბრმავებია. მისთვის სარწმუნოების საზომი, მხოლოდ სიძველეა და არა მისი შინაარსი, რომელიც გვასწავლის "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი"(ლუკა, თავი 10; მუხლი 27).
ცოტა ხანში კამერა ავტობუსში ადის და ავტობუსიც ღირსეული ჩაქჩაქით იწყებს სვლას დასავლეთისკენ. აქ უკვე ლევან პაატაშვილი ერთვება საქმეში თავისი მაღალპროფესიული ოპერატორული ტექნიკით და კამერას რენტგენისა და მრტ-ს აპარატად აქცევს, რითაც ყველა მგზავრს აშიშვლებს მაყურებლის წინაშე. ავტობუსში ვხვდებით მეტად საყურადღებო პერსონაჟებს. მაგალითად: კაცს, რომელსაც კვერცხებით სავსე ვედროში ბოქლომი ჩაუვარდა და ახლა იძულებულია გატეხილი კვერცხები ჭამოს, რომ ზარალში არ ჩავარდეს; ბატკნიან მგზავრს (ლერი ზარდიაშვილი), რომელიც თავის ქვისლთან, მინესასთან, მიდის და საერთოდ არ ადარდებს, ავტობუსში რა ხდება; ღატაკ დედაკაცს, რომელიც დასავლეთში მიდის, მაგრამ სულსა და გულს ნარკომან შვილთან ტოვებს; რუს ქალბატონს (ირინა კალინოვსკაია), რომელსაც პაემანზე მიეჩქარება ქართველ ვაჟკაცთან; ცოლ-ქმარს, რომელთაც დიდი პატივისცემა არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისადმი და ახალგაზრდა ქალს (რუსუდან ქვლივიძე), რომელსაც, დიდი ალბათობით, ეშინია, რომ დაგვიანების გამო ქმარი სცემს, ამიტომაც მაღვიძარასავით ყოველ 15 წუთში გაჰკივის: "დედა, მომკლავს, მომკლავს, გამათავებს. სადა ვართ, რომელი საათია ახლა?"; მოკლედ, მთელი კომპლექტია შეკრებილი, მაგრამ ჯერ ყველაფერი მაინც წინაა. უფრო საინტერესო პერსონაჟებიც გამოჩნდებიან.
ვტობუსში ამოდის ერთი ჩია კაცი (გურამ პეტრიაშვილი), რომელიც პაპიროსის გარეშე წუთსაც ვერ ძლებს. ვინაიდან ავტობუსს არ უჩერებენ, ისიც იღებს გადაწყვეტილებას, ავტობუსში მოწიოს სიგარეტი. შორიდან გაისმის რამდენიმე მუქარის შემცველი ფრაზა მისი მიმართულებით, მაგრამ გურამ პეტრიაშვილის პერსონაჟს ეს არ აშინებს. მეტიც, იგი მგზავრებს ქურდებს და გათახსირებულებს უწოდებს, თუმცა ისინი ამაზე ხმას არ იღებენ. სანამ ამ ჩია კაცის ამბავი გაგრძელდება, უნდა ვახსენოთ მერაბ ნინიძისა და გივი ჩუგაშვილის პერსონაჟები, რომელთა ავტობუსში ყოფნაც ბევრ ეჭვს ბადებს მანამ, სანამ ავტობუსს მანქანა არ წამოეწევა და არ გავიგებთ, რომ თურმე ახალგაზრდა გოგონა (ნინი ბრეგვაძე) სახლიდან გამოქცეულა, რათა მერაბ ნინიძის პერსონაჟს ცოლად გაჰყოლოდა. მანქანიდან გადმოსული გოგონას ოჯახის წევრები ღარიბ ნინიძის პერსონაჟს და მის მეგობარს სცემენ, თუმცა გოგონასთან ვერაფერს ხდებიან და მას სამუდამოდ კარგავენ. გაქცეული ახალგაზრდა გოგო ახლობლებს მიაძახებს: "მე სახლში აღარ მოვალ".
ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთი ღერის მოწევას აპირებს ჩია კაცი, მაგრამ ამჯერად ერთმანეთზე აყოლილი მგზავრების გუგუნი მძღოლამდე აღწევს და ყველანი ერთად პეტრიაშვილის პერსონაჟს შუა-ღამეს ავტობუსიდან აგდებენ. ცოტა ხანში სინდისი, იგივე ზურაბ ქაფიანიძის პერსონაჟი, რომელსაც მთელი გზა სძინავს, წამოდგება და ამბობს:
 "თქვენ გგონიათ მე მეძინა? - არა. მე უკვე დიდი ხანია არ მძინავს, მაგრამ თვალს არ ვახელდი. ვფიქრობდი, სადამდე მიაღწევს-მეთქი ჩვენი უსამართლობა და უსინდისობა. სად დავტოვეთ ის კაცი?".
