ტექსტი დაიწერა 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ჟურნალისთვის "კინ-O", ჟურნალი აღარ დაიბეჭდა.
გეტოს შვილობილი
თბილისურ გეტოებს დიდი ხნის განმავლობაში ერთფეროვანი ესთეტიკა განაგებდა. ეს იყო ერთგვარი დომინანტი სუბკულტურა, რომელიც შობდა ძალიან ერთნაირ, ძალიან აგრესიულ და ძალიან სტერეოტიპულ შვილებს, რომლებიც გასაქანს არ აძლევდნენ მათგან განსხვავებულ, უმცირეს წარმონაქმნებს, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, საინტერესოდ ეცვათ, ჰქონდათ ინტერესთა ფართო დიაპაზონი, მაგრამ საერთოდ არ იყვნენ აგრესიულები და არც თავის დაცვა, ანუ არც საკუთარი სახეობის გადარჩენა შეეძლოთ. ორიათასიანების მეორე ნახევარში კი გეტოს სახასიათო შვილებს ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდნენ, რომლებმაც ჟანგიან გარაჟებს შორის ერთგვარი ანდერგრაუნდი გააჩინეს. ანდერგრაუნდი, რომელიც ქალაქის ელიტისტურ ნაწილებში სულაც არ იყო ანდერგრაუნდი და, სწორედ ამიტომ, „გაღმელი“ ნონკონფორმისტები გაცილებით პატივსაცემნი იყვნენ, ვიდრე მათი მსგავსი თანატოლები მარჯვენა სანაპიროდან, რომლებსაც არ უწევდათ მწარე შეტაკებები სრულიად სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან. გეტოების წიაღში გაჩენილი, როკ-მაისურებში გამოწყობილი ბავშვები გეტოს არა შვილებად, არამედ შვილიშვილებად ითვლებოდნენ და სულაც არ ცდილობდნენ დომინანტ კულტურასთან ასიმილირებას. ჩაგრული წინამორბედებისგან განსხვავებით, მათ ჰქონდათ იდეოლოგია და იღბალიც, რომელმაც მათ ეპოქა აჩუქა - ეპოქა, რომელშიც სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა და სასაცილო ხდებოდა მავნე ქალაქური სუბკულტურები და პოპულარობას იხვეჭდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც წერა, სიმღერა და დაკვრა შეეძლოთ.
ეს იყო დეკადა, რომელშიც ხშირად ნახავდით მივარდნილ დედაქალაქურ ბორცვებზე დამსხდარ გრძელთმიან თინეიჯერებს, რომლებიც ჭიქების გარეშე, პირდაპირ ორლიტრიანი ბოთლებიდან სვამდნენ ლუდს. თინეიჯერებს, რომლებიც ზოგჯერ ცეცხლსაც ანთებდნენ და ტელეფონში უსმენდნენ „ლედ ზეპელინს“. ეს იყო დეკადა, როცა თბილისში ჩამოდიოდნენ „დიფ ფარფლი“ და „იურაი ჰიპი“. ასეთ თავყრილობებზე ხდებოდა ნამდვილი კოჰაბიტაცია. აქ ერთად ნახავდით დრომოჭმული სუბკულტურების მიმდევარ, აგრესიულ ახალგაზრდებს და მათ ყოფილ მტრებს, გეტოს შვილობილებს, რომლებიც ამ დროსა და სიტუაციაში მათზე გავლენიანები იყვნენ და ცდილობდნენ, „მტრებისთვის“ გართობა ესწავლებინათ.
„თქვენც როკერები ხართ, ძმებო?“ - იკითხავდა მიამიტი თინეიჯერი რკინიგზელთა სახლის ფოიეში.
„არა ძმაო, სანზონელები...“ - უპასუხებდნენ დაბნეული ძველი ბიჭები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა, მაგრამ მაინც ეშინოდათ სრული ადაპტაციის.
სწორედ ამ ეპოქის გარიჟრაჟს ვხვდებით კოტე კალანდაძის ფილმში „დრამერი“, რომლის პროტაგონისტიც, დრამერი ნიკო, გეტოს შვილობილების კლასიკური წარმომადგენელია. თუმცა მათგან ერთი ძალიან ნიშანდობლივი დეტალი განასხვავებს. ეს დეტალი ნიკოს ინვალიდი მამაა, რომელსაც კომუნიკაცია არ შეუძლია, მაგრამ მაყურებელი გრძნობს, რომ შვილსა და მამას შორის არსებული ემოციური კავშირი დიდწილად საერთო ინტერესებით და იდეოლოგიური მზაობითაა ნასაზრდოები. არადა, გეტოს შვილობილების მთავარი მტრები ყოველთვის მამები იყვნენ. მამები, რომლებიც გრძელთმიან შვილებს მაკრატლებით დასდევდნენ ან მათ მოქრთამვას ცდილობდნენ და თმის შეჭრის სანაცვლოდ ოც ლარს სთავაზობდნენ. იმ ოც ლარზე შვილები როკბენდების სახელებს წერდნენ და ინახავდნენ, საკუთარი გამარჯვების სიმბოლოდ.
