top of page
  • Facebook
  • Instagram

დაე აჯანყდნენ ბავშვები!

ლიზა ალფაიძე

ბავშვები კინემატოგრაფიის შექმნისთანავე გამოჩდნენ კინოში, ძმებმა ლუმიერებმა ჯერ კიდევ 1895 წელს აღბეჭდეს კინოკამერაზე ჩვილი ანდრე ლუმიერი, 1921 წელს ჩარლი ჩაპლინმა ჯეკი კუგანი გაგვაცნო, ჟან ვიგო კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბავშვების ბრაზზე ალაპარაკდა. “ნული ყოფაქცევაში” ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც ერთი მხრივ ფრანგულ განათლების სისტემას აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი - ნებისმიერი ტიპის ავტორიტარიზმს. ფილმი სკოლა-პანსიონატის მოსწავლეების შესახებ გვიყვება, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ მასწავლებლებისგან დამცირების ატანა. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა დანაწევრებულია, ისტორია ლოგიკურად მიდის კულმინაციამდე და მაყურებელს უკმარისობის გრძნობას არ უტოვებს. სიუჟეტი ძირითადად ოთხი ბიჭის - ბრუელის, ტაბარის, კოლინისა და კოსას გარშემო ვითარდება, რომლებიც ამბოხისათვის ემზადებიან. ფილმი მრავალმხრივ ნოვატორული ნამუშევარია, თუმცა პირველ რიგში აღსანიშნავია ის თემა, რასაც ჟან ვიგო ეხება. 1933 წელს განათლების სისტემის კრიტიკა იმდენად გაბედული ნაბიჯი იყო, რომ ფილმი გამოსვლისთანავე აიკრძალა საფრანგეთში. თემის სიმწვავეს ემატებოდა ისიც, რომ ვიგოს მამა ცნობილი ანარქისტი იყო, კინო კი ამბოხისადმი მოწოდებად შეიძლება ყოფილიყო აღქმული.
"ნული ყოფაქცევაში" კინოხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევა, თუმცა არა მხოლოდ სიუჟეტის გამო.
ფილმში ჟან ვიგომ მოახერხა, რომ ყველაფერი გამოხატვის საშუალებად ექცია: კამერა, მუსიკა, კოსტიუმები, მიზანსცენა თუ მსახიობები. განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ გვიჩვენებს რეჟისორი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კონტრასტს. ფილმში მყოფი ყველა ბავშვი ძალიან ბუნებრივი, ლაღი და ცოცხალია, ამ დროს მასწავლებლები მაქსიმალურად კარიკატურულად გამოიყურებიან. დესპოტი დირექტორი, რომელიც სკოლაში არსებული რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ძალიან დაბალია, არაბუნებრივად წვრილი ხმით. მასწავლებელი, რომელიც არასასიამოვნო ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს ბავშებთან ძალიან მსუქანი, ზედამხედველი კი მოჩვენებასავით დაძრწის, ყველას უთვალთვალებს და იდეალურად განასახიერებს ავტორიტარული სისტემის სადამსჯელო მანქანას.
ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყურება ჰიუგეა, რომელიც ბავშვებს კარგად ექცევა და ამბოხებისას მათ მხარესაა. ფილმში რამდენიმე გარდამტეხი მომენტია, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რამ გამოიწვია დაუკებელი ბრაზი, რომელიც ბავშვებს ამოძრავებთ, პირველი ასეთი სცენა ღამით ვითარდება, როდესაც დასჯილ სამ ბიჭს დაწოლის უფლებას არ აძლევენ, ერთს მუცელი ტკივა და გაუჩერებლად წუწუნებს, დანარჩენი ორი კი მასწავლებელს თხოვენ, რომ ბიჭს წასვლის ნებართვა მისცეს, ბავშების ხვეწნა და ტირილი ერთგვარი მანტრასავით მეორდება და მაყურებლისთვის ცხადი ხდება, რომ ისინი ასეთ მოპყრობას დიდხანს აღარ აიტანენ. მეორე ასეთი გარდამტეხი მომენტი ყოფაქცევაში ნულის მიღება, ანუ კვირა დღეს დასჯაა, კულმინაცია კი - ორი ბიჭისთვის მეგობრობის აკრძალვაა, დირექტორი მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობა ზედმეტად ახლოა, ამ დროს კი თვალს ხუჭავს ფაქტზე, რომ მასწავლებელი ბიჭს ავიწროვებს.
სწორედ ამ შემთხვევების შემდეგ იწყება ბავშვების აჯანყება, ისინი ჯერ სასადილოში აპროტესტებენ ყოველდღე ერთსა და იმავე საჭმელს, შემდეგ კი ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი სიზმრისეული სცენა თამაშდება: ბიჭები ღამით ბალიშებით ჩხუბობენ, მასწავლებელს ლოგინზე აბამენ და გამარჯვებულ მეამბოხეებს ტახტრევანით დაატარებენ, ჰიუგე აქაც ბავშვების მხარესაა. საინტერესოა, რომ აღწერილი კადრი შენელებულია, რაც დღეს შეიძლება არ გაგვიკვირდეს, თუმცა 1933 წელს ეს გადმოცემის სრულიად ახლებური ფორმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლით ადრე, ანიმაცია კოტე მიქაბერიძის “ჩემს ბებიაშიც” გვხვდება, ახლებური იყო ისიც, რომ ვიგომ მხატვრულ ფილმში ანიმაციური ჩანართი გამოიყენა და პროფესორი ჰიუგეს დახატული ნახატი აამოძრავა. ფილმი სრულდება კიდევ ერთი სიზმრისეული სცენით, ბიჭები მასწავლებლებს სხვენიდან ნივთებს დაუშენენ, შემდეგ კი სახურავებზე გაიქცევიან გაურკვეველი მიმართულებით.
არ შეიძლება “ნულ ყოფაქზევაზე” და ზოგადად ჟან ვიგოს კინემატოგრაფიაზე ისე, ვისაუბროთ, რომ ბორის კაუფმანი არ ვახსენოთ. კაუფმანი ახერხებს, რომ კამერა გამოხატვის საშუალებად და ერთგვარ პერსონაჟად აქციოს, “ნულ ყოფაქცევაში” კადრი იშვიათადაა სტატიკური, ოპერატორი ხშირად არატრადიციულ რაკურსს ირჩევს, ზოგჯერ კი კამერის მდებარეობას პირდაპირ სიუჟეტის ნაწილად ხდის. მაგალითად, ფილმში მასწავლებლები თითქმის ყოველთვის ზემოდან ქვემოთ მიმართული რაკურსით არიან ნაჩვენები და ვიზუალურად პატარავდებიან, ბავშვები კი - პირიქით. გაქცევის სცენის გადასაღებად კაუფმანი ქვემოდან ზემოთ მიმართულ რაკურსს ირჩევს, რაც ვიზუალურად აჩენს ილუზიას, რომ ბავშვები უფრო და უფრო მაღლა მიდიან, და შეიძლება აფრინდნენ, პერიოდულად კი სიუჟეტს ისეთი კუთხიდან ვუყურებთ, თითქოს ჩვენც, მაყურებლებიც ზედამხედველის მსგავსად ვუთვალთვალებთ ბიჭებს. .
“ნულ ყოფაქცევაში” ჟან ვიგო ახერხებს, რომ სოციალური რეალიზმსა და სიურეალიზმს შორის საზღვარზე დარჩეს და დასაბამი არაოფიცალურ მიმდინარეობას, პოეტურ რეალიზმს დაუდოს.


Comments


2023 - ეს არის კინო

bottom of page