ქაფიანიძე ავტობუსის მძღოლს ხელს ჰკიდებს და ავტობუსის გაჩერებას სთხოვს. უცებ ავტობუსის მძღოლი ხელის მოკიდებაზე ბრაზდება, აჩერებს ავტობუსს და ძირს ჩადის. გაბრაზებული მგზავრებს პროტესტს უცხადებს და თავისთვის იმეორებს, მე არსად წამსვლელი არა ვარო. იწყება ჩხუბი სინდისსა და მძღოლს შორის. ნელ-ნელა კი ამ ჩხუბში ნახევარი ავტობუსი ერთვება. ზუსტად ამ დროს ჩამოივლის განათებული და გაჩახჩახებული ავტობუსი, რომლიდანაც სითბო და სიყვარული იღვრება. ყველა იქ მჯდომი კარგ ხასიათზეა და იქიდან გულიანი ხარხარი ისმის. რეალური ავტობუსის მგზავრები უკან გაეკიდებიან ოცნების ავტობუსს და კარზე ბრახუნს აუტეხენ, თუმცა იგი ისევე სწრაფად და უკვალოდ ქრება, როგორც გაჩნდა. ამ ეპიზოდში დღეს არსებული ქართული საზოგადოების ზუსტად ის ნაწილია ნაჩვენები, რომლებსაც არც რუსეთში უნდათ წასვლა, მაგრამ ევროკავშირში შესასვლელადაც არაფერს აკეთებენ. თუ ამ დაჩაჩანაკებულ ავტობუსს, თავისი ყალთაბანდი მძღოლით, რომელიც ავტობუსის ერთ-ერთ საბარგულში მოპარულ ყველს ინახავს, რომ მერე რაიონში გაყიდოს, საქართველოს პროტოტიპად წარმოვიდგენთ, მაშინ განათებული ავტობუსი, რომლიდანაც სითბო იღვრება, საქართველოს უკეთესი ვერსიაა ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ. მათდა სამწუხაროდ, როგორც ესაძის ფილმის პერსონაჟები ვერ მოხვდებიან იმ ნათელ ავტობუსში, ისე ეგოისტი და მშიშარა ადამიანებიც ვერ მოხვდებიან უკეთეს მომავალში, რადგან უკეთეს მომავალს ვქმნით თავად და არა ვინმე სხვა.
ამ ავტობუსის ჩავლის შემდეგ ღირსეული, ჩაქჩაქა ავტობუსის, ერთი შეხედვით, უტეხი მძღოლი შემდეგ სიტყვებს ამბობს:
"რა გინდათ ჩემგან? მე მამა არა ვარ? მე ოჯახი არა მყავს? მე კი არ მომელიან ახალ წელს სახლში? მაგრამ მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ყველას რომ დავუჯერო, რა გამოვა. ეს სახელმწიფოს ავტობუსია, მე პასუხს ვაგებ."  
სწორედაც რომ პასუხს აგებს ავტობუსზეც და მის მგზავრზეც, რომელიც შუა-ღამეს მგლების საჯიჯგნად ტყეში დატოვა. ადამიანი რიგ შემთხვევებში ვიწრო გაგებისაა. ძალაუფლება თუ ჩაიგდო ხელში, მთელი არსებით ეცდება, რომ დაგჩაგროს. ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა, ზიმბარდოს ექსპერიმენტია. კარისკაცმა თუ იგრძნო, რომ კარის ირგვლივ ძალაუფლება აქვს, ადგება და ამ კარში არ შეგიშვებს. კინოთეატრის მოლარე ბილეთს არ მოგყიდის და ქუჩაში დაგტოვებს. ავტობუსის მძღოლიც ასეა. აქ ის არის უფროსი, თუმცა მას ერთი რამ ავიწყდება, ეს ავტობუსი მისი არაა. იგი სახელმწიფოს ნაწილია და თუ ამ ხალხს ბილეთი აქვს ნაყიდი, გამოდის უფლებებიც საკმარისად აქვთ. მძღოლი, რომელიც ყოველ წუთში რაღაცას აყვედრის ხალხს და ეუბნება, რომ თუ მოინდომებს, საერთოდ არ წავა დასავლეთისკენ, სასწრაფოდ ჩასანაცვლებელია. რატომღაც ასეთებს ჰგონიათ, რომ თუ ავტობუსის მძღოლები არიან, მიუხედავად სახელმწიფოს დადგენილი მარშრუტისა სრული სვლით წავიდეს დასავლეთისკენ, შეუძლიათ მგზავრებს ჩრდილოეთისკენ უკრან თავი. არაფერიც! თუკი სახელმწიფოს დადგენილი აქვს, რომ ეს ხალხი უნდა წავიდეს დასავლეთში, უბრალო მძღოლი ვერ ადგება და გეზს ვერ შეცვლის ხალხის ნებართვის გარეშე, რადგან იგი ხალხმა აირჩია და დასვა თავისივე ავტობუსის მძღოლად.
