top of page
თინათინ ყუფარაძე

მუგუნგჰვას ყვავილის ფურცელი


მიუხედავად იმისა, ფესვებს და სისხლისმიერ კავშირებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ კულტურებში, რომელსაც სამხრეთ კორეული საზოგადოებაც მიეკუთვნება, 1950 წლების ბოლოდან „ქუჩის მტვრად“ წოდებული ბავშვების წყალობით ქვეყანაში მაინც ჩამოყალიბდა გაშვილების მთელი ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოში წლების განმავლობაში გაშვილებული ბავშვების რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 
„ქუჩის მტვერს“ ის შერეული რასის ბავშვები წარმოადგენდნენ, რომლებიც ამერიკული ბაზების ირგვლივ, კორეული სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციონალიზებულ სექს ქალაქებში დაიბადნენ და რომელთა არსებობაც, სამარცხვინო ლაქას წარმოადგენდა კორეული პატრიარქალური საზოგადოებისთვის. ამიტომაც თავდაპირველად, დიდი ხნის განმავლობაში, თუკი  კონფუციანიზმის ძალიან ღრმა გავლენით, კორეელი ბავშვების გაშვილება ითვლებოდა ანტისახელმწიფოებრივ და სამარცხვინო პრაქტიკად, რასაც საფუძვლად კორეული სისხლის, ფესვების და ოჯახის კულტის მიმართ გაფეტიშებული წარმოდგენები ედებოდა,, 1950-იანი წლების ბოლოს სწორედ ამ, კონფუციანური იდეოლოგიის ზეგავლენით ჩამოყალიბდა ზემოხსენებული გაშვილების ინდუსტრია, რომელიც დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს. თუმცა დეკადების მიხედვით იცვლება გაშვილების პოლიტიკის მიზანი.
დევი ჩოს 2023 წლის ფილმი, „დაბრუნება სეულში“, ერთ-ერთი გაშვილებული გოგონას, ფრედის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 90-იანი წლების გაშვილების დიდი ტალღის მონაწილეა. როგორც ვახსენე თავდაპირველად „ქუჩის მტვრის“, იარლიყის მქონე ბავშვები შვილდებოდნენ, თუმცა ფრედის თაობა სამხრეთ კორეის მიერ ბიზნესად ქცეული გაშვილების ტალღის მსხვერპლია, რაც ამ შემთხვევაში კორეაში მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური ფონით შეიძლება ავხსნათ.  რადგანაც 90-იანი წლების ბოლოს ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს მილიტარიზებული ბაზები და ამასთანავე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიტანა სამხრეთ კორეაში არსებული ყველა ინვესტიცია, რასაც მთელი სამხრეთ კორეის ეკონომიკა ეყრდნობოდა, ქვეყანა დადგა გაკოტრების საფრთხის წინაშე. როგორც ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი, კიმბერლი დ. მაკკი აღნიშნავს, კორეულმა საზოგადოებამ სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად და უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის, გაშვილების საერთაშორისო ბაზარი აირჩია და მსოფლიოში გასაშვილებელი ბავშვების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა.
თუმცა, გაშვილების ინდუსტრია რომ მთავრობისთვისაა და არა ხალხისთვის, ძალიან კარგად ჩანს ფრედის ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში მისვლის შემდეგ, სადაც არსებული აბსურდული წესები ართულებს ბიოლოგიური მშობლების პოვნის პროცესს და გაშვილებულ ადამიანს აიძულებს კიდევ უფრო დაშორდეს სწორედ იმ ფესვებს, რითაც ამაყობს ქვეყანა, თუ შემხვედრი თითოეული კორეელი.
გარდა გაშვილების მანკიერი პოლიტიკისა, დევი ჩო ასევე კარგად იცნობს კორეული საზოგადოების სხვა ბნელ მხარეებსაც. მაგალითად, თუ აზიელები, და ამ შემთხვევაში კონკრეტულად კორეელები, განიცდიან რასისტული სახის ჭვრეტას დასავლურ ქვეყნებში, საკუთარ სამშობლოში თავადვე ხდებიან ამგვარი ხედვის განმახორციელებლები. განსაკუთრებით დიდია მათი ყურადღება კორეელი წარმოშობის ადამიანების მიმართ, რომლებიც არ იცნობენ ქვეყნის ენას და კულტურას, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგება კონფუციანურ ტრადიციათა სისტემას და კომუნიკაციის დამყარების დროს ბარიერებს გაღრმავებასთან ერთად იწვევს უფრო მეტ კრიტიკას მათ მიმართ.
ამგვარი რასისტული მზერის მსხვერპლია ფრედიც, როგორც კორეული საზოგადოების და მეგობრების, ისე ბიოლოგიური მამის და მისი ოჯახის მხრიდან. რასაც რეჟისორი განსაკუთრებით კარგად გვაჩვენებს სცენაში, სადაც ოჯახთან სადილის დროს მაგიდასთან მსხდომ ყველა პერსონაჟს ერთ კადრში აქცევს და ვხედავთ, თუ როგორ არის ყველას მზერა მიპყრობილი ფრედისაკენ, ხოლო მიზანსცენაში კამერის ფოკუსის ფრედიზე მიმართებით ნათელია, რომ მიუხედავად კორეული გარეგნობისა იგი აბსოლუტურად განსხვავებულია გარშემომყოფებისგან.