პრობლემები შვილობილის გარშემო
კოტე კალანდაძის ფილმი, ერთი შეხედვით, სტერეოტიპული პრობლემების ალმანახია. თუმცა რა შაბლონური დახასიათებაც არ უნდა მოვუფიქროთ ამა თუ იმ პრობლემურ საკითხს, ფაქტია, რომ ის არსებობს და არტისტის მხრიდან მასზე რეფლექსია სწორი და გარდაუვალი ქმედებაა. ხელოვნების დაუფასებლობა, მატერიალური პრობლემები, დეპრესია, სიყვარული, ნარკოტიკები... ამ ფილმში ყველაფერია, რასაც ხელს მოაწერდა რეჟისორი, რომელიც ჯონი როტენის ანდა კურტ კობეინის ბიოგრაფიულ საგაზე იმუშავებდა. კოტე კალანდაძის ფილმი არტისტის ტრაგედიაა. არტისტის ტრაგედია, რომელიც შეზრდილია ზოგად ცხოვრებისეულ ტრაგედიებთან და საბოლოოდ წინააღმდეგობაში მოდის ამყრალებულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. არტისტის ტრაგედია იწყება იმით, რომ ის სულელურ ქარხანაში მუშად მუშაობს. მუსიკოსი ნიკო, მეგობართან ერთად, რომელიც კინოთია დაინტერესებული, მუშაობს მისთვის სრულიად უინტერესო ადგილზე იმიტომ, რომ საჭმელი ჰქონდეს. იდეალისტები იტყოდნენ, რომ ნამდვილი მუსიკოსი ფეხებზე დაიკიდებდა მატერიალურ საკითხებს და მაინც არ იმუშავებდა იქ, სადაც არ ენდომებოდა მუშაობა. მაგრამ ასე მხოლოდ ის ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც რაიმეს შექმნის გამოცდილება არ გააჩნიათ და საკითხს მომხმარებლის ვარდისფერი სათვალიდან ხედავენ. რაც მთავარია, მათ არ ესმით, რომ მშიერი ადამიანი ვერც მუსიკას ქმნის, ვერც მოთხრობას წერს და არც არჩევნების წინა დღეებში შეუძლია პოლიტიკური იდეოლოგიების გარჩევა. გვერდი რომ ავუაროთ იდეალისტებს და რეალურად შევხედოთ ნიკოს მაგალითს, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდგებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოში ხელოვნება იშვიათად ფორმირდება რეალურ პროფესიად. შეიძლება სხვაგანაც ხდება ასე, მაგრამ ჩვენ საქართველოზე ვფიქრობთ. იმით თავის დამშვიდება, რომ სხვებიც ცუდად არიან, ვერავის განავითარებს.
პრობლემების მეორე და ყველაზე დრამატული ნაწილი იქ იწყება, სადაც თავს იჩენს ცნობილი მითი არაფხიზელი არტისტების შესახებ. ნიკოს პერიოდული ნარკოტიკული თრობა თითქოს იმ პათოსის შარჟია, რომ ხელოვანი აუცილებლად უნდა მოიხმარდეს ნარკოტიკებს, აუცილებლად უნდა იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებული და რომ ეს კარგია მისი იმიჯის რომანტიზებისთვის. ფაქტი კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოს ცხოვრებაში წამლის „ბარიგა“ სახელად კოღო ჩნდება, მისი მანამდე საკმაოდ რთული, მაგრამ ჰარმონიული ცხოვრება გაცილებით ქაოსური ხდება. თითქოს კოღოს სახით წარსულში გამარჯვებული გეტოს შვილობილის, ნიკოს ცხოვრებაში ხელახლა ჩნდებიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დამარცხებული აგრესიული და ტოქსიკური მტრები. მტრები, რომლებიც გაიზარდნენ და ახლა უფრო საზრიანები და სასტიკები არიან. ისინი მოდიან, ცხვირს ყოფენ და ყველაფერს აფუჭებენ.
სწორედ ამ მტრების ხაზის გაგრძელებაა პოლიციელების გამოჩენაც. პოლიციელებიც გაზრდილი მტრები არიან, რომლებმაც მოახერხეს და კიდევ უფრო განავითარეს მათში არსებული აგრესიის გამოყენების მექანიზმები. პოლიციელები ძალადობენ ნიკოზე, ძალადობენ „ბარიგა“ კოღოზე, ძალადობენ ყველა ადამიანზე, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს კრიმინალური პროფილი. ძალადობენ კანონის სახელით, საკუთარი უკანონობის დასაცავად. საბოლოოდ, პატარა უბნის პატარა სარეპეტიციოდან მივდივართ სახელმწიფო სისტემამდე, რომელიც ერთ დროს, ალბათ, სუფთა წყალი იყო. შემდეგ, როცა ძალიან ბევრი ჭუჭყიანი წვიმა მოვიდა, ის ტალახის მასად გადაიქცა, ვეღარ დაეტია საკუთარ კასრში და ქვეყანას გადაესხა. ტალახი იმდენი იყო, რომ ყველა ჩიხში შეაღწია. დააზარალა ყველა საზოგადოებრივი ერთობა. მოაღწია უწყინარ ბიჭ ნიკომდეც, რომელიც წერდა მოთხრობებს და უკრავდა დრამზე. მოაღწია პოლიციელების სახით, რომლებიც დღისით მინისტრებს ხვდებოდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ყველა ადამიანს დაიცავდნენ შემზარავი კრიმინალებისგან, ღამით კი წამალს ყიდდნენ და უწყინარ ადამიანებს თავში ხელკეტებს ურტყამდნენ.
Comments