top of page
ეს არის კინო

ინტერვიუ "ჩემი ოთახის" მთავარი როლების შემსრულებლებთან, თაკი მუმლაძესა და მარიკა ხუნდაძესთან


სოსო ბლიაძის 2022 წლის ფილმმა - “ჩემი ოთახი” მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. მრავალ სხვა გამარჯვებასთან ერთად კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი როლების შემსრულებლებმა, თაკი მუმლაძემ და მარიკა ხუნდაძემ, ქალის საუკეთესო როლისთვის არსებული ჯილდო გაიყვეს. ფილმი ორი გოგოს გარშემო ვითარდება, სიუჟეტი კი ძირითადად იმ უპირობო სოლიდარობაზე გვიყვება, რაც ქალებს ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია. სოსო ბლიაძის ფილმის, “ჩემი ოთახის", კინოთეატრებში ხილვას ქართველი მაყურებელი 2 მარტიდან შეძლებს. გთავაზობთ ეს არის კინოს ინტერვიუს მთავარი როლების შემსრულებლებთან, თაკი მუმლაძესა და მარიკა ხუნდაძესთან.
მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ გაჩნდა ფილმის იდეა?

მარიკა: მე, თაკი და ჩვენი მეგობარი მარიამი ვცხოვრობდით ერთად. პანდემიის დროს ვიქირავეთ ძალიან ლამაზი სახლი ქართული ელემენტებით და იტალიური ეზოთი. პანდემია იყო, სხვაგან ვერსად გავდიოდით, ამიტომ სახლში ვიღებდით ძალიან ბევრ ფოტოს. სოსოს მე პირადად არ ვიცნობდი მაშინ, თაკის მის პირველ ფილმში ჰქონდა ნათამაშები, „ოთარის სიკვდილში”. სოსომ ინსტაგრამზე ნახა ამ სახლის ფოტო და მოეწონა, მეც ხუმრობით ვუთხარი, გადავიღოთ რამეთქო, თურმე ჩვენს ოპერატორთან, დიტოსთან, ერთად იყო და სპონტანურად გადაწყვიტეს, რომ მართლა რამე გადაგვეღო.

თაკი: შევხვდით და შევთანხმდით, რომ მართლა გაგვეკთებინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც დაახლოებით 10 დღეში გადავიღებდით და რომლის სცენარსაც სოსო დაწერდა. რადგან ლოკაცია ჩვენი სახლი იყო და სცენარი ორ ქალზე იყო, მეც ჩავერთე წერის პროცესში, სცენარზე მუშაობის გამოცდილება მანამდეც მქონდა, თეატრშიც ხშირად ვყოფილვარ ამ პროცესის მონაწილე, თავდაპირველად ფილმი მანქანის სცენით მთავრდებოდა, სადაც თინა და ბექა ჩხუბობენ.
რეალურად, სადაც მუშაობდით, იმავე სახლში ცხოვრობდით, არ იყო რთული სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის ერთმანეთში არევა?

თაკი: სხვათაშორის, წერის დროს გვეხმარებოდა, რადგან ადგილზევე შეგვეძლო მოგვესინჯა სცენები. სრული სცენარი წინასწარ არ დაწერილა, თან ვწერდით, თან ფილმს ვიღებდით. თუმცა შემდეგ უკვე გართულდა, რადგან მოკლემტრაჟიანი ფილმი გადაიქცა სრულმეტრაჟიანად, ათდღიანი გადაღება კი შვიდთვიანად. ყველაფერს ბიუჯეტის გარეშე ვაკეთებდით და შესაბამისად დამოკიდებული ვიყავით გადამღები ჯგუფის თავისუფალ დროზე, ამინდზე. ფილმს განათების გარეშე ვიღებდით, ამიტომ მაგალითად, საერთო ოთახის გადასაღებად მზის გამოსვლას ველოდებოდით, სხვანაირად ძალიან უინტერესო გამოდიოდა გამოსახულება. ყველაფრის გათვლა გვიწევდა, მხატვრებიც არ გვყავდა, სცენებს მართლა ქრონოლოგიურად ვიღებდით, საუზმეს - დილით, როდესაც მართლა ახალგაღვიძებულები და თვალებდასიებულები ვიყავით, სხვანაირად ატმოსფეროს ვერ შევქმნიდით, თუმცა ეს ყველაფერი მსახიობებს გვეხმარებოდა კიდეც.
მარიკა: რადგან გადაღების პროცესი ასე გაიწელა, პირადი სივრცე დაირღვა ცოტა, თუ დაიღლებოდი სახლში ვერ წახვიდოდი და მენტალურად რთული იყო. თან სხვა ადამიანიც ცხოვრობდა ამ სახლში და მაინც სულ სტრესი იყო.
რაიმე შთაგონება გქონდათ, იცოდით როგორები უნდა ყოფილიყვნენ თქვენი პერსონაჟები?