რასისტული სახის ჭვრეტასთან ერთად დევი ჩოს კარგად აქვს შესწავლილი კორეული მიზოგინიური გარემოც. მთელი ფილმის მანძილზე ფრედის მიმართ შესაგრძნობია სექსუალური ხასიათის მზერაც, რასაც ლორა მალვი თავის ცნობილ ტექსტში „ვიზუალური ხელოვნება და ნარატიული კინო“, სკოპოფილიურ სახის ჭვრეტას უწოდებს. ამიტომაც ლაღი, თავისუფალი და უკომპლექსო ფრედი განსაკუთრებით იქცევს ჩაკეტილი საზოგადოების ყურადღებას, რაც ამავდროულად თითქოს ეგზოტიკურ თოჯინადაც აქცევს მას გარშემომყოფებისთვის. ჩამუქებულ ტონების გამოყენებით კი, რეჟისორი სხვადასხვა პერსონაჟებთან ერთად თუ მათ გარეშე ქმნის, როგორც სკოპოფილიურ ისე კლაუსტროფობიულ გარემოს, რაც  პირველივე წამებიდან მთელი ფილმის განმავლობაში თავის მხრივ დაძაბულობას მატებს სიუჟეტს და მთავარი პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობის გამომხატველიცაა.
ასევე მთელი ფილმის განმავლობაში ვხედავთ მთავარი გმირის ტრანსფორმაციასაც. თუ ფრედი ფილმის დასაწყისში ლაღი, თავისუფალი და უკომპლექსოა ის მალევე ამბივალენტურ, მარტოსულ, ქაოსურ და გაბრაზებულ პიროვნებად გვევლინება, რაც ცალსახად კორეული სკოპოფილიური გარემოს შედეგია. მართალია ის ბიოლოგიურ მამას და ბებიას ხვდება, თუმცა სიმშვიდის და სენტიმენტების ნაცვლად გაბრაზებას, ტკივილს და წყენას გრძნობს. ფრედის ქაოსურობას კი, განსაკუთრებით ამძაფრებს არადიეგეტური თუ დიეგეტური ხმების ერთობლიობა და კამერის დინამიკური მოძრაობაც. ჩამუქებულ ტონებთან ერთად მუსიკაც ფრედის შინაგანი ხმის გამოძახილია და იცვლება პერსონაჟის განწყობებთან ერთად. თუ ფილმის დასაწყისში ვისმენთ 70-იან წლების წყნარ და ვინტაჟურ კორეულ სიმღერებს, მას ჩო თანდათან ტექნო მუსიკით და კლუბური გარემოთი ანაცვლებს. ტექნო მუსიკის ფონზე ფრედის თავდავიწყებით ცეკვა, კომპლექსებით სავსე საზოგადოებაში უფრო და უფრო აძლიერებს ზემოთ ხსენებულ სკოპოფილურ ჭვრეტას. „ეს არის ის, რაც ჩვენ ჩავყარეთ ფილმში, ცეკვა კამერასა და მსახიობს შორის. ეს ასახავს პერსონაჟის დინამიკას, მის მუდმივ უარს იარლიყზე. ის ისე ცეკვავს, თითქოს საკუთარ სივრცეს, დროსა და დროულობას იგონებს.“ - ამბობს დევი ჩო ჟურნალ ფილმმეიკერთან ინტერვიუში.
საბოლოოდ კორეასთან და ბიოლოგიური მამის ოჯახთან 8 წლიანი ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ ფრედი თითქოს სიმშვიდეს აღწევს და ურთიერთობას აგვარებს მამასთან, მშვიდდება ჩოს კამერაც და მუსიკალური ფონიც. ბიოლოგიური დედა, რომელიც დასაწყისში უარს ამბობდა მის ნახვაზე საბოლოოდ ხვდება მას, თუმცა გახდება კი ფრედი ოდესმე კორეის სრულფასოვანი ნაწილი? როგორც კიმ ჩუ ჯას სიმღერაში „ყვავილის ფურცელი“, რომელსაც ჩო აქტიურად იყენებს მთელი ფილმის განმავლობაში, ფრედის მსგავსად გაშვილებული ათიათასობით ბავშვი, მსგავსად ჩამოცვენილი ყვავილის ფურცლებისა შეიძლება დაუბრუნდნენ იმ ყვავილს რომელსაც მოსწყდნენ? ამაზე რეჟისორი ცალსახა პასუხს არ გვცემს, მაგრამ აშკარაა ის, რომ კულტურულ სხვაობასთან ერთად, რომელიც ვერასდროს გაქრება ფრედისა და კორეას შორის ,  არ ქრება არც მისი გაშვილების ისტორია და არც ამ კორეულ მოგზაურობებთან დაკავშირებული ბრაზი და ტკივილი. 
მიუხედავად იმისა დღეს კორეა აღარ არის ნომერ პირველი გამშვილებელი ქვეყანა და მსოფლიოში მე-13 ადგილზეა მშპ-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ამასთანავე დიდია ეროვნული შეშფოთება დაბალი შობადობის გამო, გაშვილების ინდუსტრიის არსებობა კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე კი მიზეზს ისევ იდეოლოგიური გავლენა წარმოადგენს, რაც დაკავშირებულია დაუქორწინებელი დედების მიმართ მუდმივი ტაბუსთან, მარტოხელა დედების მხარდაჭერის ნაკლებობასთან და ოჯახში ნაშვილები ბავშვების მიმართ სტიგმასთან. რის შეცვლისკენაც სამწუხაროდ, როგორც ჩოს ფილმში ჩანს ჯერ კიდევ შორს დგას კორეული საზოგადოების ცნობიერება.
„დაბრუნება სეულში“,  წელს, თბილისის კინოფესტივალზე Month of European Film - ის სექციის ფარგლებში იყო ნაჩვენები, რამაც ევროპული კინოს განვითარებასთან ერთად, რაც საფუძვლად ედო წლევანდელ კინოფესტივალს, აზიური კულტურის მიმართ ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი, ამიტომ თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ. 


Comentários


bottom of page