top of page
  • ლიზა ალფაიძე

თბილისის კინოფესტივალის გზამკვლევი

Სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტექსტს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ, რადგან პროგრამას ვერასდროს ვიმახსოვრებ და მუდმივად მიწევს გადავამოწმო, თუ რომელ დღეს, რომელი ფილმის ნახვა მინდა. ამიტომ, გთავაზობთ ერთგვარ გზამკვლევს,დღეებისა და საათების მიხედვით, რომელიც რეალურად პირადად ჩემს გემოვნებაზეა მორგებული, თუმცა ძალიან ბევრ ფილმს აერთიანებს. Როგორც იცით, ფესტივალი გაიხსნება 26 ნოემბერს, ნანა ჯორჯაძის ფილმით, “პეპლების იძულებითი მიგრაცია”, გახსნაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, ამიტომ კალენდრის მონიშვნა, 27 ნოემბრიდან უნდა დავიწყოთ. გზამკვლევში შეგნებულად არ შემაქვს ფილმები რეტროსპექტივებიდან, რადგან ძველ და უკვე აღიარებულ ფილმებს, ჩემს გარეშეც მიაგნებთ, მე კი მხოლოდ ახალ ფილმებზე ვკონცენტრირდები.
27 ნოემბერი

11:00 When The Waves Are Gone - Lav Diaz
ლავ დიაზის ახალი ფილმი დეტექტივის ან თრილერის ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ისტორია გამომძიებლის გარშემო ვითარდება და ტრადიციულად დიაზისთვის დამახასიათებელი გრძელი კადრები და უსასრულო ქრონომეტრაჟი გამოარჩევს, თუმცა ჩემი აზრით, ცივ ამინდში, დილით, კინოს თბილი დარბაზი საუკეთესოა ასეთი ფილმის სანახავად. ამიტომ, თუ გეგმავთ, რომ კინოფესტივალის დღეებში ჩემსავით ამირანში დაიდოთ ბინა, არ გამოტოვოთ When The Waves Are Gone. როგორც აღვნიშნე, ლავ დიაზის ფილმს უსასრულო ქრონომეტრაჟი აქვს, ამიტომ მისი დამთავრების შემდეგ, პირდაპირ შემდეგ სეანსზე შესვლას არ გირჩევთ, ჯობია რამდენიმე საათით კინოთეატრიდან გახვიდეთ და რამე შეჭამოთ (დიახ, მთელი დღე შიმშილობას და ერთი ბანანის, ვაშლის ან შოკოლადის ჭამას არ გავუწევ რეკომენდაციას, მარიტა!) 16:00 ავტოპორტრეტი ზღვარზე - ანნა ძიაპშიპა
უკვე 16:00 საათზე, შეგიძლიათ კინოთეატრში დაბრუნდეთ და ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმი ნახოთ, რომელიც პირადი არქივისა და ავტორის თხრობის საშუალებით ერთი მხრივ ძალიან პირად, მეორე მხრივ კი - ქვეყნის უახლეს ისტორიას გვიყვება. 17:30 ღიმილიანი საქართველო - ლუკა ბერაძე
6-ის ნახევარზე, საშუალება გაქვთ კონკურსანტ ფილმებს შორის, ჩემი უპირობო ფავორიტი, ლუკა ბერაძის “ღიმილიანი საქართველო” ნახოთ, რომელიც სრულიად აბსურდულ პოლიტიკურ კამპანიას იხსენებს და მის დღევანდელ შედეგებს გვიჩვენებს. 19:00 Perfect Days - Wim Wenders
დღევანდელ დღეს, ცოტა რეჟისორია ისეთი მნიშვნელობისა თუ გავლენის, როგორც ვიმ ვენდერსი, ამიტომ მე პირადად, მის ახალ ფილმს განსაკუთრებით ველოდები. 22:00 Slow - Marija Kavtaradze
პირველი საფესტივალო დღე, შეგიძლიათ სანდენსის კონოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი, მარიჟა ქავთარაძის ფილმით დაასრულოთ. Slow არასტანდარტული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ადამიანის სექსუალობის კომპლექსურობის ერთგვარ კვლევას წარმოადგენს. მგონია, რომ ეს ფილმი დატვირთული პირველი დღის საუკეთესო დასასრული იქნება.
28 ნოემბერი
11:00 The Burdened - Amr Gamal
ფესტივალის მეორე დღესაც გირჩევთ, რომ “ამირანში” 11 საათიდან მიხვიდეთ და The Burdened ნახოთ, რომელიც უმუშევრობასა და აბორტის უფლებას ეხება, ფილმი ბერლინალეზე პანორამის სექციაში იყო ნაჩვენები და ორი არაძირითადი პროგრმაის პრიზი მიიღო. პირადად მე, The Burdened იმ ვიზუალური ფორმის გამო მაინტერესებს, რომელსაც რეჟისორი ირჩევს. 13:00 Blue Jean, Our Body, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები

13:00 საათზე ერთდროულად სამი საინტერესო სეანსი მიმდინარეობს, ერთი მხრივ შეგიძლიათ ნახოთ Blue Jean, რომელიც 80-იან წლებში, ლესბოსელი მასწავლებლის ცხოვრებაზე გვიყვება, მეორე მხრივ შეგიძლიათ კლერ სიმონის დოკუმენტური ფილმი Our Body ნახოთ, რომელიც ქალის სხეულის შესახებ მოგვითხრობს და როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა, თავისუფლად შეიძლება Body Horror-ის ჟანრში გავიყვანოთ. ამ ორი ფილმის პარალელურად, ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვაა შესაძლებელი, ქართული ფილმები კი ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ მეც ისევე გამიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, როგორც თქვენ. 16:00 სასტუმრო მეტალურგი - გიორგი ვარსიმაშვილი, ჟან ნუში
16:00 საათზე გიორგი ვარსიმაშვილისა და ჟან ნუშის “სასტუმრო მეტალურგს” იხილავთ, რომელიც წყალტუბოში, ყოფილ საანტორიუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების შესახებ გვიყვება, ფილმს საერთაშორისო წარმატება ხვდა და არაერთ ფესტივალზე უჩენეს. 17:30 ჯადოსნური მთა - მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი
მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის “ჯადოსნური მთა” მარიამის პირად ისტორიას, აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერის უკანასკნელი პაციენტებსა და მრავალსაუკუნოვან შენობაზე გვიყვება, რომელიც დანგრევის პირასაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა მიუნხენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა. „ჯადოსნურმა მთამ" უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება: ერევანში, Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე ვერცხლის გარგარის მფლობელი გახდა; DocsBarcelona-ზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა; მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალ MakeDox-ზე კი Young Onion Award დაიმსახურა.
19:00 პეპლების იძულებითი მიგრაცია - ნანა ჯორჯაძე
შვიდ საათზე ნანა ჯორჯაძის უახლეს ფილმს ვნახავთ, რომლის შესახებაც მეც ძალიან ცოტა ვიცი, თუმცა მგონია, რომ მისი ფილმები ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ შემომიერთდეთ და თქვენც ნახოთ “პეპლების იძულებითი მიგრაცია”

22:00 Light Falls, Lost Country

ათ საათზე მორიგი დილემის ჯერი დგება, ამ დროს შეგიძლიათ ნახოთ ფედონ პაპამაიკლის Light Falls, სადაც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ, ფილმი ბერძნულ კუნძულზე, უსიამოვნო თავგადასავლებში გახვეული წყვილის შესახებაა.
ამავე დროს, გადის ვლადიმირ პერიშიჩის Lost Country, რომელიც მილოშევიჩის წინააღმდეგ აჯანყებულ სერბ ახალგაზრდებზეა, მე პირადად ალბათ სწორედ ამ ფილმს ავირჩევ, თუმცა წინასწარ, რა თქმა უნდა, რთულია გადაწყვეტილების მიღება.


29 ნოემბერი


11:00 If Only I Could Hibernate - Zoljargal Purevdash
მე დილას მონღოლური ფილმით დავიყწებ, რომელიც რეალურად ორი მიზეზის გამო ავირჩიე, პირველ რიგში, არ ვარ დარწმუნებული, რომ მონღოლური კინო ოდესმე ნანახი მაქვს, ამიტომ გულწრფელად მაინტერესებს როგორია ამ ქვეყნის კინემატოგრაფი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მონღოლეთი ის უიშვიათესი ქვეყანაა სადაც მომთაბარე ცხოვრების კულტურა ფართოდაა გავრცელებული, ამიტომ ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ ვიზუალურ ხერხებს აირჩევს რეჟისორი, იურტში მცხოვრები მოზარდის ყოველდღიურობის საჩვენებლად.

