top of page
  • ნუცა შიოშვილი

ბერლინალეს მიმოხილვა

წლევანდელი ბერლინალე სავსე იყო სკანდალებით. ფესტივალი პროტესტის ფონზე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ფესტივალის ადმინისტრაციამ ბუნდესტაგის სხვა დეპუტატებთან ერთად მემარჯვენე-ფაშისტური პარტიის ‘‘ალტერნატივა გერმანიისთვის‘‘ წევრებიც დაპატიჟა. ამას მოჰყვა დიდი ხმაური, რის შემდეგაც ბერლინალეს დირექციამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და ეს მოწვევები  უკან გამოითხოვა.
აქტივისტების მხრიდან ბერლინალეს მიმართ კრიტიკა იყო მაშინაც, როცა ფესტივალის პროგრამა გამოცხადდა. პროგრამაში ერთადერთი პალესტინური ფილმი ,,სხვა მიწა არ არსებობს“ მოხვდა და ისიც, არა მთავარ საკონკურსო პროგრამაში. სკანდალითვე დაიხურა ფესტივალი, როცა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში სწორედ აღნიშნულმა პალესტინურმა ფილმმა გაიმარჯვა.

რეჟისორებმა  სცენიდან მოუწოდეს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ და პალესტინაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აპართეიდი უწოდეს. ფესტივალმა ამ მიმართვის ვიდეოჩანაწერი მალევე წაშალა სოციალური ქსელებიდან, პარალელურად კი ანტისემიტიზმი დაგმო.
მხოლოდ პალესტინელ რეჟისორებს არ გაუკეთებიათ სცენიდან კრიტიკული განცხადებები ნათანიაჰუს ხელისუფლების მიმართ. იყვნენ სხვებიც. გერმანული პრესა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ბერლინალეს ბრალს სდებს ანტისემიტიზმში, ხოლო აქტივისტები ფესტივალს ისრაელის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
მე არც პრესის წარმომადგენელი ვარ და არც აკრედიტაცია მქონდა, ამიტომ ვერ შევძელი დავსწრებოდი ყველა იმ ჩვენებას, რომელიც დაგეგმილი მქონდა. ბილეთები მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა და ძირითადად, დადებიდან რამდენიმე წამში ქრებოდა. სულ 6 ჩვენებას დავესწარი და ყველა მათგანზე მთლიანად სავსე იყო დარბაზი.
ვეცდები, ექვსივე მათგანი მოკლედ მიმოვიხილო და ჩემი შთაბეჭდილებებიც გაგიზიაროთ.


Dahomey
საუკუნეების წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები პოლიტიკურია. პოლიტიკურია მათი ადგილმდებარეობაც. სწორედ ამ იდეის მატარებელია მატი დიოპის დოკუმენტური ფილმი, რომელიცწლევანდელი ბერლინალეს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
დაჰომეა - სამეფო დასავლეთ აფრიკაში - 1600-1904 წლებში არსებობდა. დღესდღეობით ის ბენინისსახელმწიფოა. დაჰომეა  და შემდეგ უკვე ბენინი,  1894-1958 წლებში საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა. სწორედ ამ პერიოდში საფრანგეთმაქვეყნიდან გაზიდა 7 ათასი ხელოვნების ნიმუში. 2001 წელს საფრანგეთის მთავრობა 26  მათგანისბენინისთვის უკან დაბრუნებას გადაწყვეტს. ფილმში ამ 26 ხელოვნების ნიმუშის პარიზიდანბენინიმდე მოგზაურობას ვადევნებთ თვალს.
მოქმედება საფრანგეთის მუზეუმში იწყება. მაყურებელი ხელოვნების ნიმუშების ნელა-ნელა, აუღელვებლად შეფუთვას, ყუთებში მოთავსებასა და შემდეგ მათი თვითმფრინავით გამგზავრებას აკვირდება.
ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად აფრიკაშია გადაღებული. მას შემდეგ, რაც ხელოვნების ნიმუშები ბენინის რესპუბლიკას გადაეცემა, ადგილობრივ უნივერსიტეტში იმართება სტუდენტების საჯარო დისკუსია, სადაც ქვეყნის ეროვნული განძის საფრანგეთიდან რეპატრიაციის საკითხს განიხილავენ. არის თუ არა 26 ნიმუშის დაბრუნება საკმარისი? უნდა იყოს თუ არა ბენინის მოსახლეობა ამის გამო საფრანგეთის მადლიერი, თუ ეს ემანუელ მაკრონის ხელისუფლების მხრიდან კოლონიალიზმის დანაშაულის მარტივად ჩამოსარეცხად გადადგმული საიმიჯო ნაბიჯია? ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რასაც სტუდენტები შეხვედრაზე განიხილავენ. 
შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ვიზუალური ანთროპოლოგიის კარგი ნიმუშია. ის ხელოვნების კონტექსტში კოლონიალიზმის ფაქტობრივი ანალიზის კულტურული დოკუმენტია. მატი დიოპი 2019 წელს პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც ფილმისთვის ‘‘ატლანტიკა‘‘კანში გრან პრი მოიგო.
 