ფილმი სრულდება იმ მგზავრის ძებნით, რომელიც სიგარეტის მოწევის, უფრო კი პრინციპულობის გამო სიცივეში ტყეში დატოვეს. ძებნა იწყება "ჩაკრულოს" ფონზე, რომელსაც თავად მგზავრები ასრულებენ. სიმღერის ძირითადი მონაკვეთი, რომელსაც ისინი მღერიან, ასეთია:
მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.
მაცადე ერთი ავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდათ მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია...
აქ იბადება კითხვა, თუ რატომ არ დაუკვნესია ამ ხალხს არც ერთხელ?! იმიტომ ხომ არა, რომ ამდენი მათრახის დარტყმისგან ზურგის კანი იმდენად გაუმაგრდათ, რეაქცია აღარ აქვთ?!
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე რთულია, თუ გავიხსენებთ, ვინაა ეს ხალხი და რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან.
ამ საზოგადოებას არაფერი აერთიანებს  —–  არც რწმენა, არც ზნეობა, არც იდეალი, არც სიყვარული, არც მრწამსი, არც მიზანი. ისინი შემთხვევამ შეჰყარა ერთ ავტობუსში და როგორც კი ეს (შემთხვევა) გაქრება, ისინიც ისევ დაიფანტებიან. ერთადერთხელ აკიაფდა მათი ერთი მიზნით გაერთიანების იმედი. მაშინ, როცა ავტობუსიდან გაძევებული ხერხიანი მგზავრის მოსაძებნად უკან დაბრუნდნენ (ბაქრაძე 1989, 225).
თუ დასაწყისს არ ჩავთვლით, ფილმში ზუსტად ერთხელ, ისიც წუთ-ნახევარის მანძილზე, ივიწყებს მაყურებელი ეგოისტების მთელ ხროვას და ფილმს სიამოვნებით უყურებს. ამ წუთ-ნახევრიან ეპიზოდში ჩანან ახალგაზრდა გოგო და ბიჭი (სოფიკო გორგაძე და კოტე ჭანტურიშვილი), რომლებსაც ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, თუმცა გარემოებაა ისეთი, რომ ამ ეტაპზე მათი მოწონება სიყვარულში ვერ გადაიზრდება.  ამ ახალგაზრდებს, სხვა მგზავრებისგან განსხვავებით, აქვთ უნარი, იოცნებონ და ამ ოცნებებში ნახონ ნათელი ველები, ხედები და უკეთესი მომავალი. ზემოთ ნახსენებ "ჩაკრულოს" მეორე სტროფს არ უნდა მღეროდნენ დანარჩენი ავტობუსის მგზავრები, რადგან მათ არ აქვთ გამბედაობა მტერზე ჯავრი იყარონ. ერთი პერსონაჟი კითხვას სვამს შუა გზაში: "ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ადამიანები არ ვართ?" ეს კითხვა კითხვადვე რჩება, როგორც სხვა ბევრი კითხვა ამ ფილმში. მართლა რთული სათქმელია, არიან თუ არა ისინი ადამიანები. იქნებ, იმ ნაძვის ხესავით ნეილონისგან არიან შეკოწიწებულნი და ადამიანური გრძნობები შორსაა მათგან.
რაც შეეხება "ჩაკრულოს" პირველ სტროფში ნახსენებ ტირილს, იგი ზუსტადაც რომ სიმბოლურია ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით. ნებსით თუ უნებლიედ, ატირებული ახალგაზრდობა უთუოდ დაამარცხებს თავის მტერს ისე, რომ ვერ გაიგებს, შიში და სირცხვილი რა არის. ვისაც ჩრდილოეთი გინდათ, წადით, ბატონო, ვინ გაკავებთ?! ხოლო ვისაც დასავლეთისკენ გაქვთ გეზი და თან მიგეჩქარებათ, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებთ, გეგმაც არ გაქვთ და თქვენი პატარა სოროებიდან იცქირებით, აცადეთ იმ ხალხს, რომლებსაც გეგმა აქვთ და  თქვენც მიგათრევთ იმ დასავლეთისკენ, თორემ ავტობუსის ბილეთი კი არა, თავად ავტობუსიც აღარ იქნება იქით მიმავალი. კუროსავამ ერთხელ თქვა, ადამიანი გენიოსია, როცა ოცნებობსო. ჰოდა, ვისაც შეუძლია ოცნება და თვალების პირველივე დახუჭვისას არ ეძინება, აცადეთ მათ, რათა გენიოსთა და გმირთა ქვეყანა ყალბი ღირსების ქვეყნად არ აქციოთ.

P.S.
ლექსო, შუქს თუ არ ჩართავ და ქვემოთ არ ჩამოუშვებ, არა უშავს, მომავალი თაობა მაინც ყოველგვარი დენის წყაროს გარეშე ანათებს, მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობით.

Comentarios


bottom of page