top of page
ლიზა ალფაიძე

არ გვეღიმება!


ქართულ კინოში სოციალური თემატიკა ხშირად გვხვდება, მეტიც, თითქმის ყოველი მეორე კინო სიღარიბეზე, ნარკომანიასა და ოჯახურ ძალადობაზეა, თუმცა სიუჟტები იმდენად მსგავსია, რომ ზოგჯერ ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი ხდება. ამ დროს, რუსუდან ჭყონია ფილმში “გაიღიმეთ” ახერხებს, რომ სრულიად განსხვავებული ენით გადმოსცეს სათქმელი და ქართული ფემინისტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში შექმნას.


“გაიღიმეთ” გვიყვება ისტორიას ათი ქალისა, რომლებიც დედების სილამაზის კონკურსში მონაწილეობენ, პრიზი 25 000 დოლარი და ბინაა. თითოეულ პერსონაჟს განსხვავებული მიზანი ამოძრავებს, თუმცა გამარჯვება ყველასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ძირითადად ექვს ქალს ვეცნობით - სიღარიბეში მცხოვრებ გვანცას, რომელიც ყოფილი ვუნდერკინდია, თუმცა წლებია ვიოლინოზე ვეღარ უკრავს. მისთვის მოგებაზე მნიშვნელოვანი კონკურსის ფინალში დაკვრაა. ინგას - გვანცას მეზობელს, რომლისთვისაც ფულადი ჯილდო ცხოვრების გაუმჯობესების გარანტიაა. ირინას - ოთხი შვილის დედას, რომელიც ბანკის ვალებისა და თამაშდამოკიდებული ქმრის გამო ბინას კარგავს. ელენეს - აფხაზეთიდან დევნილს, რომლის ოჯახიც 17 წელია საავადმყოფოს პალატაში ცხოვრობს. ბაიას - კონკურსის სპონსორის ცოლს, რომელსაც უნდა, რომ წარმატებას ქმრის გარეშე მიაღწიოს და თამუნას - ქალს, რომელსაც დაბერების და ცხოვრებაში ფუნქციის დაკარგვის ეშინია.


რეჟისორი შეუდარებლად ახერხებს, რომ ერთი მხრივ სილამაზის კონკურსების სიმახინჯე, მეორე მხრივ კი გამეფებული პატრიარქალური კულტურა გააკრიტიკოს. ის ძალიან საინტერესოდ გვაცნობს თითოეულ ქალს, თხრობა კონკურსის პირველი დღით იწყება, შემდეგ კი მოქმედება ქალების ოჯახებში გადაინაცვლებს, სადაც ისინი ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში არიან ჩართულნი. ფილმში რამდენიმე კონფლიქტს ვხვდებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკურსის დამფუძნებლის, მონაწილეებისა და ჟიურის თავმჯდომარის, ოთარის, დაპირისპირებაა. ოთარი არ არის უბრალოდ უარყოფითი პერსონაჟი, ის პატრიარქალური კულტურის განსხეულებაა, რომელიც ქალებს ამცირებს, მათზე ძალადობს ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად, ბოლოს კი - სექსუალურადაც.

განსაკუთრებით საინტერესო ორი პერსონაჟის, ინგასა და გვანცას უთანხმოებაა. ინგა და გვანცა მარტოხელა ქალისა და დედის ორ სტერეოტიპულ, საწინააღმდეგო სახეს წარმოადგენენ. ინგა ქვრივია, იდეალური დედა, კარგი მზარეული და ერთგვარი პატიოსნების სიმბოლო, რომელიც პირველ რიგში დედაა, შემდეგ კი - ქალი. გვანცა ახალგაზრდა მარტოხელა ქალია, რომელიც ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ყველა პრობლემას, მას არ სურს, რომ საკუთარი იდენტობა და სექსუალობა დაკარგოს და მხოლოდ დედა იყოს, გვანცა არის პირველი, ვინც კონკურსის აბსურდულობის წინააღმდეგ იღებს ხმას, მისი თავისუფლება გამაღიზიანებელია სხვა ქალებისთვის, კაცები კი არასერიოზულად აღიქვამენ. ინგას და გვანცას ურთიერთდაპირისპირების დასასრული იწყება ყველაზე ინტიმურ, მშვიდ მომენტში. ქალები სახლებში არიან და შვილებს აძინებენ, გვანცას ესმის ინგას იავნანა და სიმღერას ვიოლინოს აყოლებს, დროებით ქალებს შორის მტრობა ქრება და გულწრფელი ჰარმონია მყარდება.


ფილმის პერსონაჟებს შორის არაერთხელ იქმნება დაძაბულობა, თუმცა რეჟისორი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ქალები რეალურად ერთ მხარეს წარმოადგენენ. ფილმის ერთ-ერთ ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ რეჟისორი ქალია, რომელმაც ზუსტად იცის ქალად ცხოვრების ყველა სირთულე და უმცირეს, პრაქტიკულად შეუმჩნეველ სცენებშიც კი ახერხებს ამის გადმოცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ნარატივი ფემინისტურია, ყველასთვის საერთო პრობლემებიც არ არის უყურადღებოდ დარჩენილი, ფილმში მუდმივად იგრძნობა ქვეყნის სოციალური ფონი და მაშინაც კი, როდესაც სიუჟეტი სულ სხვა თემაზეა, არ იცვლება ატმოსფერო, მაყურებელს არ ეძლევა საშუალება, რომ დაავიწყდეს, თუ როგორი სიღარიბეა საქართველოში. გარდა ამისა, “გაიღიმეთ” პირდაპირ აკრიტიკებს მედიას და მის ყველაზე შემზარავ თვისებას, ყურადღების მიპყრობის მიზნით, სხვისი პირადი ტრაგედიის სანახაობად გადაქცევას.


