top of page
ეს არის კინო

ინტერვიუ ლადო მხეიძესთან

ლადო მხეიძე Make-up არტისტი, იოგა ინსტრუქტორი, კონტენტ კრეატორი და აქტივისტია. მისი TikTok კონტენტიდან განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ მაკიაჟისა და გრიმის ვიდეოები სარგებლობს, მის ნამუშევრებს გამოარჩევს კინოსა და ანიმაციის პერსონაჟებით შთაგონებული სტილი, ერთი მხრივ ფენტეზის, ფანტასტიკისა თუ ჰორორის ჟანრისთვის დამახასიათებელი თემები, მეორე მხრივ კი ჰიპერრეალისტური გამოსახულებები. გთავაზობთ “ეს არის კინოს” გუნდის ინტერვიუს ლადო მხეიძესთან, სადაც ის Make-up-ზე როგორც გამოხატვის ფორმაზე, სფეროში არსებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.


ლადო, როდის დაიწყე Make-up-ზე მუშაობა, როგორ დაინტერესდი ამ სფეროთი?

ზოგადად ბავშვობიდან ვხატავ, 4 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა პირველად მომიტანა გასაფერადებელი და დედაჩემზე კარგად მე, 4 წლის ბავშვმა გავაფერადე, ხატვის სიყვარული ალბათ ამ პერიოდიდან იწყება. საინტერესო ისტორიაა, რომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მულტფილმი “არიელი”, რომლის პაზლიც მქონდა, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, რომ თუ კარგად გადავხატავდი, ჩიფსს მიყიდიდა, პატარა ვიყავი და ჩიფსს არ მაჭმევდა, იმდენად კარგად გადავხატე, რომ ორი ჩიფსი მიყიდა. მაშინ მე თვითონ ვერ ვხვდებოდი, რამდენად მქონდა კოპირების ნიჭი. წლების შემდეგ, ის ნახატი რომ აღმოვაჩინე, მე თვითონ გამიკვირდა, რომ 5 წლის ასაკში, ასე გადახატვა შევძელი. 
ვხატავდი ხშირად და ბევრს, ბავშვობაში კომიქსებს, ანიმაციის პერსონაჟებს, შემდეგ უკვე პორტრეტების ხატვა დავიწყე, 18 წლისამ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, სადაც ასევე სულ ვხატავდი, ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკით ხატვა, თუმცა რაღაც მომენტში მომბეზრდა, თითქოს ჩემი თავი ამოვწურე და ხატვა დავალებად იქცა. ანიმაციას ვსწავლობდი და ერთი და იმავე კადრის ათასჯერ დახატვა ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემთვის, ამ დროს ვიპოვე იოგა და ხატვას საერთოდ დავანებე თავი, თითქოს ხატვისკენ აღარ მიმიწევდა გული. 
ამ პერიოდში, სულ ვუყურებდი Make-up არტისტების ვიდეოებს, ძალიან მომწონდა მათი ნამუშევრები, თუმცა ვერ ვბედავდი, რომ საკუთარ სახეზე გამეკეთებინა, ერთ დღესაც გავბედე და დავიწყე. შთაგონების წყაროდ TikTok იქცა, სადაც ხშირად მხვდებოდა კაცი Make-up არტისტების ვიდეოები, გადავწყვიტე მეც დამეწყო ვიდეო კონტენტის შექმნა, პროცესით მე თვითონ ძალიან ვერთობოდი, განსკაუთრებით მომწონდა ეს ტრანსფორმაციის მომენტი, ვიდეოს დასაწყისში ვიყავი მე, სახლში, ჩვეულებრივი ტანსაცმლით, შემდეგ კი Make-up-ით და სრულიად ახლებური იმიჯით. თავიდან საკმაოდ რთული იყო ვიდეო კონტენტზე მუშაობა, გადასვლების მონტაჟი,  ნელ-ნელა მივყევი, დავიხვეწე, ხალხსაც მოეწონა და ძალიან ბევრი Follower-ი შევიძინე. რადგან TikTok-ზე ძალიან ბევრი ბავშვია, ბავშვებზე გათვლილი კონტენტის შექმნა დავიწყე, კომენტარებში მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა პერსონაჟის გრიმს ვიკეთებდი ძალიან იცის ამ პროცესმა ჩათრევა, იმდენ გრიმს ვიკეთებდი და იმდენ ვიდეოს ვიღებდი, რომ გადაწვის მომენტიც მქონდა, მაგრამ სწორედ ამ დროს განვვითარდი, ბევრად საინტერესო Make-up-ისა თუ გრიმის კეთება დავიწყე, ვიდრე თავიდან. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ის, რომ ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდათ. განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ბავშებზე გათვლილი კონტენტი სარგებლობდა, პერსონაჟების - სპანჯ ბობის, ალადინისა თუ ავატარის გმირების გრიმი, თუმცა მე თვითონ გამორჩეულად მომწონს სისხლიან, SFX Make-up-ზე მუშაობა, ახლაც სულ ვცდილობ რომ განვვითარდე.



