ტექსტზე ძირითადად მუშაობდა ლიზა ალფაიძე.
ზოგიერთი რჩევის ავტორები არიან: ანი კილაძე, მარიამ თვალავაძე და მარიტა ლიპარტელიანი.
რომელი რჩევა რომელ ავტორს ეკუთვნის, თქვენ გამოიცანით!
თითქმის ოთხთვიანი დუმილის შემდეგ დავბრუნდით! სანამ ფილმების სიას შემოგთავაზებთ, გვინდა გითხრათ, რომ როდესაც 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს, როდესაც ქართული კინო და არამხოლოდ კინო, არამედ მთელი კულტურა საფრთხეშია, როდესაც ჩვენს მეგობრებს სამსახურიდან ათავისუფლებენ სიმართლის თქმის გამო, კინოზე წერა არასწორად და უადგილოდ მიგვაჩნდა. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ამ ფონზე ქართული კინო განაგრძობს არსებობას და მაყურებელს თავს აყვარებს, რადგან ჯერ კიდევ იმართება ფესტივალები, მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, კინოწარმოება ქვეყანაში არ ჩერდება, ჩვენც ვბრუნდებით, რათა გელაპარაკოთ კინოზე, განსაკუთრებით კი ქართულ კინოზე. სიმბოლურია, რომ ზუსტად იქ ვბრუნდებით, საიდანაც ეს არის კინოს არსებობა დაიწყო, 26 ნოემბერს თბილისის 24-ე კინოფესტივალი აიღებს სტარტს! წლევანდელი პროგრამა ძალიან შთამბეჭდავია, ამიტომ გირჩევთ ფილმებს, რომლებიც უკვე ნანახი გვაქვს და მოგვეწონა, რომლებიც ჯერ არ გვინახავს და ველოდებოდით, ან რომლებს არც ველოდით და უბრალოდ სახელმა ან სინოფსისმა მოგვხიბლა (დიახ, სამი მაინცაა ასეთი) Სიის რიგითობა შემთხვევითია, თუმცა აკი კაურისმიაკის ფილმით ვიწყებთ, რომელსაც ტექსტის ავტორთა ძირითადი ნაწილი ყველაზე მეტად ველოდებით.

Fallen Leaves - Aki Kaurismäki Fallen Leaves ზღაპრული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც თანამედროვე სამყაროში პარალელურ რეალობას ქმნის და მაყურებელს ამ რეალობაში ითრევს. ფილმის მთავარი გმირები ანსა და ჰოლაპა კაპიტალისტურ სამყაროში მუშათა კლასს წარმოადგენენ. პერსონაჟებს, როგორც სხვა ზღაპრებში, ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და უწევთ უეცრად შექმნილი დაბრკოლებების გადალახვა. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ერთმანეთს კარაოკე ბარში ხვდებიან, სწორედ მუსიკა ხდება ის მედიატორი, რომელიც შლის საზღვრებს დეკადებსა თუ კონტინენტებს შორის. კაურისმიაკი აბსურდული იუმორით, ძველებური მუსიკითა და საყვარელი პერსონაჟებით მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ სიყვარულისთვის არასდროსაა გვიანი და სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა ცივ და არეულ სამყაროში.

Perfect Days - Wim Wenders
ვიმ ვენდერსი მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რეჟისორია, ამიტომ მის უახლეს ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით. Perfect Days ტოკიოში მცხოვრები დამლაგებლის ყოველდღიურ რუტინასა და მის ცხოვრებაში მუსიკის მნიშვნელობაზე გვიყვება, როგორც შეფასებებიდან ვიგებთ, ფილმი პოეტური და მედიტაციური ფორმით, სამყაროში არსებული და ყურადღების მიღმა დარჩენილი მომენტების მშვენიერებას აკვირდება.

ღიმილიანი საქართველო - ლუკა ბერაძე
ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველოს” გამოსვლას მას შემდეგ ველოდი, რაც პროექტის არსებობის შესახებ გავიგე, როდესაც ფილმი ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ვნახე, მან არათუ გაამართლა ჩემი მოლოდინი, არამედ გადააჭარბა კიდეც. ალბათ ყველას გახსოვთ ძალიან უცნაური პოლიტიკური კამპანია, რომელიც პენსიონერებისთვის უფასო კბილის პროთეზების დამზადებას გულისხმობდა და მმართველი პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ლუკა ბერაძე სწორედ ამ კამპანიით დაზარალებულ ადამიანებზე გვიყვება. კომიკური ისტორია, რომელიც ამავდროულად საშინლად სევდიანია, გაგაცინებთ, აგატირებთ და ამავდროულად ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის ზუსტ სურათს წარმოგიდგენთ.

Àma Gloria - მარი ამაშუკელი ქართული წარმოშობის ფრანგ რეჟისორ მარი ამაშუკელს ქართველი მაყურებელი ჯერ არ იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები სხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებულია.
Àma Gloria 6 წლის კლეოსა და მისი ძიძის, გლორიას გულისამაჩუყებელი ისტორიაა,
რომელიც ჯერ ჩვენც არ გვინახავს, თუმცა ინტერესით ველოდებით!