რუსუდან ჭყონია ნაკლებად საუბრობს ქალების ისეთ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი დისკურსის ზედაპირზეა და ცდილობს, ადამიანის ცნობიერში ღრმად დამარხული საკითხების წამოწევას. ის უნაკლოდ ახერხებს სიშიშვლეზე საუბარს, რომელსაც მუდმივად ქალების წინააღმდეგ იყენებდნენ, დღესაც იყენებენ და რა თქმა უნდა, იყენებს სილამაზის კონკურსიც. მიუხედავად პირობისა, ქალებს აიძულებენ სცენაზე საცურაო კოსტიუმებით გამოსვლას, ირინას შიშველ ფოტოს ჟურნალის ყდაზე ბეჭდავენ, თუმცა სიშიშვლევე მოულოდნელად იქცევა ქალების იარაღად, როდესაც გაბრაზებული გვანცა სცენაზე გაიხდის და კონკურსს პრაქტიკულად ჩაშლის. შეიძლება ითქვას, რომ კონკურსის მონაწილე თითოეული ქალი, თითო პრობლემას განასახიერებს. მაგალითად, ბაიას ბევრი ქალისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი აწუხებს, მას საკუთარი შვილები თვითონ არ გაუჩენია, რის გამოც, სხვა დედები ზემოდან უყურებენ და თანასწორად არ მიიჩნევენ. ფილმში არის კიდევ ერთი გამორჩეულად საინტერესო, პრაქტიკულად ეპიზოდური როლის მქონე პერსონაჟი, ლიზა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით აქვს ხმა დაკარგული, ის არის ქალი, რომელიც საკუთარი დედის გავლენიდან ვერ გამოდის, სულ ჩუმადაა და ზრდასრულიც კი დედის სურვილებს ემორჩილება, სიმბოლურია, რომ ლიზა ხმას იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალების პროტესტი უმაღლეს ნიშნულს აღწევს.


ფემინისტურ თეორიაში არსებობს ტერმინი - Male Gaze, რომელიც აღწერს ვიზუალურ ხელოვნებაში, ლიტერატურაში, პოლიტკასა თუ უბრალოდ საზოგადოებაში, ქალის ასახვის მეთოდს, რომელიც მორგებულია კაცის თვალთახედვას. რუსუდან ჭყონია საუკეთესო ფორმით უპირისპირდება ამ ხედვას, ის კონკურსის სახით გამოხატავს სამყაროს, რომელიც ცდილობს რომ ქალები ჩარჩოში მოაქციოს. ამვდროულად კი ქალებს მაქსიმალურად ბუნებრივად გვაჩვენებს, მათ არ აქვთ სილამაზის სტანდარტით დადგენილი იდალური სხეულები, ისინი ბრაზდებიან, ჩხუბობენ, ბავშვის ტირილზე ლაქტაცია ეწყებათ და რეალურად, საერთოდ არ სურთ, რომ მამაკაცის მზერის საამებლად ცხოვრობდნენ.


ტრაგიკული მარათონი, რომელსაც დედების სილამაზის კონკურსი წარმოადგენს, კულმინაციას საფინალო შოუზე აღწევს, გვანცას, რომელიც წლების შემდეგ პირველად უკრავს სცენაზე, დაკვრას აწყვეტინებენ, ქალს საბოლოოდ ამოეწურება მოთმინება, სცენაზე შიშვლდება, კონკურსს შლის და შემდეგ კულისებში ვენებს იჭრის, ქალები მას სისხლის გუბეში პოულობენ. სწორედ ამ დროს თამაშდება ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური სცენა, დასახიჩრებული ქალის პოვნის შემდეგ, ინგა, რომელსაც გვანცა მთელი ცხოვრება სძულდა, იწყებს ტირილს, გაბმულ, შემზარავ, გულისმომკვლელ ტირილს, ისეთს, როგორითაც მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანი შეიძლება დაიტირო, შემდეგ კი გვანცას შეშინებულ შვილებთან ერთად ტოვებს კონკურსს. კონკურსი გამარჯვებული დედის გარეშე სრულდება, ქალები სცენაზე აღარ გადიან, გვანცას სუიციდი ქალების კოლექტიური გამარჯვების მიზეზი ხდება გაუბედურებული ბავშებისა და სავარაუდოდ გარდაცვლილი ახალგაზრდის ფასად, ქალები პატრიარქატს ნაწილობრივ მაინც ამარცხებენ. ფილმი მთავრდება ძალიან ირონიული სიმღერით, რომელიც მოგვიწოდებს, რომ გავიღიმოთ, მაგრამ ქალებს არ გვეღიმება!

Comments


bottom of page