Architecton

ბეტონი - მასალა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ, ვეხებით, მასში ვცხოვრობთ, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ მის მნიშვნელობასა და გავლენაზე. ეს თითქოსდა მარტივი მასალა ფილმის მთავარი ხაზია. ფილმიდანვე ვიგებთ ფაქტს იმის შესახებ, რომ წყლის შემდეგ, ბეტონი ყველაზე გამოყენებადი მატერიაა სამყაროში.
,,არქიტექტონი“ ერთადერთი რუსი რეჟისორის ფილმია წლევანდელი ბერლინალეს პროგრამაში. ვიქტორ კოსაკოვსკიმ 2002 წელს დატოვა რუსეთი და მას შემდეგ ბერლინში ცხოვრობს.
ესაა დოკუმენტური ფილმი, რომელიც სვამს კითხვას, თუ რატომ ვაშენებთ შენობას ბეტონით - მასალით, რომელიც არც ბუნებასთანაა შერწყმული და საცხოვრებლად ვარგისიც მხოლოდ 60-70 წელია.
ფილმი იწყება პროლოგით. კადრში ვხედავთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილ კორპუსებს, მათ უკან კი - ეკლესიას. ფილმში საუბარი თითქმის არ არის. რეჟისორი უფრო მეტს გვაჩვენებს, ვიდრე ჰყვება. მაყურებელი თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში, ხედავს მხოლოდ ქვებს, მათი გადამუშავების პროცესს, ცემენტის წარმოებას, რომელსაც პერიოდულად ენაცვლება კონტრასტული ხედები. თავიდან ნაჩვენებია პრიენაში დღემდე შემორჩენილი ქვით ნაშენები ათენას ანტიკური ტაძრის ნანგრევები, რომლებიც ახლაც მყარად დგას, შემდეგ კი - ბეტონის სასაფლაო თურქეთში, დანგრეული კორპუსებით სავსე, მიტოვებული ქალაქი. ეს ის ადგილია, რომელიც 2023 წლის ძლიერი მიწისძვრის შედეგად მთლიანად განადგურდა. ერთი შეხედვით, დამღლელი უნდა იყოს ფილმი, სადაც ძირითადად ქვების მოპოვებისა და  დამუშავების, ბეტონის ჩამოსხმისა და შენობების ნგრევის კადრებია ნაჩვენები, თუმცა დიდ ეკრანზე სწორედ ამ კადრების ყურებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მაყურებელს, მათ შორის მეც, შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს.
ფილმის ბოლოს ნაჩვენებია რეჟისორისა და იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის (რომელიც, სხვათა შორის, თბილისში არსებული არაერთი ნაგებობის ავტორია) საუბარი იმაზე, თუ რატომ ვაშენებთ თანამედროვე ეპოქაში ბეტონის უსიცოცხლო შენობებს, როგორ გაუძლო ამდენ საუკუნეს ქვის ნაგებობებმა და შესაძლებელია თუ არა, თანამედროვე ეპოქაში უკეთ შენება. ფილმში დასმულია მნიშვნელოვანი შეკითხვა - თუ რა არის არქიტექტურა. მხოლოდ შენობა-ნაგებობების დაპროექტება, თუ  ისეთი  რამ, რასაც შეუძლია ადამიანთა ჩვევების ჩამოყალიბება განსაზღვროს.
,,არქიტექტონი“ ბერლინალეს მთავარ პროგრამაში იყო და გულდასაწყვეტია, რომ ვერც ერთი ჯილდო ვერ მოიგო.
 