მარიკა: მეგი ნამდვილ ადამიანზე დაყრდნობით შეიქმნა და შესაბამისად ვცდილობდი, ის განმესახიერებინა. რაც შეეხება ვიზუალურ “რეფრენსს” Sex, Lies and Videotape-ის მთავარი პერსონაჟი გვქონდა მაგალითად აღებული.

თაკი: ძალიან მიყვარს დარდენების Rosetta და სულ მინდოდა, რომ რაღაცნაირად ახლოს ვყოფილიყავით ჩვენს ფილმშიც მთავარ პერსონაჟთან, როგორც ეს როზეტას შემთხვევაში ხდება. ეს ფილმიც ხელის კამერითაა გადაღებული და პერსონაჟიც, თითქოს საშინელებებს გადის, მაგრამ მებრძოლი და ძლიერია. გარდა ამისა, მე და მარიკას გვქონდა ძალიან საინტერესო სამსახური, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ვატარებდით გამოკითხვებს, დავდიოდით სახლებში, კარს ყოველთვის ქალები გვიღებდნენ, ძალიან გვინდოდა, რომ ამ თემაზე რამე მოკლემეტრაჟიანი მაინც გაგვეკეთებინა, რადგან საინტერესო იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ქალები ძირითადად დიასახლისები იყვნენ, სამსახური არ ჰქონდათ, არც თვლიდნენ რომ რამე უნდა შეეცვალათ ცხოვრებაში და ძალიან დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ, საკუთარ ცხოვრებას ვერ აკონტროლებდენ თითქოს, ეს ქალებიც იქცნენ ერთგვარ შთაგონების წყაროდ.
რომელი სცენა იყო ყველაზე რთული შესასრულებლად ან გადასაღებად?

თაკი: საკმაოდ რთული იყო სასაფლაოს სცენა, რადგან გადაღებისას უკვე ზაფხული იყო და თბილი ტანსაცმელი გვეცვა. ასევე პირველი შემთხვევა იყო, სადაც დაქირავებული მსახიობები გვყავდნენ და არა ჩვენი მეგობრები, როგორც დანარჩენ ფილმში. თუმცა, პირადად ჩემთვის, ყველაზე რთული ბოლო სცენა იყო, სადაც მე და მარიკა ვართ ერთად. ბევრი ვინერვიულე, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია და არ მინდოდა ზედაპირული გამოსულიყო.

მარიკა: ჩემთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და ამიტომ ზოგადად ძალიან ვნერვიულობდი, კონკრეტული ეპიზოდის გამორჩევა მიჭირს. მანამდე ბევრჯერ მითქვამს ისეთ როლებზე უარი, სადაც შედარებით თამამი სცენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ჩემ ოთახზე” მუშაობისას, ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვიყავი, რისი მთავარი მიზეზიც თაკი იყო, რომელიც გადაღების ყველა ეტაპზე ჩართული იყო თითქმის ყველა დეტალში და თავს ყოველთვის დაცულად მაგრძნობინებდა.
ფილმში ძალიან ავთენტურია მუსიკა, რის მიხედვით შეარჩიეთ Soundtrack-ები?
თაკი: თანამედროვე ქართველი არტისტების სიმღერები შედარებით გვიან, მონტაჟის დროს დაედო ფილმს. მანამდე ყველგან გვედო King Krule-ს მუსიკა და ძალიან გვინდოდა, რომ დაგვეტოვებინა ფილმშიც. მივწერეთ და ავუხსენით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ვუთხარით, რომ ფილმი სრულიად ბიუჯეტის გარეშე გადავიღეთ, ვთხოვეთ მოეცა მუსიკის გამოყენების უფლება, თუმცა სამწუხაროდ ძალიან დიდი თანხა ჯდებოდა და ამიტომ მოგვიწია გამოვმშვიდობებოდით ამ ვარიანტს. თავიდან ვერ წარმოგვედგინა ეს ფილმი King Krule-ს მუსიკის გარეშე, მაგრამ მგონი ასეც ძალიან კარგი გამოვიდა, ფილმის ბოლოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიციაა გამოყენებული, ვიღაცასთან შელევის და გამომშვიდობების ასოციაციას მიჩენს.
სცენარის წერისას, თინასა და მეგის გარდა, დანარჩენ პერსონაჟებზე თუ იცოდით წინასწარ ვინ თამაშებდნენ?

