ისეთ განვითარებად ქვეყნებში როგორიც საქართველოა, ყოველ ახალ ინვესტიციას და ინიციატივას, რომელსაც შესაძლოა ეკონომიკური ზრდა მოჰყვეს, დიდი ოვაციებით ხვდებიან. პოლიტიკოსები აკეთებენ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს, საუბრობენ “საუკუნის პროექტებსა” და ნათელ მომავალზე, თუმცა ყოველთვის ივიწყებენ ადამიანებს, რომელებსაც ეს პროექტები უშუალოდ ეხებათ და რომელთა ცხოვრებაც კონკრეტული ინიციატივის გამო შესაძლოა სრულიად შეიცვალოს. ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის “გვირაბი” სწორედ ამ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას.
ყველაფერი იდილიურად იწყება, ვეცნობით ზემო იმერეთის ულამაზეს ბუნებას და ხანშიშესულ ქალს, რომელიც ჭინკებზე გვესაუბრება, სოფელ ზვარეს და რკინიგზის სადგურს, სადაც დრო გაჩერებულია. მალევე ირკვევა, რომ ლამაზი ბუნებისა და სოფლის სიმშვიდის მიღმა მძიმე სოციალური ფონი და გადაუჭრელი პრობლემები იმალება. ჩინური პროექტის, “ახალი აბრეშუმის გზის” ფარგლებში, ზვარეში შენდება გვირაბი, რომელიც ანადგურებს ფლორასა და ფაუნას, სოფლის მოსახლეობას კი არავინ უსმენს.
დოკუმენტურ კინოში რთულია სიღარიბისა და უიმედობის ისე ასახვა, რომ ემპათიასა და შეცოდებას შორის არსებული საზღვარი არ გადაიკვეთოს, ან სიღარიბის რომანტიზაცია არ მოხდეს, რეჟისორები ჩინებულად იცავენ ამ ზღვარს.
ფილმს არ ჰყავს ძირითადი მთავარი პერსონაჟი, თუმცა ცალსახად გამოკვეთილია, რომ პროტაგონისტები ზვარეს მოსახლეები არიან, ანტაგონისტს კი ჩინური კომპანია წარმოადგენს, ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი პირდაპირ უჭერენ მხარს სოფლის მაცხოვრებლებს, თუმცა ამავდროულად სრულ ობიექტურობას ინარჩუნებენ “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტთან მიმართებაში და მის ავკარგიანობაზე არ გვესაუბრებიან.
“გვირაბში” რამდენიმე პრობლემაა წამოწეული, პირველი ეკოლოგიური ზიანია, რომელიც მშენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს, მეორე ის, რომ ზოგიერთ ადამიანს მეწყრის საფრთხის გამო სახლის დატოვება შეიძლება მოუხდეს, ყველაზე მძიმე კი, დამსაქმებლის დამოკიდებულებაა მშენებლობაზე დასაქმებულებისადმი. კომპანია თანამშრომლებს არ უქმნის უსაფრთხო გარემოს, თანამშრომლები დროდადრო აპროტესტებენ უფლებების დარღვევას და იფიცებიან, თუმცა უშედეგოდ. პერიოდულად დაძაბულობა პიკს აღწევს და მხარეები ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდიან, მაგრამ საბოლოოდ არაფერი იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ “გვირაბში” მრავალ კონკრეტულ საკითხს ვეცნობით, მთავარი რამ, რაც ფილმს საინტერესოს ხდის სრულიად აბსტრაქტულია. რეჟისორები საოცარი სიზუსტით ახერხებენ გადმოსცენ ის სტატიკური ატმოსფერო, რომელიც სოფელშია გამეფებული.“გვირაბს” ხუთი წლის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა რომ არა სეზონების ცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა აღქმა, რომ დრო გადის. ზვარე ლამაზი, მთებში მოქცეული სოფელია, მაგრამ გარემო ძალიან დეპრესიული, პერიოდულად კი კლაუსტროფობიულია. სოფლის ყოველდღიურობის ნაწილია მეწყრისა და უსახლკაროდ დარჩენის შიში, ამ შიშთან ერთად ცხოვრება ხალხისთვის ნორმადაა ქცეული.
ვანო არსენიშვილი, რომელიც რეჟისორთან ერთად ოპერატორის როლსაც ირგებს, საუკეთესოდ ახერხებს, რომ ყოველთვის მოზომილი იყოს. “გვირაბში” სამი გარდაცვალების სცენაა,მაგრამ ოპერატორი არც ერთხელ არ იჭრება პირად სივრცეში, არ გვაჩვენებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ემოციებს და არ ცდილობს ტრაგედიით მანიპულირებას.
როგორც აღვნიშნე, ძირითადი სიუჟეტური ხაზი კონკრეტულ კონფლიქტს მიჰყვება, მაგრამ მაყურებელი თითქმის არ ეცნობა ჩინურ მხარეს, რაც “გვირაბის” კიდევ ერთ ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ. სოფლის მოსახლეობასა და ჩინელ დამსაქმებელს შორის ენის ბარიერია, მათ ერთმანეთის არ ესმით და მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში ცხოვრობენ, შეუძლებელია, ასეთ ყოფას თანაცხოვრება ვუწოდოთ. ფილმში კომპანიის წარმომადგენლების არყოფნა ზუსტად ასახავს იმ უფსკრულს, რაც დაპირისპირებულთა შორისაა გაჩენილი.
“გვირაბი” იმდენად მძიმე რეალობაზე გვესაუბრება, რომ ზოგჯერ სიტუაციის აბსურდულობა სასაცილოც კი ხდება. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს უბრალოდ არ აინტერესებს, მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას პერიოდული გაფიცვით, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე ძროხებს აბალახებენ, სოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან კავშირისთვის კი რკინიგზის სადგურზე იკრიბებიან.
ფილმი დოკუმენტურია, თუმცა მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი პოეტურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით დასრულებისას, როდესაც ოპერატორი სხვადასხვა რაკურსით გვაჩვენებს მატარებელს, რომელიც ზვარეში სიცოცხლისა და მოძრაობის ერთადერთი ნაპერწკალია.
კინოს, განსაკუთრებით კი დოკუმენტურ კინოს, აქვს უნარი, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანოს, “გვირაბი” თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღების მიპყრობა სახელმწიფოსგან დავიწყებულ, გვირაბის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებზე, გვირაბის, რომლის ბოლოშიც სინათლე არ მოჩანს.
Comentarios