A traveler’s needs

,,მოგზაურის საჭიროებები” ჰონგ სანგ სუს საკონკურსო ფილმია, რომელმაც ფესტივალზე ვერცხლის დათვის ჯილდო მოიპოვა.
იზაბელ იუპერი სამხრეთ კორეაში ჩასული ფრანგი ქალის როლს თამაშობს, რომელმაც არ იცის კორეული და თავს ფრანგული ენის კერძო მასწავლებლობით ირჩენს.
ყურადღებას იქცევს სწავლების ორიგინალური მეთოდი, რომელსაც იზაბელ იუპერის პერსონაჟი გვთავაზობს. ის ინგლისურად ესაუბრება მოსწავლეებს პირად და ღრმა თემებზე, შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაციით, ამ ტექსტს ფრანგულად თარგმნის, ხშირად შინაარსსაც უცვლის, თავის ხმის ჩამწერზე იწერს და კასეტას მოსწავლეს უტოვებს.
ფილმში არ ჩანს როდის და რატომ ჩადის ის სამხრეთ კორეაში ან რამდენი ხნით აპირებს დარჩენას.
,,მოგზაურის საჭიროებები“ ადგილობრივებისა და უცხოელის ურთიერთობას გვაჩვენებს. მაყურებელი აკვირდება, რა მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციისას ენას, ჟესტიკულაციას, კულტურულ განსხვავებებს. რამდენად მომხიბვლელი შეიძლება იყოს ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული, უბრალო დეტალები და რამდენად სასაცილოა სტატიკური კამერის ფონზე უხერხული დიალოგები, რომლებზეც დარბაზთან ერთად იცინი, მაგრამ ვერ ხვდები რატომ. ფილმს თერაპიული ეფექტი აქვს, მაყურებელს ადუნებს, სამხრეთ კორეაში წასვლას, შუადღის მზეზე სკვერში, ჩრდილში ჩამოჯდომასა და მაკოლის დალევას ანდომებს.


Eleven tomorrows: Berlinale meets football

ეს არის მიუნხენის ტელე-კინოსკოლის სტუდენტების გადაღებული 11 დოკუმენტური ფილმი, რომელსაც 11 სხვადასხვა რეჟისორი ჰყავს. 
სხვანაირად რომ ვთქვათ, ესაა 11 სხვადასხვა ამბავი ფეხბურთზე.
მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი საფეხბურთო გუნდი, რამდენიც გერმანიას. ფილმი  გერმანული უცნობი გუნდების შესახებ გვიყვება და გვახსენებს, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ ცნობილი და მდიდარი კლუბების დაპირისპირების ასპარეზი, არამედ ისაა იდეა და სანახაობა, ზოგისთვის - თერაპია, ზოგისთვის კი გადარჩენის თუ ინტეგრაციის შესაძლებლობა.
ფეხბურთი არც მხოლოდ მასკულინური თვითგამოხატვის საშუალებაა და სწორედ ამიტომ, ფილმში რეჟისორები გვიყვებიან ქალთა უცნობ გუნდებზე, მხედველობადაქვეითებულ თუ უსინათლო მოთამაშეებზე, პოლონელი ემიგრანტების დაარსებულ გუნდ Polonia Hamburg-ზე, სადაც დღესდღეობით უკრაინელი ლტოლვილებიც თამაშობენ; გვიყვებიან Athletic Sonneberg-ზე (საფეხბურთო კლუბი ქემნიციდან), რომელიც სოლიდარობისა და ტოლერანტობის პრინციპზე დგას. გუნდი ღიაა განსხვავებული სქესისა თუ გენდერული იდენტობის მქონე მოთამაშეებისთვის.
ფილმში ნაჩვენები 11 საფეხბურთო კლუბი იმის კარგი ილუსტრაციაა, რომ ფეხბურთიც პოლიტიკური და ინკლუზიურია.


Reas

ლოლა არეასის პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი მიუზიკლის ელემენტებით, გვიყვება არგენტინის ქალთა კოლონიაზე. ესაა მსუბუქი იუმორითა და სევდით სავსე ამბავი პატიმრებზე.
მსახიობები ყოფილი პატიმრები არიან, რომლებსაც რეჟისორი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იცნობს, როცა ის ციხეში მუშაობდა. ყველა მათგანმა უკვე მოიხადა სასჯელი. ფილმში ისინი პატიმრებისა და ციხის ბადრაგის როლებს ინაწილებენ. ავთენტური გარემოს შექმნას ისიც უწყობს ხელს, რომ გადაღებები არგენტინის გარეუბანში, მიტოვებულ, რეალურ, ციხის შენობაში მიმდინარეობდა.
თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავს იყო უბრალოდ ქალი, ტრანსგენდერი ქალი ან სექს-მუშაკი ქალი არგენტინაში და რა ხდება, როცა განსხვავებული წარსულისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ქალები ციხეში ერთიანდებიან, სადაც მათ კანონი ათანასწორებს, ამ ფილმის ნახვას აუცილებლად გირჩევთ.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები და წარსულში პატიმრები, საკუთარ თავებს თამაშობენ, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ფილმი არაა იმპროვიზაციაზე აგებული და ის მთლიანად სცენარს მიჰყვება.
 


Commenti


bottom of page