თაკი: თავიდან მხოლოდ სოფო ზერაგიას პერსონაჟზე ვიცოდით რომ იქნებოდა, თუმცა სხვანაირად უნდა განვითარებულიყო მისი ნაწილი, შემდეგ შეიცვალა წერის პროცესში. ბევრი მსახიობი საერთოდ არ დაგვთანხმდა, რადგან ძალიან არასერიოზულად ჟღერდა ეს პროექტი, როდესაც მე და სოსო მივდიოდით და ვუყვებოდით, რომ ფილმს ჩვენი ძალებით ვიღებთ, ყველანაირი ბიუჯეტის გარეშე. სოსოც მხოლოდ იმიტომ თამაშობს ფილმში, რომ გიგიშა აბაშიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ გადაღების წინა საღამოს დაიწვა ფეხი, ვეღარ გადავდეთ გადაღება, თუმცა მშვენივრად ჩაჯდა სოსოც და მგონი ძალიანაც მოუხდა ამ პერსონაჟს. საბოლოო ჯამში, წერის დროს ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და რაღაცები რაც სხვანაირად დავგეგმეთ, შეცვლა მოგვიწია.
ხელახლა რომ იღებდეთ ფილმს თუ არის რამე, რასაც შეცვლიდით?

თაკი: მგონია, რომ მთელი გადამღები ჯგუფის პასუხი რაც იქნებოდა, იმას გავაჟღერებ ახლა. ეს ფილმი შვილივითაა, მის სუსტ მხარეებსაც რომ ვხედავ და ძლიერსაც, თუმცა უპირობოდ მიყვარს და მასში არაფერს შევცვლიდი, ვერაფერს ვერ დავთმობდი, ისეთი მიყვარს, როგორიც არის.

მარიკა: ის ფაქტიც კი განსაკუთრებულს ხდის, რომ ფილმზე მუშაობისას არავის ხელფასი არ აგვიღია.
განსაკუთრებულად საყვარელი მოგონება თუ გაქვთ გადაღებიდან?

მარიკა: მე ძალიან მიყვარს ჭამის სცენები, სოსო გვეჩხუბებოდა ხოლმე, იმდენს იტენით პირში, რომ ვეღარ ლაპარაკობთო. სუპი იყო კიდევ ფილმში ძალიან გემრიელი.

თაკი: სუპი გავაკეთებინეთ დეიდაჩემს, ახლოს ცხოვრობდა ჩვენთან და მოვატანინეთ, ის სცენა უნდა გადაგვეღო მე რომ ვჭამ, თუმცა რატომღაც მაგ დღეს ვერ გადავიღეთ და მარიკამ მთლიანად შეჭამა. უკვე გადაღების დღე რომ მოვიდა, დეიდაჩემმა ვეღარ გაგვიკეთა მეორედ, მომიწია, უკვე გადაღებული სცენა მენახა და გამოსახულების მიხედვით გამეკეთებინა იდენტური სუპი, რომელიც ძალიან უგემური გამოვიდა. ვიდეოებიც მაქვს გადაღებიდან, სადაც გემრიელად ვჭამ და როგორც კი გადაღება წყდება, საშინელ სახეს ვიღებ.

რა მოგწონთ თქვენს პერსონაჟებში ყველაზე მეტად?

მარიკა: ჩემი პერსონაჟი ძალიან პირდაპირია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს ყოველთვის, მეც ვისურვებდი რომ ასეთი ვიყო. მეგის საინტერესოს ხდის ისიც, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან მყარად დგას ორ ფეხზე და ზუსტად იცის რა უნდა, მაგრამ ამ დროს ძალიან დაკარგულია და მუდმივად ეჭვებშია