შეიძლება ითქვას, რომ Make-up-ი შენს პროფესიულ საქმიანობად იქცა, თუ უფრო ჰობია? 

პროფესიად არ ქცეულა, თუმცა ხშირად, საკუთარი სურვილით ვუკეთებ Make-up-ს LGBTQ+ ადამიანებს, განსაკუთრებით მომწონს იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც გარეგნულად საინტერესო არიან ჩემთვის. სწორედ ამიტომ გავუკეთე მაკიაჟი Drag Ball-ზე ერთ-ერთ დრეგ ქუინს, TASHA-ს, რომელიც ულამაზესი ტრანსგენდერი ქალია. ადრეც დავხმარებივარ Drag Ball-ზე დრეგ ქუინებს. 
ზოგადად Make-up-ი პროფესიაზე მეტად, გამოხატვის, ექსპრესიის საშუალებაა ჩემთვის, ძალიან თერაპიულია სახეზე ხატვის პროცესი, თითქოს სამყაროს ეთიშები და შენს თავთან მარტო რჩები. 




გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვს, ან Make-up-ის სერია, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს?

გამორჩეულად მომწონს Split face, სახის კონკრეტულ მონაკვეთებში კანი გახსნილს ჰგავს, მახატია დამატებით თვალები, გახლეჩილი კანიდან კი ჩონჩხი მოჩანს.  ძალიან მიყვარს თვალების ხატვა, ალბათ ამაზე მუშაობა იყო გამორჩეულად საინტერესო. 
ზოგადად ძალიან მომწონს ვიზუალური მანიპულაციები და 3D ეფექტი, გრიმი და  Make-up-ი, რომელიც კითხვას აჩენს, თუ როგორაა დახატული. 


შენი ნამუშევრები უფრო გრიმთან არის ახლოს, ვიდრე სტანდარტულ მაკიაჟთან, სამომავლოდ თუ ფიქრობ კინოში მუშაობას? 

კი, მომავალში სიამოვნებით ვიმუშავებდი კინოში, რადგან გრიმი უფრო მაინტერესებს, სტანდარტული მაკიაჟიც გამომდის, ზოგადად ვცდილობ რომ მრავალფეროვანი ვიყო იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. თუმცა ქართულ კინოში თითქმის არ არის ის, რაც მე მაინტერესებს, სტანდარტული გრიმი, რომელიც ძალიან მარტივია, არ არის ჩემთვის შთამაგონებელი, ამიტომ მირჩევნია, ჩემს პროფესიულ საქმიანობად იოგა დარჩეს, სადაც გაცემული ენერგია უკან მიბრუნდება და ვხედავ, ადამიანები როგორ ხდებიან უფრო ჯანმრთელები. 




თუ არსებობს რაიმე პროექტი ან შოუ, რომელზე მუშაობაც შენი ოცნებაა?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი “ავატარზე”, ძალიან მომწონს ის სტილი, რომელიც ამ სერიალსა და ფილმში გვხვდება, განსაკუთრებით მომწონს ავატარ კიოშის Make-up-ი და უახლოეს მომავალში ვგეგმავ, რომ გავიკეთო. ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა Marvel-ის ან DC-ის სეტზე მუშაობა, რადგან CGI-ის ნაკლებად იყენებენ და მათ ფილმებში ხშირად გვხვდება SFX მაკიაჟი. საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა ჩვენებაზე, მოდელებთან მუშაობაც, ახლახანს, პარიზის მოდის კვირეულზე პეტ მაკგრეთმა, ერთ-ერთ ჩვენებაზე გააკეთა Make-up-ი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, ნამუშევარს Plastic doll glass look- ს ეძახიან, მოდელებს სახე თითქოს შუშით ჰქონდათ დაფარული, ამ ჩვენებიდან სამი დღის შემდეგ გავუკეთე ასეთივე  Make-up-ი TASHA-ს პერფორმანსისთვის. 



სამომავლოდ თუ გაქვს გეგმები, როგორ გინდა რომ შენი, როგორც Make-up არტისტის საქმიანობა გაგრძელდეს?

ამ მიმართულებით თავს უფრო საზღვარგარეთ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ ტიკტოკზე ნახვები და ფოლოუერების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია და არაერთ კარს გამიხსნის, ის ფაქტი, რომ საკმაოდ ჰომოფობიური ქვეყნიდან ვარ, თუმცა მაინც ამდენი ნახვა და reach მაქვს, ბულინგის ფონზე, რომ მაინც ვაგრძელებდი კონტენტის შექმნას, აუცილებლად დამეხმარება. 

Comments


bottom of page