13:00 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები

1-ელ საათზე კვლავ მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაა, რომელსაც ამ დღესაც აუცილებლად გირჩევთ.

15:00 About Dry Grasses - Nuri Bilge Ceylan
სამ საათზე ჯეილანის სამსაათიანი ფილმი იწყება, რომლის ნახვაც წინასწარ ძალიან მეზარება, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ვნახავ, თქვენც იგივეს გირჩევთ. ამ ფილმის შემდეგ ხანმოკლე შესვენებას მოასწრებთ, შემდეგ კი გირჩევთ, რომ ისევ დაბრუნდეთ კინოთეატრში.

19:00 ლოტო - ზაზა ხალვაში, თამთა ხალვაში
შვიდ საათზე ზაზა ხალვაშის უკანასკნელ ფილმს ვნახავთ, რომლის დამთავრებაც რეჟისორმა ვერ მოასწრო და მისმა შვილმა, თამთამ დაასრულა, ზაზა ხალვაში გასული წლების ქართულ კინოში ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ფიგურა იყო, ამიტომ “ლოტოს” მე განსაკუთრებით ველოდები.

ამ დღის ბოლო სეანსზე კონკრეტულად ვერაფერს გირჩევთ, რადგან ძალიან დატვირთული დღის შემდეგ, კიდევ რამეს ვნახავ, თუ უბრალოდ სახლში წავალ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.


30 ნოემბერი


30 ნოემბერს ვაპირებ, რომ დღე შედარებით მსუბუქად გავატარო, ამიტომ დღის პირველ ნახევარში სახლში დავრჩები, თქვენ კი ტრადიციულად გირჩევთ, რომ ქართული ფილმები ნახოთ.

22:00 Ama Gloria - Marie Amachoukeli
სამაგიეროდ, ათ საათზეა ფილმი, რომელიც განსაკუთრებით მაინტერესებს, ქართული წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის Ama Gloria, პატარა გოგონასა და მისი ძიძის ურთიერთობაზე გვიყვება, მარი ამაშუკელი საფრანგეთში აღიარებული რეჟისორია, თუმცა საქართელოში მის შესახებ ცოტამ თუ იცის, ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს, თუ როგორი იქნება მისი ფილმი.

1 დეკემბერი

სად უნდა დავიწყოთ ზამთრის პირველი დღე, თუ არა კინოთეატრში?

13:00 Do Not Expect Too Much from the End of the World - Radu Jude
დღევანდელი რუმინული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, რადუ ჟუდეს ახალი ფილმს ახასიათებენ, როგორც ესეისტური კინოს მსგავს შავ კომედიას, რომელიც ერთდროულად თანამედროვე ცხოვრების წესსა და რიტმს, სამუშაო კულტურას და რუმინეთის სოციალურ მდგომარეობას აკრიტიკებს.

16:00 შაშვი შაშვი მაყვალი - ელენე ნავერიანი
ელენე ნავერიანის “შაშვი შაშვი მაყვალი”, ალბათ ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ კინოში, თუ ჯერ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ და ისიამოვნეთ ძალიან საინტერესო ფილმით და შეუდარებელი ეკა ჩავლეიშვილით.
19:00 Afire - Christian Petzold
Afire-ზე ბევრი არაფერი ვიცი, კრისტიან პეცოლდის წინა ფილმი ძალიან მომეწონა, ამ ფილმის სინოფსისმა კი დამაინტერესა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ვნახო. სიუჟეტი ტყის ხანძრის დროს, ბალტიის ზღვისპირა აგარაკზე მყოფი მეგობრების გარშემო ვითარდება, მე პირადად მიყვარს ისტორიები, რომლებიც ერთ ლოკაციაზე ხდება, ამიტომ ამ ფილმის ნახვასაც აუცილებლად ვაპირებ.

22:00 Disco Boy, Scrapper

ათ საათზე ორ ფილმს შორის უნდა მივიღო გადაწყვეტილება ერთი ვერსიაა ჯაკომო აბრუცეზეს Disco Boy, ომის დრამა, კომიკური ელემენტებით, რომელიც რატომღაც ბერლინალეზე არ ვნახე, არადა გარშემო ყველას მოეწონა. მეორე კი - შარლოტ რიგანის Scrapper, რომელიც 12 წლის გოგოსა და მამის ურთიერთობაზეა.