თაკი: რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თინაში, ერთნაირად მომწონს და თან მანერვიულებდა და სარისკო მეგონა. თინა არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით თან არაფერს გამოხატავს და თან ყველაფერს. ძალიან ჩაკეტილია, ფილმის ნახევარი ვერც ხვდები, რას აკეთებს, რატომ აკეთებს, სად დადის. ვიზუალურადაც ძალიან საინტერესოა, როგორც აცვია, როგორი ვარცხნილობაც აქვს, კანზე გამონაყარი, ეს ყველაფერი ძალიან ნამდვილს ხდის მას. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ფილმზე მუშაობა მომწონდა, სწორედ ავთენტურობაა, გრიმს რომ საერთოდ არ ვხმარობთ და პერსონაჟს მხოლოდ მაშინ აქვს მაკიაჟი, როდესაც სადმე გასართობად მიდის, მარტო მაშინ აცვია ლამაზად, თუ წვეულებაა და დილას ისეთივეა, როგორებიც სინამდვილეში ვართ ხოლმე. თან ჩემგან იყო ეს ინიციატივა, რომ ასეთები ყოფილიყვნენ გმირები და ამიტომ განსაკუთრებით ვნერვიულობდი, რომ შეიძლება მობეზრდეს მაყურებელს ასეთი გმირის ყურება, რადგან უფრო გაპრიალებულ სილამაზეს ვართ მიჩვეულები. ამიტომ მოულოდნელი და თან სასიამოვნო იყო, რომ ხალხი თითქოს გამოგვყვა, მეგონა, რომ უფრო ჩაკეტილ წრეს მოეწონებოდა ეს ყველაფერი და უმრავლესობას არა. სატესტო ჩვენებებისას თინას გარეგნობასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარებს ვიღებდით.
როგორც ვიცით, ცხოვრებაშიც მეგობრები ხართ, რომ მოგვიყვეთ როგორ დამეგობრდით და თუ გქონიათ აქამდე კარიერული გადაკვეთა?

მარიკა: ჯგუფელები ვიყავით, და რაც თავი მახსოვს, ამ სფეროში სულ ერთად ვტრიალებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გამოცდილებების გაზიარება და მიხარია, რომ ყველაფერს სწორედ თაკისთან ვიზიარებ. ფილმის პარალელურად ერთად ვაკეთებდით სპექტაკლსაც. ზოგადად რთული პერიოდი იყო, თუმცა ისე დაემთხვა, რომ ამ დროს ფილმსა და სპექტაკლზე ერთად ვმუშაობდით, სულ ერთად ვიყავით.

თაკი: თეატრალურში ერთად ვსწავლობდით და მართლა საშინელი პერიოდი გვაქვს ერთად გამოვლილი, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ უნივერსიტეტს. უამრავი მოგონება გვაკავშირებს, სადაც ბოლოს ეს ცუდიც და კარგიც ერთიანდება. ძალიან მიხარია, რომ წარმატების პერიოდიც ერთად გავიარეთ, რაღაცნაირად შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენმა მეგობრობამ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა. როდესაც ფემინიზმზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოლიდარობა, ქალები როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან და როგორ ვუთმობთ ერთმანეთს სივრცეს გენდერული კონკურენციის გარეშე. ამიტომ, პირადად ჩემთვის, ჩემი და მარიკას ურთიერთობა ამ ფილმშიც ძალიან საყვარელი და სამაგალითოა.

მარიკა: ეს ინდუსტრია ზოგადად საკმაოდ მასკულინურია და ისე აღიქმება, რომ კაცებს თითქოს ისედაც ეკუთვნით აქ ყოფნა, მაგრამ როდესაც ქალი ხარ თითქოს რაღაც უნდა დაამტკიცო სულ, ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არაა, მთელ მსოფლიოში ასეა. ქალის გაკეთებულ ფილმს თუ პროექტს ყოველთვის ბევრად მეტი კრიტიკა მოჰყვება ხოლმე.
მარიკა, ამჟამად ლონდონში ცხოვრობ, რომ მოგვიყვე რითი ხარ დაკავებული?

მარიკა: ჩავაბარე Royal Central School of Speech & Drama-ში, კლასიკური სამსახიობო მიმართულებით, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. სწავლების საკმაოდ განსხვავებული ხერხები აქვთ და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დაგეხმარონ საკუთარი თავის განვითარებაში. ამ მომენტში საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს, რაღაცნაირად ყველაფერში გარეული ვარ. პაბში ვმუშაობ, ამვდროულად მყავს აგენტი და მაქვს გადაღებები, გადამიღეს რამდენიმე რეკლამაში, ასევე - BBC-ის სერიალში, მაქვს სპექტაკლებიც. დავდივარ ძალიან ბევრ კასტინგზე და მომწონს ეგ პროცესი, რადგან სულ რომ ვერ მივიღო როლი, მაინც ძალიან დიდი გამოცდილებაა, იმდენად განსხვავებული პროექტებია, ყოველი მათგანი რაღაც ახალია ჩემთვის. Filmmaking-ის კურსიც ავიღე, მინდა რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაც გამოვცადო, სანამ ამის საშუალება მაქვს.
კარლოვი ვარის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, თუ ელოდით გამარჯვებას და პრიზის გაყოფას?

