აღნიშნული ტექსტი დაიწერა 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ჟურნალისთვის "კინ-0", ჟურნალი აღარ დაიბეჭდა.
მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ძირითად სირთულეს ალბათ დროის სწორად გამოყენება წარმოადგენს, რადგან რეჟისორს უწევს, რომ ძალიან სწრაფად მოგვიყვეს ისტორია, რომელიც შინაარსობრივად სრულმეტრაჟიანია. თუმცა სწორედ ხანმოკლე ქრონომეტრაჟი სძენს გიორგი ქობალიას “იხვებზე ნადირობას” მთავარ ხიბლს.
ფილმი ორი ძმის და მათი კონფლიქტის გარშემო ვითარდება, უმცროსი ნადირობისას შემთხვევით კაცს მოკლავს, უფროსი კი, რომელსაც ძმასთან ერთად მშობლის როლიც აქვს შეთავსებული, გვამს გადამალავს. რეჟისორი თხრობას მაშინ იწყებს, როდესაც ტყვია უკვე ნასროლია, გვამი კი გადამალული და რეალურად მხოლოდ დიალოგის საშუალებით ვიგებთ, თუ რა შეემთხვათ მთავარ პერსონაჟებს ტყეში.
ფილმში პრინციპში ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ძმების დილემა და გარემო სადაც მოქმედება ხდება, ნისლიანი სოფელი პალიასტომის ტბასთან, რომელსაც გარშემო ტყე აკრავს და სწორედ ამ ტყის, ნისლისა და ტბის გამო საშინლად კლაუსტროფობიულია.
მიუხედავად იმისა, რომ “იხვებზე ნადირობა” ობიექტურად ლამაზ ადგილასაა გადაღებული, ოპერატორი ახერხებს, რომ სილამაზესთან ერთად ბუნების შემზარავობა და დეპრესიულობა გადმოსცეს და სწორედ ამით გაგვიჩინოს უჰაერობისა და თავის ვერ დაღწევის შიში.
ფილმში მოქმედება რეალურად მას შემდეგ იწყება, როდესაც ოჯახი და პოლიცია გარდაცვლილის ძებნას შეუდგება, ინფორმაციის მისაღებად ისინი ძმების სახლსაც მიადგებიან. სწორედ ამ დროს იწყებს რეჟისორი ხანმოკლე ქრონომეტრაჟის ძალიან სწორად გამოყენებას და თითქოს სტატიკურ ფილმში სწრაფი ტემპი შემოჰყავს, პოლიციელთან და მოკლულის დედასთან დიალოგის დროს ვიგებთ, რომ ბიჭების მშობლები გარდაცვლილები არიან, უნებლიე მსხვერპლი კი ადრეც დაკარგულა. ამ დროსვე ვხვდებით, რომ უფროსი ძმისთვის უმცროსისთვის ხელის დაფარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უმცროსს კი სტრესისგან ყველაფრის, პირველ რიგში კი, საკუთარი თავის გადარჩენის ინტერესი აქვს დაკარგული.
ფილმში დიალოგი პრაქტიკულად მხოლოდ მეგრულად მიმდინარეობს, რამაც შეუძლებელია ოთარ იოსელიანის “პასტორალი” არ მოგვაგონოს. თუმცა თუ “პასტორალის” შემთხვევაში გამოსახულება საკმარის ინფორმაციას გვაწვდის და საუბრის ზედმიწევნით გაგება უმნიშვნელო ხდება, “იხვებზე ნადირობაში” დიალოგია თხრობის მთავარი ფორმა. თუმცა შინაარსის გარკვევის გარდა მეგრული ენა, როგორც მხატვრული ხერხი, კონკრეტულ გარემოსა და ისტორიას ავთენტურობას სძენს, რაც, ამავე დროს, კლაუსტროფობიულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს და გვაჩვენებს, თუ რამდენადაა იზოლირებული ამ სოფლის სოციუმი გარესამყაროსგან.
თავისუფლად შეიძლება, ფილმის დამოუკიდებელ და სრულფასოვან პერსონაჟებად აღვიქვათ ტბა, და გვამი , რომელიც უფროსმა ძმამ წყალში გადააგდო. ფაქტი, რომ გვამი სწორედ ტბაშია მოსვენებას არ გვაძლევს და გვაფიქრებინებს, რომ მკვლელობის დაფარვის ყველა მცდელობა ამაოა, რადგან დაგუბებულ წყალში, გვამს ადრე თუ გვიან მაინც იპოვიან. გარდაცვლილის დედასთან საუბარი უმცროსი ძმისთვის ერთგვარ გამოფხიზლებად იქცევა და ბიჭი, რომელიც მანამდე აპათიური იყო, გაცნობიერებას იწყებს თუ რა ჩაიდინა.
“იხვზე ნადირობას” ღია დასასრული აქვს, უმცროსი ძმა სახლიდან გადის და გარდაცვლილის დედას ეძახის, თუმცა არ ვიცით ის დანაშაულს აღიარებს თუ არა, არც ის ვიცით, რას მოიმოქმედებს უფროსი ძმა, რეჟისორი ფილმს იმდენივე კითხვით ასრულებს, რამდენითაც იწყებს, რადგან “იხვებზე ნადირობაში” მნიშნელოვანი არა ის შედეგია, რასაც მკვლელობა გამოიწვევს, არამედ - პროცესი, რომელიც ამ შემთხვევამ გამოიწვია, მეტამორფოზა, რომელსაც ძმები განიცდიან, დილემა რომელიც მათ შორის ჩნდება და ავისმომასწავებელი გვამი, რომელიც პალიასტომის ტბის ფსკერზე განისვენებს.
Kommentare