გუშინ ლევან სვანიძე გარდაიცვალა, 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსი, ჯგუფი წერილის (ამორალი) ბასისტი და დოკუმენტური ფილმის - “მკვდარი სულების არდადეგების” მთავარი გმირი.
“მკვდარი სულების არდადეგები” ლევანის პირველ ბენდს ერქვა, როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, ფილმი თავდაპირველად ლევანის მუსიკალურ სცენაზე დაბრუნებასა და ძველი ბენდის აღდგენაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა ლევანი სცენაზე არ დაბრუნდა, არც ბენდი აღდგა, შავი მასალისა და დაწუნებული ფაილებისგან კი მისი ყოველდღიური ცხოვრების პორტრეტი - “მკვდარი სულების არდადეგები“ შეიქმნა. ფილმი ლევან სვანიძისა და დედამისის, ლამარას გარშემო ვითარდება, დედა-შვილი 14 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობს, თუმცა მათი ცხოვრება თითქოს გასულ საუკუნეში დასრულდა, ლამარა პრაქტიკულად არასდროს გადის სახლიდან, ლევანი კი ვერ ერგება თანამედროვე ცხორების წესს, თითქოს ცდილობს სამსახურის პოვნას, თუმცა უშედეგოდ, ლევანისა და დედამისის ყოველდღიურობა საშინლად ურთიერთდამოკიდებული და კლაუსტროფობიულია, ლამარას რამდენიმე საათითაც კი ეშინია ლევანის გარეშე დარჩენა, ლევანი საკუთარ უიღბლობას ნაწილობრივ დედას აბრალებს, თუმცა თვითონაც იცის, რომ ლამარა მხოლოდ ერთ-ერთი, და არა ერთადერთი მიზეზია.
პირველი, რაც თვალში გვხვდება, საკუთარი სივრცის არარსებობაა, დედა-შვილი თითქოს ერთმანეთზეა შეზრდილი, ლევანს კი არც ერთი წამი არ აქვს საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. 72 წუთის განმავლობაში პროტაგონისტი პრაქტიკულად შიშვლდება ჩვენ წინაშე, ბოლომდე გვიშლის გულს, გვაცნობს ფიქრებს, ოცნებებს, მავნე ჩვევებსა და ურთიერთობებს. ის იმდენად ნაცნობი და ახლობელი ხდება, რომ რაღაც დროის შემდეგ სრულიად იკარგება შეგრძნება, რომ ფილმს ვუყურებთ, რომ ჩვენსა და ლევანს შორის კამერაა და ის პირდაპირ არ გვესაუბრება.
ლევან სვანიძე კოლექტიური თაობის სახედაც შეიძლება მივიჩნიოთ, ადამიანად, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაიბადა, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა, 90-იან წლებში კულტურულად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა საკუთარმა ქვეყანამ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმედები ვერ გაუამრთლა. ამბავი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდეს და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ოჯახურმა ურთიერთობებმა და რაც მთავარია საკუთარმა ხასიათმა ერთდროულად შეუშალოს ხელი მის წარმატებას. ლევანი ვერ მოერგო 21-ე საუკუნესა და იმ ველურ კაპიტალიზმს, რომელიც საქართველოში მძვინვარებს, ხელიდან გაუშვა ყველა შანსი, თუმცა მაინც სჯეროდა, რომ მუსიკალურ სამყაროში დაბრუნებას შეძლებდა.
ყველაზე საინტერესო “მკვდარი სულების არდადეგებში” ის სიფაქიზე და ბუნებრიობაა, რომლითაც რეჟისორი ისტორიას გვიყვება, მაყურებლები უკიდურესად ინტიმურ სივრცეში შევყავართ და თავს ზედმეტად ან უხერხულად არ გვაგრძნობინებს, დედა-შვილის იუმორით, კამათით და სევდით გაჯერებული ყოველდღიურობა კი შეცოდების ნაცვლად ემპათიას ბადებს. თუმცა ამ ყველაფერს ალბათ თვითონ ლევან სვანიძე განაპირობებს, კაცი, რომელიც სრულიად უიმედო სამყაროში ცხოვრობს მაგრამ მაინც ინარჩუნებს სულ მცირე ოპტიმიზმს იმისათვის, რომ გადარჩეს.
პოსტ-საბჭოთა ქართულ კინოში 90-იანი წლები მრავალგზის განმეორებული და გადაღეჭილი თემაა, თუმცა ობიექტურად ფილმების უდიდესი ნაწილი ვერ ასახავს ამ პერიოდს, კრიმინალის რომანტიზაციას ეწევა და რეალობას შეცვლილად ან სრულიად არაბუნებრივად წარმოადგენს. ამ დროს კი, 2020 წელს გამოსული ფილმი ყველაზე კარგად ქმნის ეპოქის სახეს და ზუსტად გვიჩვენებს, თუ როგორ აიტაცა ახლადმოპოვებულმა თავისუფლებამ ადამიანები სიმაღლეზე, შემდეგ კი მიწას დაანარცხა და ოცნებების გარეშე დარჩენა აიძულა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ძალიან მძიმე რეალობას ვაწყდებით, რთულია მას პესიმისტური ვუწოდოთ, “მკვდარი სულების არდადეგები” ტკბილ-მწარე სევდით, სიყვარულით და მბჟუტავი იმედითაა აღსვსე, რომ ლევანი ერთხელაც ძალიან მოინდომებს და ყველაფერს მოახერხებს, ფილმის ფინალი მისი მონოლოგით სრულდება სადაც ის საავადმყოფოში მყოფ დედაზე ამბობს: “რო აღარ იყოს , მერე მე რა ვქნა,ერთი ათი წელი მაინც იყოს, რომ რაღაცა გავაკეთო, ალბომი გამოვუშვა, ჯგუფი გავაკეთო..“
コメント