top of page
საბა ოსანაძე

5 გამორჩეული ფილმი ლუი მალის შემოქმედებიდან

ტექსტის ავტორი: საბა ოსანაძე

გასული თვის ბოლოს ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის (1932-1995) დაბადების დღე იყო.
მალის შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია მიაკუთვნო რომელიმე მიმდინარეობას. დიდ კინოში მისი დებიუტი შედგა ჟაკ ივ კუსტოსთან ერთად გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ჩუმი სამყარო“, რომელმაც მას კანში ოქროს პალმის რტო მოაპოვებინა. მისი პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა შედგა იმ წელს, როცა ფრანგულ კინოთეატრებში გადიოდია კლოდ შაბროლის „ლამაზი სერჟი“, ფილმი, რომლითაც იწყება ფრანგული ახალი ტალღა. მაგრამ ლუი მალი ახალტალღელად არ მიიჩნევა. მას არც კაიე დუ სინემასთან და არც ანრი ლანგლუას სინემათეკასთან ჰქონდა კავშირი. მოგეხსენებათ, რომ ეს ორი იყო nouvelle vague-ის აკვანი. მითუმეტეს, არც საავტორო პოლიტიკის ფარგლებში ჯდებოდა. ის სულ ცალკე იყო. თავისთვის ექსპერიმენტირებდა. მან თავი ამერიკაშიც გამოცადა. ლუი მალი იმ რეჟისორთა რიგშია, რომლებიც გამოხატვის ახალ ფორმებს ეძებდნენ და არ ჯერდებოდნენ ერთხელ უკვე წარმატებით გამოყენებულ ხერხებს. დიდი ფილმოგრაფიის გათვალისწინებით, შევეცადე გამომეყო ხუთი ფილმი, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს რეჟისორის ნიჭის დიაპაზონს და მის მდიდარ სამყაროს.

„ლიფტი ეშაფოტზე“ (Ascenseur pour l'échafaud) 1958
ლუი მალის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. კრიმინალური ტრილერი ნუარის სტილში გვიყვება ორი წყვილის ისტორიას, რომელთა ბედიც უცნაურად უკავშირდება ერთმანეთს. ტავერნიე (მორის რონე) გადაწყვეტს მოკლას მისი ბოსი, რომლის ცოლიც (ჟანა მორო) მისი საყვარელია, ხოლო ლუი (ჟორჟ პუჟული) შეყვარებულთან (იორი ბერტენი) ერთად გაიტაცებს ტავერნიეს მანქანას. საკულტო ფილმი, მაილს დევისის მუსიკით; პარიზის წვიმიან ქუჩებში ჟანა მოროს სასოწარკვეთილი ხეტიალის საკულტო სცენით, რომელიც ყველაზე მეტად გამახსოვრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჟანა მორო ხეტიალის გარდა თითქმის არაფერს აკეთებს. ჟანა მორო რომ არის ესეც საკმარისია.

„ზაზი მეტროში“ (Zazie dans le Métro) 1960
სანამ ზაზის (კეტრინ დემენგო) დედა საყვარელთან ერთადაა, ზაზი ბიძის მეურვეობაშია. ეს არის ფარსი, როგორც ჟაკ ტატისთან, მაგრამ აქ კამერა უფრო მოძრავი და ინტიმურია. დეკორაცია, ფერები და სიტუაცია ბავშვურად გაზვიადებული და ჭრელია. თუ „ამელი“ გაქვთ ნანახი, იმ წამსვე მიხვდებით, ვისგან აიღო ჟან-პიერ ჟენემ ამელის პერსონაჟის გარეგნობა და ცნობისმოყვარეობა. ზაზის ძალიან აინტერესებს რას ნიშნავს ჰომოსექსუალი, მაგრამ ბიძა მას არ პასუხობს, რატომღაც ძალიან უნდა მეტროში, მაგრამ მეტროში გაფიცვაა, ამიტომ უწევს პარიზის ზედაპირის დათვალიერება. საინტერესოა კონტრასტი „ლიფტი ეშაფოტზეს“ შავ-თეთრ, დუნე პარიზსა და ამ ფილმის ნახევრად სიურრეალისტურ, აბსურდულ და ჭრელ პარიზს შორის.

„ლაკომბ, ლუსიენი“ (Lacombe, Lucien) 1974
ეს ფილმი გარდამტეხი აღმოჩნდა ლუი მალის ცხოვრებაში. ბიოგრაფიული ფილმი გვიყვება 1944 წელს, საფრანგეთის გერმანული ოკუპაციის პერიოდში, ერთი ბიჭის, ლაკომბ ლუსიენის (პიერ ბლეზი) ამბავს, რომელსაც სურს დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ საბოლოოდ გერმანელების მხარეს გადადის. სწორედ ამ, პროვოკაციული ფილმს უკავშირებენ ლუი მალის ამერიკაში წასვლას და კარიერის იქ გაგრძელებას.

„ჩემი ვახშამი ანდრესთან“ (My Dinner with Andre) 1981
ეს უკვე ლუი მალის ამერიკული ფილმია. ფილმის სათაური ზუსტად აღწერს სიუჟეტს. მთელი ფილმი, შესავლისა და დასასრულის გარდა, არის რესტორანში უოლეს შონის და ანდრე გრეგორის პერსონაჟების დიალოგი. დიალოგს აქვს თავისი დრამატურგია: იწყება მშვიდად, აღწევს კულმინაციას და უეცრად სრულდება. საუბრის თემის ზოგადი დახასიათება ალბათ იქნება - ადამიანის კრიზისი თანამედროვეობაში. ფილმის ყურებისას განცდა გაქვს, რომ უყურებ პლატონის წიგნის ეკრანიზაციას, მაგრამ სოკრატეს გარეშე.

„ატლანტიკ სითი“ (Atlantic City) 1980
ამ ფილმმა ვენეციაში ლუი მალს ოქროს ლომი მოუტანა. ფილმში არის ყველაფერი კარგი - მოხუცი, ელეგანტური ბერტ ლანკასტერი და ახალგაზრდა, მშვენიერი სიუზან სარანდონი. ლუ (ბერტ ლანკასტერი), მნიშვნელოვანი და ცხოვრებაგამოვლილი კაცის გარეგნობით, შინაგანად უინიციატივოა, ეპატრონება ქალს, რომელიც წარსულში მაფიოზებთან იყო კავშირში. ლუს ჰყავს კარის მეზობელი სალი (სიუზან სარანდონი), რომელიც სასკაჩევანიდან ატლანტიკ სიტიში გამოიქცა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ცხადია, რომ მათი ცხოვრების გზები უნდა გადაიკვეთოს.

რა თქმა უნდა, ლუი მალს კიდევ აქვს კარგი ფილმები, მაგალითად, „საყვარლები“; „შინაგანი ცეცხლი“; „ვივა მარია!“; „გულის ხმაური“; „ნახვამდის ბავშვებო“ და ასევე, დოკუმენტური ფილმები წყალქვეშა სამყაროზე და ინდოეთზე. მაგრამ ზემოთჩამოთვლილი ფილმების ნახვა საკმარისია, რათა გაიგოთ თუ როგორი საინტერესო და, უმეტესწილად, ახალი ტალღის მიერ დაჩრდილული რეჟისორი იყო ლუი მალი.

Comments


bottom of page