მარიკა: საოცარი ღამე იყო მართლა, სხვა ასეთი ღამე არც გვქონია ცხოვრებაში ალბათ, რაღაც მოლოდინი იყო, რომ სპეციალურ აღნიშვნას ან რაიმე პატარა ჯილდოს მაინც მიიღებდა ფილმი, თუმცა ამას ნამდვილად არ ველოდით. პრიზის გაყოფაში ყველაზე სასიამოვნო, ალბათ ისაა, რომ იმ მომენტის გაზიარება და გახსენება შეგვიძლია. სად მარტო რომ ხარ მსგავს სიტუაციაში და სად შენ საუკეთესო მეგობართან ერთად. ვიღაცას რომ ეთქვა თეატრალურში სწავლისას, რომ ამ სიცივის, ყვირილის და ფენოვანების შემდეგ რაღაც მსგავსი მოხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, არ დავიჯერებდი.
რა ემოცია გინდათ, რომ წაიღოს მაყურებელმა, კინოთეატრის დატოვების შემდეგ?

მარიკა: ემოცია არ ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებლებმა, არამარტო ქალებმა, არამედ - კაცებმაც, აღიქვან ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ მინდა, რომ ეს ფილმი დაინახონ, როგორც ამბავი ახალგაზრდებზე, რადგან ის გაცილებით უფრო დიდ რამეზეა. მაგალითად, როდესაც კაცი უშვებს შეცდომას როგორ აღიქმება ეს საზოგადოებაში და რა ხდება მაშინ, როდესაც ქალი უშვებს იმავე შეცდომას. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამ ყველაფერს თუ გააცნობიერებს არამარტო ჩვენი, არამედ უფროსი, ან ჩემზე უმცროსი თაობაც. მე რომ ეს ფილმი, თუნდაც 18 წლის ასაკში მენახა, ცოტა სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა რასაც ვფიქრობ, იგივეს არ ვფიქრობდი 18 წლის რომ ვიყავი. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებდა ჩემზე და არ მეგონა, რომ რაღაცები ჩემს ხელში იყო, არ გვასწავლიან ამას. მე ალბათ 24 წლის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაცები ჩემს ხელშია და კონტროლი მაქვს საკუთარ ცხოვრებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილმი მარტო ჩვენმა მცირე წრემ კი არ ნახოს, არამედ სხვა ადამიანებმაც.

თაკი: სწორედ ამიტომ ვიყავით მეც და მარიკაც ყველა სცენაში ასეთი უკომპრომისოები, რომ ვიცით, რამდენად საჭიროა ამ თემებზე საუბარი, თუნდაც რადიკალური გზებით. შეგიძლია სხვანაირად გადაიღო სექსუალური სცენები, ან სხვანაირი გოგოები იყვნენ, მაგრამ აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, პატრიარქალური სოციუმის წინააღმდეგ წახვიდე და მაყურებელ ქალებს გააგებინო, რომ არ არიან მარტო. ძალიან რთულია ამ სოციუმში იპოვო შენი ცხოვრება, შენი სექსუალობა და შეცდომები დაუშვა. თინასაც ხომ რეალურად ყველა პრობლემა, რაც ხვდება, იმიტომ აქვს, რომ ქალია. ფემიციდის მაჩვენებლები რომ ვნახოთ, ყოველ წელს დაახლოებით 20 ქალს კლავენ. ხანდახან, იმაზე საუბარი ზედმეტიც კია, რომ დამოუკიდებელი და ემანსიპირებული იყო საქართველოში, პრიორიტეტი გადარჩენაა. რაღაც მხრივ მეც და მარიკაც პრივილეგირებულები ვართ საქართველოში სხვა ქალებთან შედარებით, რადგან თუნდაც ამაზე ხმამაღლა საუბრის შესაძლებლობა გვაქვს.



Comentários


bottom of page