2 დეკემბერი


11:00 Vera - Tizza Covi, Rainer Frimmel
11 საათზე საიტერესო მეჩვენა ტიცა კოვისა და რაინერ ფრიმელის ფილმი, რომელშიც მსახიობი ვერა ჯემა საკუთარი თავის ნახევრადმხატვრულ ვერსიას თამაშობს.

13:00 ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები; The Old Oak

1-ელ საათზე, სამწუხაროდ ერთმანეთს ემთხვევა გიორგი კობერიძის მუსიკალური ნაწარმოები “ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები” და კენ ლოუჩის ახალი ფილმი.
გიორგი კობერიძის ნაწარმოების პრემიერა ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგა და უკვე მოსმენილი მაქვს, ამიტომ გულწრფელად შემიძლია გირჩიოთ, რომ თუ პირველ საათზე “ამირანში” იქნებით, სხვა ყველაფერი გადადოთ და აუცილებლად დაესწროთ.
“ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები” სპეციალურად კინოდარბაზისთვის დაწერილი კომპოზიციაა, რომელსაც ყოველგვარი გამოსახულების გარეშე, სრულ სიბნელეში მოუსმენთ და დამიჯერეთ, ნამდვილ მედიტაციურ გამოცდილებას მიიღებთ.

16:00 Evil Does Not Exist - Ryusuke Hamaguchi; დედა- შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი - ლანა ღოღობერიძე

ოთხ საათზე მორიგი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, ერთი მხრივ, Drive My Car-ის რეჟისორი ახალი ფილმით ბრუნდება, Evil Does Not Exist სოფელში მცხოვრები მამა-შვილის გარშემო ვითარდება და გვიამბობს, თუ როგორ იცვლება მათი ცხოვრება, როდესაც უეცრად ქალაქიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის დასასვენებლად. მეორე მხრივ კი ლანა ღობერიძემ დედამისზე, პირველ ქართველ რეჟისორ ქალ ნუცა ღოღობერიძეზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც სრულიად მომნუსხველია.

18:00 When Will It Be Again Like It Never Was Before? - Sonja Heiss
სონია ჰაისის ფილმი ამავე სათაურის მქონე ნოველის ადაპტაციაა და მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც უცნაურ ოჯახში იზრდება.

ცხრა საათზე ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება და 3 დეკემბერსაც არანაკლებ საინტერესო პროგრამა გველის.


3 დეკემბერი


13:00 Anatomy Of a Fall - Justine Triet
პირველ საათზე განის კინოფესტივალის გამარჯვებულს ვიხილავთ, პრესტიჟული ჯილდოს მიუხედავად, ფილმს ძალიანა რაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდა.

პირველი საათის შემდეგ, მე პირადად, შესვენებას ვაპირებ, რადგან საღამოს ორ ფილმს განსაკუთრებით ველოდები.

19:00 How To Have Sex - Molly Manning Walker
მოლი მენინგ უოკერი ახალგაზრდა ქალებზე, ქალის სხეულის პოლიტიკასა და ზოგადად სექსუალობის აღქმაზეა, მე პირადად ამ ფილმს ისევე ველოდები, როგორც კაურისმიაკის Fallen Leaves-ს ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ შემომიერთდეთ.

21:00 Fallen Leaves - Aki Kaurismäki
ფესტივალი დაიხურება ფილმით, რომელსაც ყველა მაყურებელი ელოდება, აკი კაურისმიაკის Fallen Leaves, ზღაპრული სიყვარულის ისტორიაა და როგორც ეს არის კინოს თანადამფუძნებელი ანი ამბობს, ამ ფილმის სანახავად აუცილებლად წაიყვანეთ კავალრები!

კაურისმიაკის ფილმის შემდეგ ერთკვირიანი კინომარათონი უკვე მართლა დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ძალიან დატვირთულია და შეიძლება ბევრი ფილმის ნახვა დაგეზაროთ, გირჩევთ, რაც შეიძლება მეტ სეანსზე მოხვიდეთ, რადგან 1 კვირა ძალიან მალე გაივლის, The winter is coming, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მოსაწყენი თვეები გველოდება და უმჯობესია სანამ საშუალებაა ვისიამოვნოთ!


Comments


bottom of page