Anatomy of a Fall - Justine Triet 2023 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულმა ფილმმა მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, ფილმი მწერალი ქალის, მისი გარდაცვლილი ქმრისა და მათი შვილის გარშემო ვითარდება, ქალი მკვლელობაშია ბრალდებული, მაყურებლისთვის კი უცნობია რეალურად უდანაშაულოა თუ არა ქალი.

About Dry Grasses - Nuri Bilge Ceylan
ჯეილანი ჩემი საყვარელი რეჟისორი ნამდვილად არ არის, თუმცა მისი უახლესი ფილმის ნახვას მაინც გირჩევთ, About Dry Grasses სტამბულიდან, ანატოლიის სოფელში სამუშაოდ გადასული მასწავლებლის გარშემო ვითარდება, ფილმი ნომინირებული იყო კანის კინოფესტივალზე, სადაც ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მერვე დიზდარი დაჯილდოვდა.

How To Have Sex - Molly Manning Walker მოლი მენინგ უოკერის ფილმს, მე პირადად ყველაზე მეტად ველოდები, სამი თინეიჯერი გოგოს ისტორია რეალურად ქალის სექსუალობაზე, სექსუალობის პოლიტიკაზე, თანხმობის მნიშვნელობასა და “რუხ სივრცეებზეა”, რომელთა არსებობაც ხშირად განსაკუთრებით ტრავმატულ გამოცდილებად იქცევა ხოლმე.

„ჯადოსნური მთა" - მარიამ ჭაჭია, ნიკ ვოიგთი
დოკუმენტური ფილმი „ჯადოსნური მთა" აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერის უკანასკნელი პაციენტების ცხოვრებასა და საუკუნოვანი შენობის ბოლო დღეებს ასახავს. მარიამ ჭაჭიამ აბასთუმნის შესახებ პირველად მაშინ შეიტყო, როცა ტუბერკულოზი დაუდგინდა. გაუმართლა, 6 თვეში გამოჯანმრთელდა და აბასთუმანში სამკურნალოდ წასვლა აღარ დასჭირვებია. რადგან მაგიური მთა ღამის კოშმარებში მაინც არ ასვენებდა, გადაწყვიტა, კამერით წასულიყო მასთან შესახვედრად. პირადი ამბით დაწყებული ფილმი, საბოლოოდ საქართველოს თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვან დოკუმენტად გადაიქცა.
„ჯადოსნური მთა" მარიამის კოშმარული სიზმრებიდან იწყება და ქვეყნის კოშმარული რეალობით მთავრდება. რეალობით, რომელშიც მდიდარ ოლიგარქს შეუძლია, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს საუკუნოვანი შენობა და დაისაკუთროს მთა. ანუ გაანადგუროს და დაეპატრონოს ისტორიას.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიუნხენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა. „ჯადოსნურმა მთამ" უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება: ერევანში, Golden Apricot Yerevan International Film Festival-ზე ვერცხლის გარგარის მფლობელი გახდა; DocsBarcelona-ზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა; მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალ MakeDox-ზე კი Young Onion Award დაიმსახურა.

When the Waves Are Gone - Lav Diaz
ჯეილანის მსგავსად, არც ლავ დიაზზე ვგიჟდები, თუმცა მგონია, რომ მისი ფილმი მაინც აუცილებლად უნდა ვნახო.
When the Waves Are Gone გამომძიებლისა და მისი მორალური დილემის შესახებ მოგვითხრობს, ფილმს გამოარჩევს ფილმ-ნუარისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა, რეჟისორისთვის უკვე ტრადიციად ქცეული გრძელი კადრები და ცვალებადი რაკურსი.

Our Body - Claire Simon
კლერ სიმონი ეროზირებულ ლანდშაფტს იკვლევს, სადაც მხოლოდ გაბედული ყვავილი შეძლებს ამოსვლას. ნიადაგი პატრიარქალურმა წყობამ მოწამლა და ქალის სხეული გასაჩანაგებელ, უნაყოფო ბაღად გამოაცხადა. კლერ სიმონის ფილმში ქალის სხეული კოლექტიურ ხასიათს იძენს, თითქოს ეკრანი რეციპიენტზე ფიზიკურად ზემოქმედებს და მოსალოდნელია, რომ მაყურებელს ხშირად ასტკივდეს სხეულის ის ნაწილი, რომლის მოწყვლადობასაც კინოთეატრის სავარძელს მიჯაჭვული შეაფასებს.

ავტოპორტრეტი ზღვარზე - ანნა ძიაპშიპა
ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე” მოგონებებსა და პირად არქივზე აწყობილი კინო ესსეა, რომელიც თითქოს ავტორის ცნობიერების ნაკადს გვაცნობს. რეჟისორი, რომელიც მთხრობლის როლსაც ითავსებს, საოცარი პოეტურობით გვესაუბრება სამოქალაქო ომზე, მის შედეგად გაყოფილ იდენტობასა თუ სხეულის პოლიტიკაზე.

Comments